სტალინის "მიბაძვა" პუტინს მილიარდი რუბლი დაუჯდა... - კვირის პალიტრა

სტალინის "მიბაძვა" პუტინს მილიარდი რუბლი დაუჯდა...

24 ივნისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის ცენტრში, "წითელ მოედანზე" გრანდიოზული სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელიც გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების 75-ე წელს მიეძღვნა.

წესით, ეს აღლუმი ტრადიციულად, 9 მაისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ბრძანებით, ის 24 ივნისს გადმოიტანეს და ისტორიულად დაუკავშირეს 1945 წლის 24 ივნისის გამარჯვების აღლუმს, როდესაც მავზოლეუმთან, სტალინის ტრიბუნის წინ, ასობით გერმანული შტანდარტი დაყარეს და დაწვეს.

ისე, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ როდის გაიმართებოდა ეს სამხედრო აღლუმი, რადგან 9 მაისსაც და 24 ივნისსაც, რუსეთში ყოველდღიურად 7-9 ათასი ადამიანი ავადდებოდდა კორონავირუსით, გარდაცვლილთა რიცხვი კი 100-200 შორის მერყეობს დღე-ღამეში.

მაგრამ, გარდა იმისა, რომ ამ აღლუმში მონაწილე 14 ათასზე მეტი სამხედრო ერთმანეთთან მჭიდროდ კონტაქტობდა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კორონავირუსის მასობრივად გადადების შანსს, ერთ საათიანი საზეიმო ჩვენება რუსეთის ბიუჯეტს არანაკლებ ერთი მილიარდი რუბლი დაუჯდა!

ალექსეი ნავალნიმ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მთავარი ოპონენტია, კაპიკ-კაპიკ დაუთვალა პუტინს, თუ რა დაჯდა აღლუმისთვის უცხოელი სტუმრების მიწვევა, ომის ვეტერანების წინასწარი ორკვირიანი იზოლაცია, სანამ პუტინის გვერდით დასხდებოდნენ, ღრუბლების "გარეკვა" მოსკოვის თავზე, პირდაპირი სატელევიზიო ეთერი და ა.შ.

საერთო ჯამში, ერთ საათიანი სამხედრო აღლუმის ჩატარების თანხამ ერთ მილლიარდ რუბლს მიაღწია, თუმცა ამ თანხაში არ შედის აღლუმზე ნაჩვენები სამხედრო ტექნიკის საწვავის დანახარჯი, მათ შორის, მოსამზადებელ რეპეტიციებზეც.

რუსულ სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი კომენტარი იდება იმის შესახებ, რომ "მუდმივმა" პუტინმა რუსეთის მოსახლეობას "ლხინი ჭირის დროს" მოუწყო და ძალიან შიშობენ, "აღლუმის კორონავირუსი" კიდევ უფრო არ დაერიოს მათ ქვეყანას, როდესაც აღლუმის მონაწილე სამხედროები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, თავიანთი მუდმივი დისლოცირების ადგილებზე დაბრუნდებიან.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს