სად გაქრა ჩინელი მკვლევარი და "გამოიქცა" თუ არა ახალი კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან? - კვირის პალიტრა

სად გაქრა ჩინელი მკვლევარი და "გამოიქცა" თუ არა ახალი კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან?

"საგულისხმოა, რომ იმავე უხანში ასევე მდებარეობს "უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი", რომელსაც ბიოუსაფრთხოების მეოთხე დონე აქვს მინიჭებული (ჩვენი ლუგარის ცენტრი ბიოუსაფრთხოების მესამე დონეს აკმაყოფილებს), მაშინ როდესაც "დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის უხანის ცენტრი", ბიოუსაფრთხოების მეორე დონის გახლავთ, ანუ ბიოლოგიური დაცვის ბევრად ნაკლები დონე გააჩნია და არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ლაბორატორიებიდან "გამოქცეულიყო" ან თავად დაინფიცირებული ღამურა ან მისგან აღებული კორონავირუსის სინჯები ქალაქში აღმოჩენილიყო. თუმცა, ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ უსაფრთხოების წესების დარღვევვის გამო ლაბორატორიაში მომუშავეებიდან ვინმე დაინფიცირდა და შემდგომ, უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარში სხვებს გადასდო კორონავირუსი", - ეს ამონარიდი "კვირის პალიტრის" 13 აპრილის სტატიიდანაა (იხილეთ:  "მღვიმედან ძალით გამოყვანილმა "კორონაღამურამ" მთელ მსოფლიოს გადაგვიფრინა..."), რომელშიც გამოვთქვით ვერსია,რომ ახალი კორონავირუსის პანდემია სწორედ "დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის უხანის ცენტრდან" გავრცელდა, სადაც ღამურებზე საშიშ ექსპერიმენტებს ატარებდა ცნობილი ჩინელი მკვლევარი ტიანია ცზიუნჰუა და "ნულოვანი" დაინფიცირებული შეიძლება სწორედ ის გახდა, მითუმეტეს რომ დღეს ეს მეცნიერი უბრალოდ "გაქრა".

დღეს ჟურნალისტები ეძებენ მის კვალს, მაგრამ ვერ პოულობენ, მისი სამსახურის ვებგვერდზე კი გაქრა ინფორმაცია მკვლევრის შესახებ, თითქოს მას არასდროს უმუშავია დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის უხანის ცენტრში.

ათიოდე დღის წინ ჩვენს მიერ გამოთქმული ეს ვერსია, ფაქტობრივად, გაამაგრა ცნობილი ამერიკული მედიასაშუალების Fox News -ის მიერ 16 აპრილს გავრცელებულმა სენსაციურმა ინფორმაციამ - ახალი კორონავირუსით დაავადებული პირველი ადამიანი უხანის ორი ლაბორატორიიდან ერთ-ერთში მუშაობდა, სადაც დაინფიცირდა ღამურებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს და შემდგომ ეს ინფექცია თავისუნებურად ქალაქ უხანში გაავრცელა. ლაბორატორია უხანში

ამერიკელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ თავდაპირველად გავრცელებული ვერსია, თითქოს ვირუსი უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან წამოვიდა, ჩინეთის სპეცსამსახურების მიერ სპეციალურად გავრცელებული, გადაფარვის "ფეიკინფორმაცია" გახლდათ, რათა უხანის ლაბორატორიებიდან აეცილებინათ ეჭვი. ამასთანავე, როგორც ირკვევა, უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარში ღამურის ხორცი არასდროს გაუყიდიათ...

Fox News - ის სპეციალური გამოძიება უშვებს, რომ უხანის ლაბორატორიებში არ ხდებოდა ბიოლოგიური იარაღის შექმნა, ხოლო ღამურებზე ასეთი მრავალჯერადი, საშიში ცდების ჩატარება იმით იყო გამოწვეული, რომ ჩინელ მეცნიერებს, სახელმწიფოს დავალებით, სურდათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვირუსოლოგები გამხდარიყვნენ და ჩინეთს ამ მხრივ პირველი ადგილი დაეკავებინა დედამიწაზე.

ჩვენი ვერსიით, თუკი ახალი კორონავირუსი მართლაც ჩინური ლაბორატორიიდან გამოიქცა, ეს იქნებოდა უფრო "დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის უხანის ცენტრი", რომელსაც ბიოუსაფრთხოების მხოლოდ მეორე დონე აქვს და სულ ხუთიოდე კმ-შია უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან (საიდანც უკვე მასობრივად წავიდა ვირუსის გავრცელება), ვიდრე "უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი", რომელსაც უმაღლესი, მეოთხე დონის ბიოუსაფრთხოების კატეგორია აქვს მინიჭებული.

ჩვენს ვარაუდს ასევე ამყარებს, ცნობილი ბრიტანული გამოცემის Daily Mail - ის ჟურნალისტური გამოძიებაც, რომლის თანახმადაც ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში თავად "სამხრეთ-ჩინეთის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა" თავის საიტზე დადო მოსაზრება, რომ ახალი კორონავირუსის კვალი "დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის უხანის ცენტრიდან" იწყებოდა,მაგრამ პუბლიკაციიდან მალევე ეს სტატია საიტიდან გაქრა.

ჩინეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს, რომელიმე ჩინური ლაბორატორიიდან იმ კატასტროფული პანდემიის დაწყებას, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის და არცთუ დიდი წარმატებით, თუმცა ასეთი პოზიცია გასაგებია, მითუმეტეს, რომ დასავლელი ლიდერების მტკიცებით, ჩინეთის მთავრობა 2019 წლის დეკემბერში ყველა ღონეს ხმარობდა, რომ მიეჩუმათებინა ქალაქ უხანში დაწყებული ახალი კორონავირუსის ეპიდემია. მაშინ, რომ 12 მლნ-ინი ქალაქი უხანი ჩინეთის ხელისუფლებას საიმედოდ ჩაეკეტა,  ეპიდემია დღეს პანდემიად არ იქცეოდა...

იხილეთ ასევე: უხანის იმ ლაბორატორიის ფოტოები, საიდანაც შესძლოა ახალი კორონავირუსი გავრცელდა

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს