ეგვიპტე ლიბიაში შესაჭრელად ემზადება? - კვირის პალიტრა

ეგვიპტე ლიბიაში შესაჭრელად ემზადება?

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, ჩვენს პლანეტაზე ომები არათუ არ წყდება, არამედ, პირიქით, ღვივდება ან სულაც ახლი იწყება.

ბირთვულმა ჩინეთმა და ინდოეთმა ერთმანეთის ჯარისკაცები ქვებითა და ხელჯოხებით დახოცეს და დაასახიჩრეს, თუმცა ეყოთ გონება, რომ უფრო სერიოზულ იარაღზე არ გადასულიყვნენ (ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით), სამაგიეროდ ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი შეიძლება რეგიონალურ მსხვილ შეიარაღებულ კონფლიქტად გადაიქცეს.

ეგვიპტემ მეზობელი ლიბიის საზღვრებს უკვე მიაყენა "აბრამსები" და მზადაა ლიბიის ტერიტორიაზე შეიჭრეს, თუკი ტრიპოლში მყოფი "ეროვნული თანხმობის ხელისუფლება" გააგრძელებს შეტევას ხალიფა ჰაფთარის "ლიბიის ეროვნულ არმიაზე" და შეუტევს ქალაქ სირტს.

ხალიფა ჰაფთარის საქმე რომ წასულია, უკვე კარგად ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ მას ფარულად თუ ღიად გვერდში ედგა საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და თვით რუსეთიც კი, მაგრამ ეს ყველაფერი გადაწონა ეროღანის გაბედულმა ნაბიჯებმა, როდესაც მან "ეროვნული თანხმობის ხელისუფლების" მხარდასაჭერად ლიბიაში ღიად გააგზავნა, როგორც სირიაში მებრძოლი პროთურქული რაზმები, ისე თურქეთის რეგულარული არმიის საბრძოლო დანაყოფები თავისი საშტატო შეიარაღებით.

თურქეთის პრეზიდენტი გაბედულად იმიტომაც იქცევა, რომ გაეროს ლიბიაში ოფიციალურად სწორედ "ეროვნული თანხმობის ხელისუფლება" ჰყავს აღიარებული, მაგრამ მიუხედავად ამისა ეგვიპტე აუცილებლად შეიჭრება ლიბიაში, თუკი ტრიპოლის ჯარება ლიბიის აღმოსავლეთში ეგვიპტის საზღვარს მიუახლოვდებიან.

საქმე იმაშიცაა, რომ თურქეთის სერიოზული მომძლავრება რეგიონში ძალიან ბევრ ქვეყანას არ აწყობს, უფრო სწორედ კი არავის არ აწყობს - არც ეგვიპტეს, არც ისრაელს, არც სირიას, არც ერაყსა და ირანს და რა თქმა უნდა, არც რუსეთს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს