კორონავირუსი საერთაშორისო ტერორისტების ახალ იარაღად შეიძლება გადაიქცეს?! - კვირის პალიტრა

კორონავირუსი საერთაშორისო ტერორისტების ახალ იარაღად შეიძლება გადაიქცეს?!

ევროპის საბჭოს ის ექსპერტები, რომლებიც საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის თემაზე წლებია მუშაობენ, ავრცელებენ მოსაზრებას, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ან მის შემდეგ რომელიმე ტერორისტულმა დაჯგუფებამ შეიძლება სცადოს ბილოგიური იარაღის გამოყენება რეზონანსული ტერორისტული აქტების განსახორცელებლად.

ასეთ, ერთგვარ ბიოლოგიურ იარაღად შეიძლება ახალი კორონავირუსიც იქცეს და ადამიანების დიდი ჯგუფის სპეციალურად დაინფიცირებაც მოხდეს, მით უმეტეს თუ დაინფიცირებულები მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები აღმოჩნდებიან.

საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულმა "ისლამურმა სახელმწიფომ" უკვე შესთხოვა ალაჰს, რომ კორონავირუსმა რაც შეიძლება მეტი "ურწმუნო" ქრისტიანი შეიწიროს ,რის გავრცელებაშიც "ისლამური სახელმწიფო" თავის როლს შეასრულებსო...

კორონავირუსის საერთაშორისო ტერორიზმის ახალ საშუალებად გადაქცევა, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისა თუ ავტომატების მსგავსად, სრულიად მოსალოდნელია, რადგან კორონავირუსი მასობრივი განადგურების იარაღის დონეს უახლოვდება, მიუხედავად იმისა მისი წარმოშობის ისტორია ბუნებრივია თუ ხელოვნური.

კოროტერორიზმის სავარაუდო შემსრულებლებლებს შეიძლება რამდენიმე მიზეზი ამოძრავებდეთ:

პირველი - წმინდა ადამიანური შური:მე შემხვდა კორონავირუსი, მას არა, მაშინ ისიც ჩემნაირად დაიტანჯოს...

მეორე - ფინანსური მოგების მიზნით შანტაჟის გაწევა ან "შეკვეთის" აღება კონკრეტული პიროვნების დაინფიცირებისთვის.

მესამე - რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების მიერ კორონავირუსის ახალ ტერორისტულ იარაღად გამოცდა.

მეოთხე - კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ კორონავირუსის წინასწარგანზრახულად გავრცელება სხვა, კონკრეტული სახელმწიფოს სპეცსამსახურების მიერ.

ეს ბოლო ვარიანტი ტერორიზმის ნაცვლად, უფრო დივერსიულ ქმედებად შეიძლება შეფასდეს, თუმცა ამით საფრთხის არსი არ იცვლება-ყველა შემთხვევაში ადგილი აქვს სიცოცხლისთვის საშიში, ახალი კორონავირუსის შეგნებულად და მიზანმიმართულად გავრცელების მცდელობას.

კორონავირუსით "წერტილოვანი დარტყმის" მიყენება მართვადი საავიაციო ბომბის მსგავსად, რა თქმა უნდა შეუძლებელია, მაგრამ კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულ ქალაქში კორონავირუსის ახალი კერის "აფეთქება" ტექნიკურად სრულად მისაღწევია.

მეზობლებზე თუ მთავრობაზე გაბრაზებულ, კორონავირუსით დაავადებულ ერთ ადამიანს შეუძლია დიდი პრობლემა გააჩინოს, მაგრამ საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებისა და მითუმეტეს სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული კორონატერორიზმის აქტი, ბევრად უფრო საშიში იქნება და ის მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოებას დაემუქრება.

არცერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ ეყოფა რესურსები იმისთვის, თუკი კორონავირუსის კერები ამ ქვეყნის მთელი ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილებში ერთდროულად იფეთქებს.

ამიტომაც, სამართალდამცავ ორგანოებს და პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხობაზე პასუხისმგებელ სამსახურებს მოუწევთ მუშაობის გააქტიურება ახალი საფრთხის - კორონატერორიზმის, შესაძლო ფაქტების გამოვლენისა და მათი აღკვეთის მიმართულებით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს