ყველაფერი სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაიწყო, როდესაც ივანიშვილის დაფინანსებით სამხედრო ავტომობილები შეიძინეს...
ყველაფერი სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაიწყო, როდესაც ივანიშვილის დაფინანსებით სამხედრო ავტომობილები შეიძინეს...
ახალი სამხედრო ავტომობილები ქართული არმიისთვის

თავდაცვის სამინისტრო 500-ზე მეტი მოძველებული სამხედრო ავტომობილის ახალი, თანამედროვე მანქანებით ჩანაცვლების პროცესს იწყებს...

რას ნიშნავს ავტომობილი ჩვეულებრივი ადამიანისთვის? პირველ რიგში მობილურობას და დამოუკიდებლობას, ხოლო ნებისმიერი ქვეყნის არმიისთვის კი ავტომობილები, პირველ რიგში ოპერატიულად მოქმედების, გადაჯგუფებებისა და საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის წინაპირობაა.

მთელ არმიას ჯავშანმანქანებში ვერ ჩასვამ, ეს პირველი "ცივი ომის" დროს ვერც, უკიდურესად მილიტარიზებულმა საბჭოთა კავშირმა და ვერც ბევრად მდიდარმა აშშ-მა მოახერხეს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნების
არმიების შეირაღებაში ათი ათასობით ჯავშანტრანსპორტიორი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა ირიცხებოდა, სამხედრო დანაყოფების დიდი ნაწილი ჩვეულებრივი, ოღონდ მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილების ძარით გადაჰყავდათ.

სატვირთო ავტომობილების პარკი, დამოუკიდებლობა აღდგენილი საქართველოს ეროვნული გვარდიისა თუ შინაგანი ჯარებისთვის, ძირითადად ყოფილი საბჭოთა სამხედრო ნაწილების ავტოფარეხებიდან ივსებოდა, თუმცა სამოქალაქო პირებისთვის ძალით წართმეული
ავტომობილებით არაერთი გვარდიელი და მხედრიონელიც გადაადგილდებოდა.

საბჭოთა "ზილებს", "ურალებს", "კამაზებსა" და "უაზიკებს" დროთა განმავლობაში ბოლო მოეღოთ (მათ შორის არასწორი ექსპლუატაციის გამოც) და ქართული არმიის ავტოპარკის განახლების საკითხი წლების განმავლობაში ძალზე მწვავედ იდგა.

საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, დავით თევზაძის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, თურქეთმა ქართულ არმიას "ლენდ როვერები" აჩუქა, გარდა ამისა იტალიაში მდებარე ნატოს შენახვის ბაზიდან რამდენიმე ათეული მოძველებული სატვირთო "სტუდაბეკერი" მივიღეთ. 12 ჩინური სატვირთო ავტომობილი ჩინელმა სამხედროებმა გვიფეშქაშეს...

მაგრამ ამ პრობლემის მნიშვნელოვნად მოგვარება სააკაშვილის ხელისუფლების პირველ წლებში დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართული არმიის არააფიშირებული დაფინანსების შედეგად, უკრაინაში შეიძინეს "კრაზის" ტიპის მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების რამდენიმე პარტია. ქართული არმიის დანაყოფებში ასევე გამოჩნდა რუსული წარმოების, ახალი ორხიდიანი "კამაზების" მცირე რაოდენობაც.

აგვისტოს ომში დამარცხების ერთ-ერთ სამწუხარო სიმბოლოდ ცხინვალისკენ მიმავალ გზებზე ქართული არმიის "კრაზების" დამწვარი ჩონჩხებიც იქცა...

ამ სტატიის ავტორს ახსენდება, 8 აგვისტოს შუადღის შემდეგ, სოფელ ერგნეთთან თუ როგორ დაგვიცხრილა 30 მმ კალიბრის საავიაციო ქვემეხის ჭურვებით რუსულმა მოიერიშე სუ-25-მა სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის "ლენდ როვერი", დაჭრილი ბიჭების სამხედრო ამუნიცია ასფალტზე ეყარა, ავკრიფე და იქვე ხეებს შორის ჩამალული ამავე ბრიგადის "კრაზის" სატვირთო ძარაში ჩავყარე, მტერს რომ არ დარჩენოდა... ომის შემდეგ, როდესაც გავაანალიზე, თუ რაოდენ დიდი ალაფი წაიღეს რუსმა ოკუპანტებმა ქართული არმიის ნაწილებიდან (რომლებიც ღვთის ანაბრად იყო მიტოვებული და დღემდე არავინ აგო პასუხი იმაზე, თუ რატომ გავატანეთ მოწინააღმდეგეს ის ძვირდღირებული იარაღი და ტექნიკა, რომელთა დიდი ნაწილის გამოტანა, გადამალვა ან სულაც განადგურება შეგვეძლო), ჩემს მაშინდელ საქციელზე მწარედ მეცინება...

რუსეთთან ომის შემდგომ ქართულმა არმიამ უკრაინიდან მიიღო "კრაზების" ახალი პარტიები, დანაკლისის ნაწილობრივ შესავსებად.

მოგვიანებით გამოჩნდა პრობლემები უკრაინული "კრაზების" ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, რაც ძირითადად ამ სატვირთო ავტომობილების დიზელის ძრავებს ეხებოდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებში 500-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა, დასავლური წარმოების "ივეკოს", "მანისა" და "ფორდის" ავტომანქანებით ჩაანაცვლოს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, ოღონდ ქართული არმიის ლოგისტიკის სარდლობას მით უფრო გაუადვილდება მათი ექსპლუატაცია, რაც უფრო მეტი ერთი და იმავე ფირმის გამოშვებული მანქანა ეყოლება მოსავლელი და არ მოუწევს ათობით, სხვადასხვა მარკის ავტომობილების სათადარიგო ნაწილების ძებნა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ბადრი
03 ივლისი 2020 14:52
სამხედრო სატვირთო მანქანებიდან ე.წ. ,,ცხვირიან'' კაბინიანი სატვირთო მანქანები ჯობია, კრაზი იქნება თუ ურალი, სტუდაბეკერი ან ფორდი სულ ერთია. ავღანეთის ომის გამოცდილებამ უჩვენა რუსს სამხედროებს. უცხვირო კაბინიანი (კამაზი, გაზ-66) შედგებოდა თუ არა წინა ბორბლით მინაზე კაბინაში მჯდომ სამხედროებს გადარჩენის შანსს არ უტოვებდა, მაშინ როდესაც ურალში ან ზილ-131-ში გადარჩენის ალბათობა კიდევ იყო. თან წინა მხრიდან სროლისას ურალის ან ზილის მძღოლს მანქანის ძრავი იცავდა.
L.G
28 ივნისი 2020 19:03
Gigas!!! Arc araperi ar gayketebia bzbinas, arc jaristvis da arc kveknistvis!!! Erti aglymi ar chaytarebiat am shemogzavnilebs!!!!
გიგა
27 ივნისი 2020 18:50
zaza - ს

იიი ვის უმალავ ? ბნელა ? არმია დასუსტდა ბიძინას ხელში.

რუბრიკის სხვა სიახლეები