კრემლი ისევ "ნაგლობს" - რატომ ითხოვს რუსეთი ლუგარის ლაბორატორიაში საერთაშორისო ექსპერტების გარეშე შევსლას? - კვირის პალიტრა

კრემლი ისევ "ნაგლობს" - რატომ ითხოვს რუსეთი ლუგარის ლაბორატორიაში საერთაშორისო ექსპერტების გარეშე შევსლას?

მაშინ, როდესაც 26 მაისს, მსოფლიოს ათობით ქვეყნის ლიდერი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ულოცავდა, რუსეთის დედაქალაქიდან თბილისს მუქარანარევი ოფიციალური ნოტა გამოუგზავნეს, - სასწრაფოდ დაუშვით რუსი ექსპერტები ლუგარის ლაბორატორიაშიო!

ეს უბრალო მოთხოვნა როდია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაში დაკონკრეტებულია, რომ რუს ექსპერტებს აუცილებლად უნდა მიეცეთ უფლება დეტალურად დაათვალიერონ ლუგარის ლაბორატორიის ყველა კორპუსი და ამასთან მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, ანუ მარტო ქართველ სპეციალისტებთან ერთად და იქ არ უნდა იყვნენ სხვა ქვეყნების სპეციალისტები და არც საერთაშორისო და რეგიონალური დონის წარმომადგენლები!

უბრალოდ ნახეთ, "ნაგლობის" რა დონეა! ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს არ გააჩნია ამ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება, კატეგორიულად ითხოვს ცალსახად შეამოწმოს ლუგარის ლაბორატორია, რისი არავითარი არც სამართლებრივი და არც მორალური უფლება არ აქვს!

არ აქვს თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთის ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ავრცელებს ათასნაირ ჭორს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობაზე და მეორეც - 2018 წლის 14-15 ნოემბერს ქართული და გერმანული მხარეების ორგანიზებით ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარდა საერთაშორისო ვარჯიში, რომელშიც მონაწილეობა ოცამდე ქვეყნის სპეციალისტმა მიიღო, მაგრამ მათ შორის არ იყვნენ რუსი სპეციალისტები, არა იმიტომ რომ არ დავპატიჟეთ, პირიქით ისინი ოფიციალურად მოწვეულები გახლდნენ, მაგრამ მაშინ კრემლმა არ ისურვა მათი გამოგზავნა და დღეს აქეთ გვიყენებენ პრეტენზიებს...

მიუხედავად ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალზე ოპერატიულად, უკვე 27 მაისის დილას ოფიციალური პასუხი გასცა მოსკოვს.

ამონარიდი განცხადებიდან: "საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხიმგებელი წევრი, მზად არის მომავალში და მზად იყო წინა წლებშიც მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ დაშვება შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად. ამის შესაძლებლობა იყო 2018 წელს, თუმცა საკითხის განმეორებითი ინიცირების შემთხვევაში, საქართველო მზადაა განიხილოს შესაბამისი ვარჯიშის/ვიზიტის მოდალობები კონვენციის წევრ-ქვეყნებთან ერთად. რუსეთის უხეში და აგრესიული დეზინფორმაციის ფონზე, რომელთა ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს დააკნინოს ლუგარის ცენტრის ფუნქციონირება და მის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული კვლევები, საქართველო ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება ამ საკითხზე არ გააჩნია, საქართველო, გამოთქვამს მზადყოფნას უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის რუსი ექსპერტების მონაწილეობით..." (იხილეთ სრულად)

რუსეთი, სადაც ახალი კორონავირუსის პანდემია, ყოველდღიურად 10 ათასამდე მოქალაქეს აინფიცირებს (არადა, ძალიან დიდი ეჭვია, რომ კრემლი ამ ციფრებს მნიშვნელოვნად ამცირებს და რეალურ, კატასტროფულ სიტუაციას შეგნებულად მალავს) ცდილობს ეს, მისთვის მტკივნეული თემა, ისევ საქართველოს ლუგარის ლაბორატორიაზე მორიგი ჭორების აგორებით, მცირედ მაინც გადაფაროს, თუნდაც მხოლოდ რუსეთის იმ მოსახლეობის დონეზე მაინც, რომლის დიდი ნაწილი კრემლის ბინადართ ლოგიკურ კითხვას უსვამს - რატომ აგებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას "ყოვლისშემძლე იმპერატორის" - პუტინის მთავრობა?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს