ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთთან ცის ჩაკეტვა ნატოს ევროპაში საფრთხეს უზრდის - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთთან ცის ჩაკეტვა ნატოს ევროპაში საფრთხეს უზრდის

საქართველოს უდიდესი და უმთავრესი პრობლემა - რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, ძირითადად, მაინც მხოლოდ ჩვენს ტკივილად რჩება, რადგან დასავლეთის მრავალწლიან "შეშფოთება-აღშფოთებებზე" კრემლის ბინადარნი ყურსაც არ იბერტყავენ, მაგრამ არის ერთი პირობა, როცა შეიძლება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემამ გავლენა მოახდინოს ევროპაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო უსაფრთხოების მასშტაბის შემცირებაზე.

ყოველ შემთხვევაში, ასე თვლიან ნატოს წევრი ზოგიერთი ევროპული ქვეყნის თადარიგის გენერლები, რომლებიც ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა თუ საფრანგეთის გენერალურ შტაბებს ხელმძღვანელობდნენ.

"თუკი აშშ გამოვა "ღია ცის" ხელშეკრულებიდან, ამერიკელები ვეღარ განახორციელებენ სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის თავზე; სამაგიეროდ, რუსეთი შეინარჩუნებს უფლებას, ევროპაში ნატოს ქვეყნებისა და იქ დისლოცირებული ამერიკული სამხედრო ბაზების თავზე სადაზვერვო ფრენები განაგრძოს", - აცხადებენ ზემოხსენებული გენერლები და ასახელებენ ორ ძირითად მიზეზს, რომელთა გამოც პრეზიდენტ ტრამპის გუნდი მომხრეა, დატოვოს "ღია ცის" ხელშეკრულება.

პირველი მიზეზი უშუალოდ უკავშირდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორ რეგიონს. 2012 წლის 6 აპრილს საქართველომ ოფიციალურად თქვა უარი თავის საჰაერო სივრცეში რუსეთის სადამკვირვებლო ფრენებზე. მიუხედავად ამისა, მოსკოვი წლების განმავლობაში (და 2019 წელსაც) დაჟინებით ითხოვდა საქართველოს თავზე ასეთი საინსპექციო ფრენების ნებართვას.

ასეთი აკრძალვის მთავარი ქართული არგუმენტი ის არის, რომ რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია "ღია ცის" ხელშეკრულების მონაწილე რომელიმე ქვეყნის სადამკვირვებლო თვითმფრინავი 10 კმ-ზე მეტად მიუახლოვდეს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციის ხაზს. ასეთ პოზიციას მოსკოვში იმით ხსნიან, რომ იმ ქვეყნების საზღვრებთან, რომლებიც ამ ხელშეკრულებაში არ მონაწილეობენ, 10 კმ-მდე მიახლოებას "ღია ცის" ხელშეკრულება კრძალავს, ანუ კრემლი ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს, რაც მიუღებელია როგორც საქართველოსთვის, ისე - "ღია ცის" ხელშეკრულების მონაწილე 33 ქვეყნისთვის, რადგან ეს ოკუპირებული ტერიტორიები ყველას საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიაჩნია.

თავად განსაჯეთ - ოკუპანტი ქვეყნის სადამკვირვებლო თვითმფრინავი ქართულ ცაში არხეინად უნდა დაფრინავდეს, შენს მეგობარ ქვეყნებს კი არ აძლევდეს საშუალებას, ასეთივე საჰაერო მონიტორინგი განახორციელოს ოკუპირებული ტერიტორიების თავზე, რომლებიც მართლაც სავსეა რუსული სამხედრო ტექნიკით!..

ამ მიზეზის გარდა, ამერიკული მხარის უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ მოსკოვი ნატოს ქვეყნებს უკრძალავს, "ღია ცის" ხელშეკრულების ფარგლებში სადამკვირვებლო ფრენები განახორციელონ კალინინგრადის ოლქის თავზეც, რომელიც ოკუპირებული ქართული მიწებისა და ყირიმის ნახევარკუნძულის მსგავსად, დღეს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული ტერიტორიაა აღმოსავლეთ ევროპის ჩრდილოეთსა და სამხრეთში.

ეს პრობლემები კარგად არის ცნობილი იმ ევროპელი გენერლებისთვის, რომლებიც სთხოვენ ამერიკულ მხარეს, არ დატოვოს "ღია ცის" ხელშეკრულება და ამასთანავე, მოუწოდებენ რუსეთს, შეწყვიტოს ხელშეკრულების დარღვევა და გახსნას ცა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, აფხაზეთისა და ასევე კალინინგრადის ოლქის თავზე, თუმცა მაინცდამაინც არ სჯერათ, რომ კრემლი ამას გააკეთებს.

მათი აზრით, თუკი აშშ დატოვებს "ღია ცის" ხელშეკრულებას, ნატოს ევროპელი წევრები მაინც უნდა დარჩნენ და განაგრძონ სადამკვირვებლო ფრენა რუსეთისა და ბელორუსიის თავზე და, ბუნებრივია, მიიღონ საპასუხო სადამკვირვებლო ჯგუფები რუსეთიდანაც, რადგან ეს ხელშეკრულება ამცირებს მეზობელ ქვეყნებს შორის სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობას.

ჩვენი დოსიე:

1992 წელს ჰელსინკში ეუთოს წევრმა 23-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა "ღია ცის" ხელშეკრულებას, რომელიც ხელმომწერი ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეუიარაღებელი სადაზვერვო საფრენი აპარატების თავისუფალ საინსპექციო ფრენას ითვალისწინებს. ფრენის შესახებ განაცხადი წინასწარ კეთდება, მოწმდება საფრენ აპარატზე დამონტაჟებული რადიოლოკაციური, სითბური და ფოტო-ვიდეო აპარატურის მგრძნობელობა (ის არ უნდა იყოს დაშვებულ პარამეტრებზე მაღალი) და ყველა სადამკვირვებლო ფრენაში აუცილებლად მონაწილეობს ადგილობრივი წარმომადგენელი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს