ყველაფერი სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაიწყო, როდესაც ივანიშვილის დაფინანსებით სამხედრო ავტომობილები შეიძინეს... - კვირის პალიტრა

ყველაფერი სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაიწყო, როდესაც ივანიშვილის დაფინანსებით სამხედრო ავტომობილები შეიძინეს...

ახალი სამხედრო ავტომობილები ქართული არმიისთვის

თავდაცვის სამინისტრო 500-ზე მეტი მოძველებული სამხედრო ავტომობილის ახალი, თანამედროვე მანქანებით ჩანაცვლების პროცესს იწყებს...

რას ნიშნავს ავტომობილი ჩვეულებრივი ადამიანისთვის? პირველ რიგში მობილურობას და დამოუკიდებლობას, ხოლო ნებისმიერი ქვეყნის არმიისთვის კი ავტომობილები, პირველ რიგში ოპერატიულად მოქმედების, გადაჯგუფებებისა და საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის წინაპირობაა.

მთელ არმიას ჯავშანმანქანებში ვერ ჩასვამ, ეს პირველი "ცივი ომის" დროს ვერც, უკიდურესად მილიტარიზებულმა საბჭოთა კავშირმა და ვერც ბევრად მდიდარმა აშშ-მა მოახერხეს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნების არმიების შეირაღებაში ათი ათასობით ჯავშანტრანსპორტიორი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა ირიცხებოდა, სამხედრო დანაყოფების დიდი ნაწილი ჩვეულებრივი, ოღონდ მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილების ძარით გადაჰყავდათ.

სატვირთო ავტომობილების პარკი, დამოუკიდებლობა აღდგენილი საქართველოს ეროვნული გვარდიისა თუ შინაგანი ჯარებისთვის, ძირითადად ყოფილი საბჭოთა სამხედრო ნაწილების ავტოფარეხებიდან ივსებოდა, თუმცა სამოქალაქო პირებისთვის ძალით წართმეული ავტომობილებით არაერთი გვარდიელი და მხედრიონელიც გადაადგილდებოდა.

საბჭოთა "ზილებს", "ურალებს", "კამაზებსა" და "უაზიკებს" დროთა განმავლობაში ბოლო მოეღოთ (მათ შორის არასწორი ექსპლუატაციის გამოც) და ქართული არმიის ავტოპარკის განახლების საკითხი წლების განმავლობაში ძალზე მწვავედ იდგა.

საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, დავით თევზაძის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, თურქეთმა ქართულ არმიას "ლენდ როვერები" აჩუქა, გარდა ამისა იტალიაში მდებარე ნატოს შენახვის ბაზიდან რამდენიმე ათეული მოძველებული სატვირთო "სტუდაბეკერი" მივიღეთ. 12 ჩინური სატვირთო ავტომობილი ჩინელმა სამხედროებმა გვიფეშქაშეს...

მაგრამ ამ პრობლემის მნიშვნელოვნად მოგვარება სააკაშვილის ხელისუფლების პირველ წლებში დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართული არმიის არააფიშირებული დაფინანსების შედეგად, უკრაინაში შეიძინეს "კრაზის" ტიპის მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების რამდენიმე პარტია. ქართული არმიის დანაყოფებში ასევე გამოჩნდა რუსული წარმოების, ახალი ორხიდიანი "კამაზების" მცირე რაოდენობაც.

აგვისტოს ომში დამარცხების ერთ-ერთ სამწუხარო სიმბოლოდ ცხინვალისკენ მიმავალ გზებზე ქართული არმიის "კრაზების" დამწვარი ჩონჩხებიც იქცა...

ამ სტატიის ავტორს ახსენდება, 8 აგვისტოს შუადღის შემდეგ, სოფელ ერგნეთთან თუ როგორ დაგვიცხრილა 30 მმ კალიბრის საავიაციო ქვემეხის ჭურვებით რუსულმა მოიერიშე სუ-25-მა სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის "ლენდ როვერი", დაჭრილი ბიჭების სამხედრო ამუნიცია ასფალტზე ეყარა, ავკრიფე და იქვე ხეებს შორის ჩამალული ამავე ბრიგადის "კრაზის" სატვირთო ძარაში ჩავყარე, მტერს რომ არ დარჩენოდა... ომის შემდეგ, როდესაც გავაანალიზე, თუ რაოდენ დიდი ალაფი წაიღეს რუსმა ოკუპანტებმა ქართული არმიის ნაწილებიდან (რომლებიც ღვთის ანაბრად იყო მიტოვებული და დღემდე არავინ აგო პასუხი იმაზე, თუ რატომ გავატანეთ მოწინააღმდეგეს ის ძვირდღირებული იარაღი და ტექნიკა, რომელთა დიდი ნაწილის გამოტანა, გადამალვა ან სულაც განადგურება შეგვეძლო), ჩემს მაშინდელ საქციელზე მწარედ მეცინება...

რუსეთთან ომის შემდგომ ქართულმა არმიამ უკრაინიდან მიიღო "კრაზების" ახალი პარტიები, დანაკლისის ნაწილობრივ შესავსებად.

მოგვიანებით გამოჩნდა პრობლემები უკრაინული "კრაზების" ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, რაც ძირითადად ამ სატვირთო ავტომობილების დიზელის ძრავებს ეხებოდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებში 500-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა, დასავლური წარმოების "ივეკოს", "მანისა" და "ფორდის" ავტომანქანებით ჩაანაცვლოს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, ოღონდ ქართული არმიის ლოგისტიკის სარდლობას მით უფრო გაუადვილდება მათი ექსპლუატაცია, რაც უფრო მეტი ერთი და იმავე ფირმის გამოშვებული მანქანა ეყოლება მოსავლელი და არ მოუწევს ათობით, სხვადასხვა მარკის ავტომობილების სათადარიგო ნაწილების ძებნა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს