ამერიკული უპილოტო მზვერავი ქართულ ცაში - რამ შეაშფოთა რუსი გენერლები? - კვირის პალიტრა

ამერიკული უპილოტო მზვერავი ქართულ ცაში - რამ შეაშფოთა რუსი გენერლები?

პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით, აშშ-ებმა "ღია ცის" ხელშეკრულებიდან გასვლის ექვსთვიანი პროცედურა დაიწყო. ამ რადიკალური გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად თეთრმა სახლმა ისიც დაასახელა, რომ რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების თავზე დასავლეთის საჰაერო მონიტორინგს წლებია არ უშვებს.

ამის გამოცაა, რომ არც საქართველო აძლევს უფლებას მოსკოვს "ღია ცის" ხელშეკრულების ფარგლებში რუსული სპეციალიზირებული თვითმფრინავების ქართულ ცაში შემოფრენაზე. ამ ვითარების ფონზე, რუსეთის რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებები მოულოდნელად აფიქსირებენ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში, საკმაოდ მაღალ სიმაღლეზე ამერიკულმა სტრატეგიულმა უპილოტო მზვერავმა თვითმფრინავმა გაინავარდა!

რუსეთის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი რუდსკიმ ბრიფინგზე განაცხადა,რომ მათმა სადაზვერვო საშუალებებმა საქართველოს საჰაერო სივრცეში აღმოაჩინეს ამერიკული სტრატეგიული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი RQ-4 Global Hawk, რაც რუსეთის ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს...

მოსკოვის შეშფოთების მიზეზი გასაგებია,რადგან ამერიკული სტრატეგიული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი RQ-4 Global Hawk, როგორც წესი 17-18 კმ-ის სიმაღლეზე დაფრინავს და თავისი ულტრათანამედროვე რადიოლექტრონული დაზვერვის ტექნიკური საშუალებებით შეუძლია ქართული ციდან "შეიჭყიტოს" რუსეთის ჩრდილო კავკასიაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებულ რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზებზე.

და ეს არ არის "ღია ცის" ხელშეკრულების დარღვევა, რადგან საქართველო ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, თავად რთავს ნებას თავის სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს ქართულ ცაში მისი სტრატეგიული მზვერავის შემოფრენაზე.

მანამდე, რუსეთთან, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაში მყოფმა უკრაინამ რამდენჯერმე დართო ნება ამ ამერიკულ სტრატეგიულ მზვერავს უკრაინის ციდან გადაეღო დეტალური ფოტო-ვიდეო კადრები დონბასში განთავსებული პრორუსი სეპარატისტების პოზიციებისთვის, ასევე ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე მშენებარე, ახალი რუსული სამხედრო ბაზებისთვის.

იმედია, რომ ამერიკული სტრატეგიული მზვერავის მიერ მოპოვებულ, ჩვენთვის საინტერესო სადაზვერვო მონაცემებს ამერიკული მხარე ქართველ პარტნიორებსაც გაუზიარებს.

იხილეთ ასევე: ახლა მაინც გაანებეთ თავი ლუგარის ლაბორატორიას! - ანუ რუსეთის მორიგ აბსურდულ ბრალდებებს ბოლო არ უჩანს

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს