პენტაგონი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა - კორონავირუსგადატანილ ახალწვეულებს ამერიკულ არმიაში აღარ მიიღებენ? - კვირის პალიტრა

პენტაგონი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა - კორონავირუსგადატანილ ახალწვეულებს ამერიკულ არმიაში აღარ მიიღებენ?

პენტაგონი - აშშ-ის მთავარი სამხედრო უწყება, ამერიკელი საზოგადობის კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც "ტვიტერში" გაჟონა ამერიკელი სამხედროების მიერ მომზადებული მემორანდუმის სამუშაო ტექსტმა, რომლის თანახმადაც პენტაგონი აღარ გაუფორმებდა კონტრაქტს იმ ახალწვეულებს, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ კორონავირუსი.

ამერიკული ინტერნეტგამოცემის Military Times -ის 6 მაისის ინფორმაციის თანახმად, ამ მემორანდუმის სამუშაო ტექსტის დამწერები ასეთ ულმობელ შეზღუდვას იმით ხსნიდნენ, რომ ჯერ ბოლომდე არ არის გამოკვლეული, თუ რა ცვლილებებს განიცდის ადამიანის ორგანიზმი კორონავირუსის გადატანის შემდეგ, რჩება ის თუ არა მთლიანად უსაფრთხო ვირუსის გადადების თვალსაზრისით და რაც მთავარია, რამდენად გაუძლებს კორონავირუსგადატანილი სამხედრო დიდ ფიზიკურ დატვირთვებს საბრძოლო მომზადების დროს.

ზემოთჩამოთვლილი მიზეზები იმსახურებს ყურადღებას, განსაკუთრებით კი ის, თუ რამდენად გაუძლებს კორონავირსგადატანილი მომავალი ჯარისკაცის ფილტვები დიდ დისტანციაზე სრული საბრძოლო აღჭურვილობით სირბილს.

მიუხედავად ამისა, აშშ-ში სოციალურ ქსელებში, მილიონობით ადამიანი წინააღმდეგი გამოვიდა პენტაგონის სამხედრო ჩინოვნიკების ამ ჩანაფიქრის, რამაც ამერიკული არმიის სარდლობა აიძულა შეერბილებინა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები.

ახალი რედაქციის მემორანდუმი, რომელიც ჯერ ისევ სამუშაო ვარიანტს წარმოადგენს, უშვებს კორონავირუსგადატანილი ადამიანის კონტრაქტით აყვანას აშშ-ს შეირაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის დასაწყებად, ოღონდ იმ პირობით, თუ ის არ იყო ჰოსპიტალიზირებული კორონავირუსის გამო. თუმცა არ კონკრეტდება, ჰოსპიტალიზაციის პერიოდში რამდენად რთულად მიმდინარეობდა გამოჯანმრთელების პროცესი.

აღსანიშნავია, რომ მომზადების პროცესში მყოფი ეს მემორანდუმი არ ითვალისწინებს შეზღუდვებს აშშ-ის იმ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, რომლებიც სამხედრო კონტრაქტის მიმდინარეობის დროს დაინფიცირდნენ ახალი კორონავირუსით, მათ შორისაა ატომური ავიამზიდის "თეოდორ რუზველტის" ასობით მეზღვაურიც.

რამდენად დააკმაყოფილებს ამ შეზღუდვის ასეთი შემსუბუქება აშშ-ის მოქალაქეებს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ კორონავირუსის პანდემია უკვე სერიოზულ ცვლილებებს იწვევს სხვადასხვა ქვეყნების არმიების საბრძოლო მზადყოფნის პროცესში, რაც უახლოეს მომავალში გარკვეულ შედეგებს მოიტანს.

P.S. აშშ-ის შეირაღებულ ძალებში 7 მაისის მონაცემებით, არანაკლებ 6 500 სამხედრო იყო კორონავირუსით ინფიცირებული, რაც სამი ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობის საერთო რაოდენობას უტოლდება.

ამავე პერიოდისთვის, რუსეთის ფედერაციის შეირაღებულ ძალებში 2 688 სამხედრო ითვლებოდა ახალი კორონავირუსით "დაჭრილი".

გასაგებია, რომ ეს ციფრები დიდი ალბათობით, ზუსტად არ ასახავს კორონავირუსით დაინფიცირებულ სამხედროთა რეალურ რაოდენობას, რადგან თითქმის ყველა ქვეყნის არმიის მეთაურობა ცდილობს არ გაამჟღავნოს სანიტარული დანაკარგების ნამდვილი სურათი ომის დროს, ახალი პანდემიაც ხომ ფარული ომია, რომელშიც კორონავირუსს ადამიანთა შტოს მიმართ ბრძოლა აქვს გამოცხადებული...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს