ახლა მაინც გაანებეთ თავი ლუგარის ლაბორატორიას! - ანუ რუსეთის მორიგ აბსურდულ ბრალდებებს ბოლო არ უჩანს - კვირის პალიტრა

ახლა მაინც გაანებეთ თავი ლუგარის ლაბორატორიას! - ანუ რუსეთის მორიგ აბსურდულ ბრალდებებს ბოლო არ უჩანს

კორონავირუსის პანდემიის აფეთქების წინაშე მდგარი რუსეთის ხელისუფლება თავისას არ იშლის და ისევ ლუგარის ლაბორატორიაზე ჭორებს გვივრცელებს...

17 აპრილს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ პენტაგონმა საქართველოს ხელისუფლებას ლუგარის ცენტრში მიმდინარე ცდების დიაპაზონის გაფართოება შესთავაზა და არ უნდა გამოირიცხოს, რომ მსგავს ლაბორატორიებში და განსაკუთრებით, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, ამერიკელების მიერ სხვადასხვა სახიფათო დაავადებების შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა…

კრემლის ბინადართა მხრიდან საქართველოში მოქმედი "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის", რომელსაც ლუგარის ლაბორატიადაც მოიხსენიებენ, წინააღმდეგ მორიგი საინფორმაციო დარტყმების განხორციელება არ ახალია, ასე გრძელდებოდა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, მაგრამ დღეს, როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა, რუსეთის ხელისუფლებისგან ახალი ბრალდებების გაჟღერება ამ მისამართით, უკვე მეტისმეტია.

ლუგარის ლაბორატორიამ და იქ მომუშავე გმირმა მეცნიერებმა და ექიმებმა მიიღეს პირველი დარტყმა ამ უხილავი მოწინააღმდეგისგან და რომ არა ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის გამოსავლენად ოპერატიულად ჩატარებული ანალიზები ,ვინ იცის დღეს საქართველოში რამდენად მეტი კორონავირუსიანი პაციენტი გვეყოლებოდა.

ყველაზე გულისამრევი კი იცით რა არის - ლუგარის ლაბორატორიაში ამერიკელებთან ერთად ბიოლოგიური იარაღის შექმნის ბრალდებას ცდილობს ის რუსეთი, რომელიც დღემდე განსაკუთრებულ გასაიდუმლოებულ პირობებში თავად აგრძელებს საბრძოლო ვირუსებზე მუშაობას იმ სამხედრო-ბიოლოგიურ ცენტრებში, რომლებიც მემკვიდრეობით დარჩა საბჭოთა კავშირიდან!

იმ საბჭოთა კავშირიდან, რომელმაც 41 წლის წინ, 1979 წლის აპრილში საკუთარი მოქალაქეები დახოცა ციმბირის წყლულის სპეციალურად გამოყვანილი საბრძოლო ბაქტერიებით ქალაქ სვერდლოვსკში(დღევანდელ ეკატერინბურგში), როდესაც ინცინდენტის შემდეგ მიწისქვეშა სამხედრო ლაბორატორიიდან ამ საშიშმა ბაქტერიებმა გარეთ ჰაერ-წვეთოვანი გზით გააღწიეს და გამვლელები დააინფიცირეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის "მოლაპარაკე თოჯინას" - მარია ზახაროვას, რა თქმა უნდა, თავად არ გაახსენდებოდა ლუგარის უკვე მოყირჭებული თემა, ამის დავალებას მას ლავროვი მისცემდა, რომელსაც ალბათ თავად პუტინი უკარნახებდა, მაგრამ რატომ დასჭირდა პუტინს ისევ თბილისის ლუგარის თემის აგორება?

ჩენი აზრით, ეს დაკავშირებულია დიდ პოლიტიკასთან - მას შემდეგ, რაც ჯერ აშშ-მა, შემდეგ კი ევროპის ქვეყნებმაც ეჭვი მიიტანეს, რომ კორონავირუსის ეპიდემია უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან კი არა, არამედ ხუთიოდე კმ-ში მდებარე უხანის ვირუსოლოგიური ლაბორატორიიდან "გამოიქცა", კრემლმა თავისი მხრიდან საპასუხო დარტმა მიაყენა ამერიკელებს და მათ რუსეთის საზღვრებთან და მათ შორის საქართველოშიც, ბიოლოგიური იარაღის შემქმნელი ლაბორატორიების დაფინანსება დააბრალა...

საგულისხმოა, რომ მარია ზახაროვას მორიგ გამოხტომას წინ უძღოდა რუსეთისა და ჩინეთის ხელმძღვანელების სატელეფონო საუბარი და გასაგებია, რომ ვაშინგტონთან დაძაბულობის გაღრმავების ფონზე, პეკინი მოსკოვს გარკვეულწილად უახლოვდება(თუმცა ჩინეთის სტრატეგიული ინტერესები შორეულ აღმოსავლეთში, წესით კრემლში უნდა აშინებდეთ), მაგრამ დიდ პოლიტიკაში მერამდენედ უნდა გაიჭყლიტოს პატარა საქართველო, რომელსაც აშშ-ის გარდა ჩინეთთანაც საუკეთესო ურთიერთობები აქვს?!

არის მეორე მიზეზიც - საქართველოს ლუგარის ლაბორატორიაზე ახალი ბრალდებებით, კრემლის ბინადარნი ცდილობენ რუსეთის მოსახლეობის ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანონ, რადგან რუსეთის ფედერაცია სერიოზული პრობლემების წინაშე დგას-რუსეთში მოპოვებული ნავთობის გასაყიდი ფასი მსოფლიო ბირჟებზე 15 დოლარამდე დაეცა, რაც მისი ეკონომიკისთვის კატასტროფის ტოლფასია და მეორეც - ყოველდღიურად რუსეთში ოთხი ათასზე მეტი ადამიანი ინფიცირდება კორონავირუსით, ხელისუფლებას სიტუაციის გაკონტროლება ძალიან უჭირს, განსაკუთრებით კი მოსკოვში...

პ.ს. ყველაფერი იმის ფონზე, რაც კორონავირუსის პანდემიამ უკვე დაგვანახა, თუკი საქართველოში ვინმეს კიდევ ენა მოუტრილდება რაიმე ჭორი გაავრცელოს თბილისის ლუგარის ლაბორატორიაზე, ის ან შეურაცხადი იქნება ან მართლაც რუსეთის ოფიციალური პროპაგანდის დავალებას ასრულებს, რისთვისაც კანონის წინაშე გახდება პასუხისმგებელი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს