როგორ შემოაღწია მაღალრადიაქტიურმა იზოტოპებმა საქართველოში ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ? - კვირის პალიტრა

როგორ შემოაღწია მაღალრადიაქტიურმა იზოტოპებმა საქართველოში ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ?

მსოფლიომ რესპირატორითა და პირბადით სახედაფარული ხალხის დიდი მასები ტელევიზიით პირველად ზუსტად 34 წლის წინ იხილა, როდესაც 1986 წლის 26 აპრილის გამთენიისას, ჩერნობილის ატომურ სადგურზე საშინელი კატასტროფა მოხდა.

ეს იყო დედამიწაზე ყველზე მსხვილი ტექნოგენური კატასტროფა დაკავშირებული ბირთვული ენერგიის გამოყენებასთან, რომელიც გარკვეულწილად, მხოლოდ 2011 წლის 11 მარტს, იაპონიის ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა ავარიამ გადაფარა.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ბლოკის დანგრეული შენობა და იქიდან ატმოსფეროში ამომავალი მაღალრადიაქტიური იზოტოპების ღრუბლების ფოტოსურათის ნახვაც კმარა იმის წარმოსადგენად,თუ რამხელა განსაცდელის წინაშე დადგა არა მარტო საბჭოთა უკრაინა, ბელორუსია თუ აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორია, არამედ შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაწილი, საითაც ქარმა წამოიღო მაღალრადიაქტიური იზოტოპები.

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ხაზით, უკრაინის ჩრდილოეთი ნაწილიდან, ქალაქ პრიპიატიდან, სადაც მდებარეობს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრამდე არანაკლებ 1 160 კმ-ია, კატასტროფიდან მეხუთე დღეს, 1-ლი მაისისთვის, რადიაქტიური იზოტოპების ნაწილმა საქართველოს დასავლეთ ნაწილში შემოაღწია და რომ არა წვიმები, ის საქართველოს უფრო მეტ ტერიტორიასაც დაფარავდა.

  ჩერნობილის დანგრეული მეოთხე ატომური ბლოკიდან ამომავალი რადიაქტიური ღრუბელი...

მაშინ ჩერნობილის რადიაქტიურმა "წვიმამ" ყველაზე მეტად აფხაზეთი დააზიანა, განსაკუთრებით კი ახალ ათონსა და ბიჭვინთაში მკვეთრად მოიმატა რადიაციულმა დონემ, თუმცა ეს დიდი საბჭოთა სახელმწიფოს საიდუმლო იყო და ამის შესახებ არც ადგილობრივ მოსახლეობას და არც ათასობით დამსვენებელს არავინ შეატყობინა. მალულად რადიაქტიური ნიადაგის ზედა ფენაც კი მოხსნეს ყველაზე საშიშ ადგილებში, რაც შემდგომ რუსეთში უნდა გაეტანათ რადიაქტიური ნარჩენების სამარხში, მაგრამ ეს აღარ გააკეთეს.

გარდა ამისა, ჩერნობილის კატასტროფიდან თვეების შემდეგაც, საქართველოში, ისევე,როგორც საბჭოთა კავშირის სხვა ნაწილებში, იგზავნებოდა საქონლის ხორცი, რომელსაც რადიაქტიურად იყო დაბინძურებული.

როგორც ვლადიმერ რუსეცკი, რადიაქტიური ნარჩენების სამარხის (რომელიც სოფელ სააკაძესთანაა განთავსებული) ყოფილი უფროსი იხსენებდა, მათმა რადიაციული უსაფრთხობის ჯგუფმა მოახერხა მთელი სარკინიგზო ეშელონის შეჩერება გორის რკინიგზის სადგურთან, რადგან ვაგონებში დაწყობილი გაყინული საქონლის ხორცის რადიაქტიური ფონი აღემატებოდა დასაშვებს და ის ძალზე სახიფათო გახდებოდა ადამიანებისთვის. ეს საშიში ტვირთი კი იქნა ამოღებული და დამარხული, მაგრამ ვინ იცის რამდენმა ასეთმა საშიშმა, რადიაქტიურმა საკვებმა მოაღწია მაშინ ქართულ სუფრებამდე, ისევე, როგორც რადიაქტიურად დაბინძურებულ ქართულ ჩაის სვამდნენ მაშინ დანარჩენ საბჭოთა კავშირში... თელავიდან გაგზავნილი მი-26 ჩერნობილის დანგრეული ატომური რეაქტორის თავზე

კიდევ ერთი წყარო, რომლითაც ჩერნობილის რადიაქტიურმა იზოტოპებმა საქართველოში ჩამოაღწიეს, უკავშირდება თელავის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენების საავიაციო პოლკს.

თელავიდან ჩერნობილში გაგზავნილი, მსოფლიოში უდიდესი მი-26 ტიპის შვეულმფრენებმა 1986 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით უშუალოდ დანგრეული ატომური რეაქტორის თავზე, დაბალ სიმაღლეზე 125 გაფრენა განახორციელეს.

ბუნებრივია ამ შვეულმფრენების ფიუზელაჟებმა და კონსტრუქციის სხვა ნაწილებმაც მიიღეს მაღალი რადიაქტიური დასხივება. მართალია, უკან თელავში დაბრუნებამდე მოხდა მათი არაერთგზის გარეცხვა სხვადასხვა სადეზინფექციო ხსნარებით, მაგრამ დიდი ალბათობით, მათ რადიაქტიური იზოტოპების ნაწილი მაინც ჩამოიტანეს თელავში. ეს პოლკი თელავიდან მხოლოდ 1993 წლის 1-ლ იანვარს გაიყვანეს რუსეთში, ანუ თითქმის შვიდი წლის განმავლობაში ქართულ ცაში ინტენსიური ფრენების დროს, ჩერნობილში ნამყოფი ეს შვეულმფრენები რადიაქტიური იზოტოპების ნაწილს (რომელთა ნახევარდაშლის პერიოდი ჯერ კიდევ არ იყო გასული) თავზე გვაფრქვევდნენ...

იხილეთ ასევე: რა მოხდა ჩერნობილში და რატომ მოიკლა თავი აკადემიკოსმა ლეგასოვმა?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს