რუსული "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები თურქების წინააღმდეგ ლიბიაში - რა ელის თურქეთის "სულთანისა" რუსეთის "იმპერატორის" "მეგობრობას"? - კვირის პალიტრა

რუსული "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები თურქების წინააღმდეგ ლიბიაში - რა ელის თურქეთის "სულთანისა" რუსეთის "იმპერატორის" "მეგობრობას"?

ლიბიელ ფელდმარშალს რუსი დაქირავებული სამხედროები გაურბიან?

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ მსოფლიოს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეორე მთავარი თემა ლიბიაში მიმდინარე მოვლენებია, სადაც სიტუაციის კიდევ უფრო სერიოზული დაძაბვა დაიწყო მას შემდეგ, რაც ბრძოლის ველზე ფელდმარშალ ხალიფა ჰაფთარის "ლიბიის ეროვნულმა არმიამ" მარცხი განიცადა და უკან დაიხია.

განსაკუთრებული ყურადღება კი იმ ფაქტმა მიიპყრო, რომ თითქმის, ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლთან მისულ და უკან შემობრუნებულ ფელდმარშალის საბრძოლო შენაერთებს პირველად ისინი გამოექცნენ, რომლებიც არანაირად არ წააგავენ არაბებს და ერთმანეთში რუსულად ლაპარაკობენ...

ეჭვგარეშეა, რომ ეს შეირაღებული ჯგუფები კავშირში არიან ყბადაღებულ "ვაგნერის" რაზმთან, რომელსაც დაქირავებული მებრძოლები ჰყავს გაგზავნილი მსოფლიოს რამდენიმე კუთხეში, მათ შორის, სირიასა და ეხლა უკვე ლიბიაშიც.

რუსი დაქირავებულების სასწრაფო უკანდახევაზე ან საერთოდ გაქცევაზე, მეტყველებს ინტერნეტში გავრცელებული არაერთი ვიდეო, რომლებშიც აღბეჭდილია რუსული "ტიგრის" ტიპის ჯავშანმანქანებისა და საზენიტო "პანცირების" ავტოკოლონის სწრაფი გადაადგილება ფრონტის საწინააღმდეგო მხარეს, ასევე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით სლავური იერსახის მქონე შეირაღებული მამაკაცების ჯგუფების ევაკუცია ახლომდებარე აეროდრომიდან. ვიდოკადრები, სადაც რუსი დაქირავებული სამხედროების ჯგუფების პანიკური უკანდახევაა აღბეჭდილი...

ფაქტია, რომ, "ეროვნული თანხმობის მთავრობის" ეს საბრძოლო უპირატესობა ფელდმარშალის "ლიბიის ეროვნულ არმიაზე" მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც თურქეთმა ლიბიაში სირიიდან რამდენიმე ათასი თავისი შეიარაღებული მხარდამჭერი გადაისროლა, რომლებსაც მხარს ღიად უჭერს თურქეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ასეული სამხედრო თავისი საშტატო შეიარაღებით.

ნიშნავს ეს იმას, რომ პუტინმა ერდოღანის წინაშე უკან დაიხია და ლიბიის ომის ჭაობში ჩაფლობისგან თავს იკავებს, მითუმეტეს, რომ სირიაში კრემლის ინტერესები ჯერ ბოლომდე არ არის დაკმაყოფილებული?

იმპერიული ამბიციები არც ერდოღანს აკლია და მითუმეტეს არც პუტინს და სწორედ ახლა შეიქმნა ის კრიტიკული სიტუაცია, როდესაც ლიბიის უდაბნოში ერთმანეთს იარაღის სამიზნიდან უყურებენ თურქი და რუსი სამხედროები, თუნდაც დაქირავებულის სტატუსით.

თუკი ეს, უკვე შეირაღებული დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება, რისი ყველა ნიშანიც არსებობს, რუსეთ-თურქეთს შორის შავი კატა დიდი ხნით გაირბენს და ისე აღარ იქნება, როდესაც ხუთი წლის წინ, სირია-თურქეთის საზღვარზე რუსული საფრონტო ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ, თურქეთის "სულთანმა" რუსეთის "იმპერატორს" ბოდიში მოუხადა.

სიტუაციის გამწვავება პირველ რიგში ლიბიის ცაშია მოსალოდნელი, რადგან რუსეთმა კასპიის ზღვის, ირანისა და სირიის გავლით ლიბიაში არანაკლებ ექვსი მიგ-29 ტიპის გამანადგურებელი გადაისროლა, რომელთა პილოტების მთავარი ამოცანაა აღმოაჩინონ და ჩამოაგდონ თურქების "ბაირაქტარის" ტიპის სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტო თვითმფრინავები, რომლებმაც ფელდმარშალს ორ ათეულამდე რუსული წარმოების საზენიტო "პანცირი" გაუნადგურეს.

ანუ ლიბიის ცაში იწყება ის საჰაერო ნადირობა, რაც ქართულ ცაში 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე ვიხილეთ, როდესაც ისრაელში ნაყიდი უპილოტო სადაზვერვო "ჰერმესები" რუსებმა აფხაზეთის თავზე ჩამოგვიგდეს, მათ შორის ერთი სწორედ მიგ-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავიდან გაშვებული "ჰაერი-ჰაერი" კლასის მართვადი რაკეტით, რაც განწირული "ჰერმესის" ვიდეოკამერის მიერ გადაღებულ და გადმოცემულ ბოლო კადრებზეც აისახა... ვიდოკადრები, სადაც რუსი დაქირავებული სამხედროების ჯგუფების პანიკური უკანდახევაა აღბეჭდილი...

მაგრამ თურქეთი ხომ საქართველო არ არის, რომ უპასუხოდ დატოვოს და თუკი რუსულმა "მიგებმა" მართლაც დაიწყეს თურქული უპილოტოების ჩამოყრა, მაშინ ერდოღანი ლიბიის ცაში თავისი ფ-16-ების გაგზავნას ნამდვილად არ დაახანებს, ეს კი...

მაგრამ მკითხველმა ისე არ ჩათვალოს, რომ ფელდმარშალ ჰაფთარის "ლიბიის ეროვნულ არმიას" მხოლოდ რუსეთი უჭერდეს მხარს და ისიც ნახევრადმალულად. ფელდმარშალს შეიარაღებით ამარაგებს არაბთა გაერთიანებული საემიროები, სუდანი, იორდანია და ეგვიპტე, რომელთა ხელისუფალნი არ აპირებენ შეეგუონ ერდოღანის "გასულთანებას" ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

"ეროვნული თანხმობის მთავრობას", როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გვერდში ღიად დაუდგა თურქეთი რეგულარული არმიის დანაყოფებითაც კი, ხოლო თურქეთის პრეზიდენტს დიდ ფინანსურ დახმარებას ამ საქმეში ის ყატარი უწევს, რომელსაც სამი წლის წინ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და საუდის არაბეთმა კინაღამ ომი გამოუცხადა და ეკონომიკური ბლოკადა დაუწესა. მაშინ ყატარელების გვერდით თურქები დადგნენ და ახლა ერდოღანს ეტყობა "ვალს" უბრუნებენ...

ამ პოლიტიკური აჯაფსანდალის უკან მაინც "შავი ოქროსთვის", ანუ ნავთობისთვის ორთაბრძოლის ფარული სურათი იკვეთება, ოღონდ მოულოდნელი მიზნით - რიგ სახელმწიფოებს, პირველ რიგში კი ნავთობმომპოვებლებს, ძალიან აწყობთ, რომ ლიბიაში ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და ლიბიური ნავთობი, ისედაც უკიდურესად გადაჯერებულ მსოფლიო ბაზარზე არ შევიდეს, რაც კიდევ უფრო დასცემს ნავთობის ფასს. ეს კი არც არაბთა გაერთიანებულ საამიროების, არც საუდის არაბეთის და რა თქმა უნდა, არც რუსეთის და თქვენ წარმოიდგინეთ, არც აშშ-ს ინტერესებში არ შედის...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს