ხუთი ქვეყნის დაზვერვის მოპოვებული ინფორმაციით, ჩინეთი დამნაშავეა?! - კვირის პალიტრა

ხუთი ქვეყნის დაზვერვის მოპოვებული ინფორმაციით, ჩინეთი დამნაშავეა?!

ორგანიზაცია "ხუთი თვალი" ხუთი ინგლისურენოვანი სახელმწიფოს: დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და აშშ-ის ტექნიკური დაზვერვების მიერ მოპოვებული ინფორმაციების ანალიზს ათწლეულების განმავლობაში ეწევა და როგორც ჩანს, მათ მნიშვნელოვანი ახალი ინფორმაცია მოიპოვეს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით.

კერძოდ, 5 მაისს ცნობილმა ავსტრალიურმა გაზეთმა Sunday Telegraph -მა გაავრცელა სენსაციური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი მიზანმართულად მალავდა და ანადგურებდა ინფორმაციებს ახალი კორონავირუსის გაჩენისა და გავრცელების შესახებ, რათა ამ თემაზე საერთაშორისო გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ოფიციალური პეკინის დადანაშაულების საშუალება დასავლეთს არ ჰქონოდა!

რამდენად დაეჯერება ამ სენსაციაში ავსტრალიურ გაზეთს ჯერ ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ "ხუთი თვალის" ორგანიზაცია "ცივი ომიდან" მოყოლებული ერთ-ერთი ყველზე წარმატებული გაერთიანებული სადაზვერვო ორგანიზაცია გახლდათ და მის ანალიტიკურ მასალებს დასავლეთის არაერთი პოლიტიკური ლიდერი უყოყმანოდ ენდობოდა.

"ხუთ თვალში" შემავალი ამ ხუთი ქვეყნის მეთაურები შეიძლება გახდნენ ის პირველი ინიციატორები, რომლებიც საერთაშორისო საგამომძიებლო ჯგუფის შექმნას მოითხოვენ, ახალი კორონავირუსის "დაბადებისა" და პანდემიად გადაქცევის ფაქტების შესასწავლად.

პირველი კი მათ შორის აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.

პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკული განწყობა ჩინეთის ხელისუფლებისადმი არახალია, ასე იყო ახალი კორონავირუსის გამოჩენამდე და მითუმეტეს გაძლიერდა პანდემიის დაწყების შემდეგ, რაშიც თეთრი სახლის ადმინისტრაცია ირიბად აქამდეც ადანაშაულებდა პეკინს.

მაგრამ ერთია ამერიკელი და ჩინელი პოლიტიკოსების პირადული დაპირისპირება და მეორე, რეალური სიმართლის დადგენა - მართლაც, საიდან გამოჩნდა ახალი კორონავირუსი, რომელმაც თვით ბევრისმნახველი ვირუსოლოგებიც კი საგონებელში ჩააგდო, რადგან ეს კორონავირუსი თავისი მოქმედების ტაქტიკით და ადამიანების ორგანიზმის დაზიანებების მრავალფეროვნებით რადიკალურად განსხვავდება აქამდე ცნობილ სხვა ატიპიური ვირუსებისგან.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თავად ოფიციალური პეკინის წარმომადგენელ ცნობილ ვირუსოლოგებს წამოსცდათ - დღევანდელი მეცნიერება დედამიწაზე არ არის მისული იმ დონემდე, რომ ასეთი ვირუსი ხელოვნურად შექმნასო...

ასეთი განცხადება პირდაპირ იმ კონსპიროლოგების წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებიც მერამდენე თვეა დაუღალავად იმას ამტკიცებენ, რომ ახალი ვირუსი დედამიწის ატმოსფეროში უცხოპლნეტელებმა სპეციალურად გააფრქვიეს, რომ მსოფლიო ავადმყოფი და სუსტი ჯანმრთელობის მქონე მილიონობით ადამიანისგან "გაიწმინდოსო"...

ბოლომდე იმის გამორიცხვა, რომ ადამიანის, უფრო სწორედ კი ძალიან კარგად დაფინანსებული ვირუსოლოგი მეცნიერების ერთი ჯგუფის ხელი არ ურევია ახალი კორონავირუსის "დაბადებაში", ცოტა რთულია.

მართალია, ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ თავიდანვე გამორიცხა ახალი კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესაძლებლობა, მაგრამ არანაკლები ავტორიტეტი, ფრანგი ვირუსოლოგი ლიუკ მონტანიე (რომელსაც 2008 წელს ნობელის პრემია მიენიჭა შიდსის თემაზე ჩატარებული წარმატებული კვლევებისთვის) პირიქით ამტკიცებს, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურადაა შექმნილი - ეს პროფესიონალების გაკეთებულია, რომლებიც შიდსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობდნენ და ლაბორატორიიდან შემთხვევით "გამოექცათ", - ამტკიცებს ის.

პეკინში თვლიან, რომ ახლა, პანდემიისას გამოძიებების დრო არ არის და ყველა ქვეყნის ერთობლივი ძალები მიმართული უნდა იყოს ვირუსის დასამარცხებლად.

ჩინეთის ხელისუფლების პოზიციის გაგება შეიძლება, რომელსაც არ სურს აშშ-ის ინიციატივით დაიწყოს ასეთი გამოძიება, რომლის შედეგები დიდი ალბათობით შეიძლება ჩინეთის საერთაშორისო პრესტიჟზე ძალზე ნეგატიურად აისახოს.

ჩინეთს მხარს უჭერენ კრემლში და რუსეთის ხელისუფლებაც კატეგორიულად წინააღმდეგია ასეთი გამოძიების დაწყების.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთიც და რუსეთიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან და ვეტოს დადების უფლება აქვთ, გამორიცხულია, რომ ასეთი საერთაშორისო საგამომძიებლო ჯგუფი გაეროს ეგიდით შეიქმნას.

თუმცა, მეორე მხრივ, დასავლეთის წამყვან ქვეყნებს ხელს ვერავინ შეუშლის დაიწყონ ასეთი საერთაშორისო გამოძიება ახალი კორონავირუსის წარმომავლობის გამორკვევაზე, მითუმეტეს, რომ ეს ხელს აძლევს აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რადგან შემოდგომაზე ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და ტრამპს მთელი გულით და სულით სურს მეორე ვადითაც დარჩეს თეთრი სახლისოვალურ კაბინეტში.

იხილეთ ასევე: უხანის იმ ლაბორატორიის ფოტოები, საიდანაც შესძლოა ახალი კორონავირუსი გავრცელდა

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს