გაგიჟებული რუსი ჯარისკაცი პუტინამდე არ მიუშვეს - ნახეთ როგორ დაესხა რიგითი ეროშენკო დაცვის ფედერალური სამსახურის მანქანას თავს პუტინის მილიარდიან აღლუმზე - კვირის პალიტრა

გაგიჟებული რუსი ჯარისკაცი პუტინამდე არ მიუშვეს - ნახეთ როგორ დაესხა რიგითი ეროშენკო დაცვის ფედერალური სამსახურის მანქანას თავს პუტინის მილიარდიან აღლუმზე

24 ივნისს მოსკოვში, წითელ მოედანზე 75 წლის შემდეგ ჩატარებული "გამარჯვების აღლუმით" პუტინმა სტალინთან "დატოლება" სცადა, თუმცა ნელ-ნელა მჟღავნდება ის ექსცესები, რაც პუტინის ამ მილიარდიან აღლუმს ახლდა.

რუსი სამხედროების ახალი ჯავშანტრანსპორტიორი "ბუმერანგი" აღლუმზე ჩავლის შემდეგ, მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე კვამლის ბუღში გაეხვია, როგორც აღმოჩნდა, ძრავის გაგრილების სისტემაში მილის დაზიანებამ ეს ჯავშანმანქანა კინაღამ ხანძრის პირას მიიყვანა.

მანამდე კი მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა სიმბოლომ Т-34 ტიპის ტანკმა მოსკოვის ერთ-ერთი ქუჩა "მოხნა", ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით.

მაგრამ იმან, რაც მოხდა აღლუმის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, ყველაფერი გადაფარა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში საოცარი რამ ხდება - აღლუმის დაწყების მომლოდინე სამხედროთა ჯგუფს ეყოფა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილი პირი და "მოსინის" შაშხანის კონდახით იწყებს იქვე მდგარი მინივენის მინების ჩამსხვრევას, სანამ მასთან უსაფრთხოების თანამშრომლები არ მიირბენენ, წააქცევენ და ცემას უწყებენ...

როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღლუმში მონაწილე რუსეთის არმიის სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცი ნიკიტა ეროშენკო თურმე იმ ფაქტმა გააღიზიანა,  რომ ის აღლუმის წინ მოხსნეს სამხედროების კოლონიდან და რეზერვში გადაიყვანეს, არადა, მას თურმე საოცრად სდომებია პრეზიდენტ პუტინის წინ ჩავლა და ამით მშობლებთან და შეყვარებულთან თავის მოწონება.

სააღლუმო კოლონიდან რიგითი ეროშენკოს გამოყვანის მიზეზი კი შეიძლება ის გამხდარიყო, რომ მას უჭირდა მწყობრში გამართულად სიარული, რის გამოც სხვა ჯარისკაცებსაც დამატებით ავარჯიშებდნენ და უკმაყოფილება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა ეროშენკოსა და ერთ სხვა ჯარისკაცს შორის.

სააღლუმო კოლონიდან მოხსნილმა და გაცოფებულმა ეროშენკომ შურისძიება იქვე მდგარ მინივენში მსხდომთა მიმართ განიზრახა, რომლებიც თურმე მას ტონირებული მინების მეორე მხრიდან ასხივებდნენ.

მინებჩამსხვრეული მინივენი კი არც მეტი და არც ნაკლები, რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის კუთვნილება აღმოჩნდა, რომელშიც ის კონტრმზვერავები ისხდნენ, ვისაც აღლუმში მონაწილე სამხედროების შესწავლა და დაკვირვება ევალებოდათ.

რიგით ეროშენკოს კარგად მოეხსენებოდა, რომ ამ მინივენში სწორედ ის კონტრმზვერევები ისხდნენ, ვინც მას მავზოლეუმთან,  პუტინის წინ ჩავლის ოცნება მოუსპეს და ამიტომაც მიზანმიმართულად და თანაც კონკრეტული სახელმწიფო ორგანოს მიმართ რამდენიმესართულიანი გინებით ამსხვრევდა მისი სათაყვანებელი პუტინის დაცვის სამსახურის სპეცმანქანას.

 პუტინის დაცვის მინივენი სპეცაპარატურით, რომელსაც თავს რუსი რიგითი დაესხა

დაკავებული ეროშენკოსთვის, ჯერ შეიძლება პრეზიდენტ პუტინზე თავდასხმის მცდელობაც კი დაებრალებინათ, მაგრამ მოგვინებით ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანეს შესამოწმებლად.

მას ალბათ სწორედ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზს დაუსვამენ, მაგრამ რიგითი ეროშენკო შეიძლება ძალიან არც ცდებოდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტის დაცვის სამსახურს დასხივებაში ადანაშაულებდა - სტალინისდროინდელ სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა და მეფის რუსეთის დროინდელი კარაბინით აღჭურვილმა პუტინის პერიოდის რუსმა ჯარისკაცმა ეროშენკომ ლურჯი ფერის "ფოლკსვაგენის" მინების ჩამსხვრევამდე ალბათ კარგად დააფიქსირა, რომ ამ მინივენის სახურავზე თეთრი ფერის, ცილინდრის ფორმის სპეციალური ანტენა იყო დამონტაჟებული, რომელიც მაღალი სიხშირის ტალღების გამოსასხივებლად გამოიყენება, რათა ჩაახშოს ის რადიოდიაპაზონები, რომლებზეც ტერორისტებმა შეიძლება დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება სცადონ...

იხილეთ ასევე: "2008 წელს თბილისამდე არ მივედით და გავჩერდით... და ახლა რა გვაქვს?" - რატომ გაახსენა პუტინის აღლუმმა რუს ჟურნალისტს აგვისტოს ომი?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს