ქართველი აკადემიკოსი, რომელიც ფაშისტების "მესერშმიტებს"… ფეხით აგდებდა! - კვირის პალიტრა

ქართველი აკადემიკოსი, რომელიც ფაშისტების "მესერშმიტებს"… ფეხით აგდებდა!

ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75 წლისთავი მსოფლიოს ნაწილმა 8 მაისს აღნიშნა, ნაწილმაც 9 მაისს, მაგრამ ეს არ ცვლის ერთ დროს მოკავშირეების საერთო წვლილს ჰიტლერის უძლიერესი სამხედრო მანქანის განადგურებაში, რომელშიც თავისი "პატარა მარცვალი" ქართველებმაც შევიტანეთ და შეიძლება, მსოფლიოში პროცენტულად, ყველაზე დიდი დანაკარგიც გვქონდა,რადგან საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში გაწვეული 700 ათასზე მეტი ადამიანიდან, უკან ნახევარი თუ დაგვიბრუნდა.

მაგრამ ამ საშინელ ომში ქართველი მებრძოლები ხშირად საოცარ გამომგონებლობას იჩენდნენ, რამაც ისინი და მათი თანამებრძოლები არაერთხელ გადაარჩინა სიკვდილს.

წარმოგიდგენიათ, რომ მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი საუკეთესო გამანადგურებელი თვითმფრინავი "მესერშმიტ-109" შეიძლება ფეხით ჩამოეგდო ვინმეს? და ეს გააკეთა, ჩვენმა თანამემამულემ, უნივერსიტეტის რექტორმა, განათლების მინისტრმა და აკადემიკოსმა...

თუმცა ეს რეგალიები უკვე მერე იყო, 1941 წლის 22 ივნისიდან კი, გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ, ჩოხატაურელმა 20 წლის უფროსმა სერჟანტმა დავით ჩხიკვიშვილმა მოიფიქრა ის, რაც დააკლო ცნობილმა ავიაკონსტრუქტორმა ილიუშინმა თავის "ილ-4" ტიპის ბომბდამშენს...

გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის დაწყების მომენტისთვის, ჰიტლერის განკარგულებაში იყო "იუნკერს-88" და "ჰეინკელ-111"-ის ტიპის მოდერნიზებული ორძრავიანი ბომბდამშენები, რომლებიც დაუნდობლად ბომბავდნენ საბჭოთა ქალაქებს. ქართველმა გამომგონებელ-მსროლელმა ასეთი ბომბდამშენის ტყვიამფრქვევებიდან მოწინააღმდეგის შვიდი თვითმფრინავი ჩამოაგდო

სტალინს კი გერმანული ქალაქების საპასუხოდ დასაბომბად, დიდი მანძილიდან გამომდინარე, მხოლოდ ილიუშინის "ილ-4"-ისა და ტუპოლევის ოთხძრავიანი "ტბ-7" ტიპის ბომბდამშენების იმედი თუ ჰქონდა, მაგრამ "ტბ-7"-ების რაოდენობა მხოლოდ რამდენიმე ათეული იყო და ძირითადი დატვირთვა სწორედ ორძრავიანი "ილ-4"-ების ეკიპაჟებზე გადადიოდა.

თუკი ილიუშინის ბომბდამშენები ღამით უტევდნენ მოწინააღმდეგის პოზიციებს, ეკიპაჟების გადარჩენის შანსი კიდევ არსებობდა, რადგან გერმანული გამანადგურებლები ომის დასაწყის პერიოდში ღამით ნაკლებად დაფრინავდნენ.

აი, დღისით კი საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავები და განსაკუთრებით კი ბომბდამშენები, გერმანული "მესერშმიტების" ადვილი ლუკმა ხდებოდნენ.

უფროსი სერჟანტი ჩხიკვიშვილი ასეთ "ილ-4" ტიპის ბომბდამშენის საჰაერო მსროლელი გახლდათ (სულ ამ ბომდამშენის ოთხკაციანი ეკიპაჟი შედგებოდა მფრინავისგან, შტურმანისგან, რადისტ-მსროლელისგან და მსროლელისგან. საჰაერო ბრძოლების ანალიზის შედეგად ის მიხვდა,რომ "მესერშმიტების" გერმანელმა პილოტებმა მალევე ამოიცნეს "ილის" ერთ-ერთი მთავარი სისუსტე-დაუცველი იყო თვითმფრინავის კუდი და "მესერშმიტებიც" ქვედა-უკანა მხრიდან ესხმოდნენ ბომბდამშენებს და აგდებდნენ მათ.

ჩხიკვიშვილმა მეიარაღეებს სთხოვა საავიაციო ტყვიამფრქვევის უძრავად დამაგრება ბომბდამშენის კუდში, ხოლო სროლის განსახორციელებლად ტყვიამფრქვევიდან მსროლელის კაბინამდე მავთული გაჭიმეს, რომელიც ქართველმა სერჟანტმა ფეხზე მოიბა, რადგან ხელები დაკავებული ჰქონდა ტურელის ტყვიამფრქვევის სამართავად.

როდესაც "მესერშმიტი", ბომბდამშენის თავდასხმას ზედა სფეროდან ცდილობდა, ჩხიკვიშვილის ტურელის მოძრავი ტყვიამფრქვევი საკადრის პასუხს სცემდა, როგორც კი გერმანული გამანადგურებელი "ილის" კუდისკენ გადაინაცვლებდა (სადაც ვერ წვდებოდა ტურელის ტყვიამფრქვევის ჯერები), მის მიმართულებით ჩხიკვიშვილი ბომბდამშენის კუდში კუსტარულად დაყენებული ტყვიამფრქვევის გაშეტზე მიბმული მავთულის ფეხით მოქაჩვით ხსნიდა ცეცხლს... 'მესერშმიტის' პილოტები შოკში ვარდებოდნენ, როდესაც მოულოდნელად, ჩხიკვიშვილის 'დამატებითი' ტყვიამფრქვევი მათ ცეცხლს ბომბდამშენის კუდიდან ტრასირებადი ტყვიების ჯერებით უხსნიდა...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავალმა რექტორმა ჯერ კიდევ ამ საჰაერო ბრძოლებში გამოიჩინა ადამიანის ფსიქოლოგიის შესწავლის უნარი, როდესაც ბომბდამშენის კუდში კუსტარულად დაყენებულ ტყვიამფრქვევს, მხოლოდ 7,62 მმ კალიბრის ტრასირებადტყვიებიანი ვაზნებით ატენინებდა - "მესერშმიტის" პილოტისთვის უდიდეს მოულოდნელობად იქცეოდა მანათობელი ტყვიების ჯერების შუაგულში აღმოჩენა (მითუმეტეს, რომ ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ "ილ-4" ტიპის ბომბდამშენს კუდში ტყვიამფრქვევი არ ეყენა) და სწრაფი საჰაერო მანევრით ცდილობდნენ თავის გადარჩენას,რომლის დროსაც უკვე ჩხიკვიშვილის ტურელის ტყვიამფრქვევის სამიზნეში აღმოჩნდებოდნენ...

ჩხიკვიშვილმა ასეთი "ნოუ-ჰაუთი" ომის პირველი სამი თვის განმავლობაში მოწინააღმდეგის სამი "მესერშმიტი" ჩამოაგდო, რისთვისაც ის ლენინის ორდენით დააჯილდოეს, რაც პირველი შემთხვევა იყო საჰაერო მსროლელების რიგებში.

სერჟანტმა ჩხიკვიშვილმა კიდევ ერთი სიახლე გამოიყენა, როდესაც თავისი ტურელიანი კაბინა ჯავშანფურცლებით აღაჭურვინა, რამაც მისი სიცოცხლე არაერთხელ იხსნა საჰაერო ბრძოლების დროს, როდესაც "მესერშმიტების" ტყვიმფრქვევების ჯერებს სწორედ ეს ჯავშანფურცლები აკავებდნენ.

მთელი ომის განმავლობაში, რადისტ-მსროლელმა დავით ჩხიკვიშვილმა თავის ანგარიშზე მოწინააღმდეგის შვიდი თვითმფრინავი ჩაიწერა, ერთხელ მისი ბომბდამშენიც ჩამოაგდეს და პარაშუტით მოუწია გადმოხტომა.

1942 წლიდან ჩხიკვიშვილი უკვე ოთხძრავიანი "ტბ-7" ბომბდამშენის ეკიპაჟში დაფრინავდა გერმანიის ქალაქების დასაბომბად, ხოლო 1943 წლიდან შორი მოქმედების ავიაციის საფრენოსნო ცენტრის საჰაერო ნავიგაციის შტურმან-ინსტრუქტორად დანიშნეს უფროსი ლეიტენანტის ჩინით.ომის დამთავრების შემდეგ კი მისი სამოქალაქო კარიერა დაიწყო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს