ამერიკული დაზვერვა ეჭვობს, რომ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მკვლელობებს თალიბებს რუსეთის გრუ უკვეთავს
ამერიკული დაზვერვა ეჭვობს, რომ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მკვლელობებს თალიბებს  რუსეთის გრუ უკვეთავს
ამერიკული დაზვერვა ეჭვობს, რომ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მკვლელობებს თალიბებს  რუსეთის გრუ უკვეთავს. ამერიკული მხრიდან ასეთი ინფორმაციის გავრცელებას, სიმართლე, რომ გითხრათ, თითქმის ოცი წელი ველოდი, 2001 წლის შემოდგომიდან, მას შემდეგ, რაც 11 სექტემბრის ტერაქტების გამო თეთრმა სახლმა შორეულ ავღანეთში თავისი საბრძოლო დანაყოფები გადაისროლა.
ასეთი მოლოდინი კი იმით იყო გამოწვეული, რომ გაპრეზიდენტებული, ყოფილი "კეგებეშნიკი" პუტინი არ შეარჩენდა აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ავღანელი მოჯაჰედებისთვის იმ დახმარებას, რამაც 1979-89 წლებში ამ ქვეყანაში მყოფ საბჭოთა
ჯარებს დიდი დანაკლისი მიაყენა.

მაშინ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ავღანეთსა და პაკისტანში ახორციელებდა ძვირადღირებულ საიდუმლო ოპერაციას "ციკლონი", რომლის მიზანი გახლდათ ავღანელი მოჯაჰედების საბრძოლო მომზადება პაკისტანის ტერიტორიაზე, მათი შეიარაღება და გადაგზავნა ავღანეთში, იქ განთავსებული საბჭოთა მე-40 არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

"ციკლონის" საიდუმლო ოპერაციის მთავარ შემადგენელ ნაწილად კი
იქცა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების "სტინგერების" გადაცემა მოჯაჰედებისთვის, რაც უდიდეს თავის ტკივილად იქცა ავღანეთის ცაში მფრენი საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ეკიპაჟებისთვის.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველომ ავღანელ მოჯაჰედებს 1986 წლის შემოდგომიდან 1989 წლის დასაწყისამდე "სტინგერის" ათასამდე საზენიტო რაკეტა გადასცა, რომელთაგან არანაკლებ 350 გამოიყენეს საბრძოლო სიტუაციებში და ჩამოგდებული ან დაზიანებული იქნა ორ ასეულამდე საბჭოთა საფრენი აპარატი.

ბრეჟნევის მიერ დაწყებული ავღანეთის ომი გორბაჩოვმა დაამთავრა, თუმცა კრემლის კაბინეტებში, ისევე როგორც რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილში დარჩა შეგრძნება, რომ ავღანეთის ომში მათ სწორედ ამერიკულმა სპეცსამსახურებმა წააგებინეს, რისთვისაც ამერიკა სამაგიეროს გადახდას იმსახურებდა...

მართლაც, 2001 წლის ბოლოდან ამერიკელები ღრმად ჩაეფლენ ავღანეთის ახალ ომში და თითქმის ოცი წლის განმავლობაში იქ ოთხი ათასამდე მებრძოლი დაკარგეს, ბევრად მეტი კი დაეჭრათ.

და აი, ომის დაწყებიდან, მეოცე წლისთვის, ცნობილი ამერიკული გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსი" ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით, 27 ივნისს ავრცელებს სენსაციურ მასალას იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა - გრუ, ფარულად აფინანსებდა თალიბების ლიდერებს და მათ ავღანეთში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმას უკვეთავდა!

ეს ძალინ სერიოზული ბრალდებაა და თუკი ამერიკულ დაზვერვას ამის უტყუარი დამატკიცებელი ფაქტები ნადვილად მოეპოვება, მაშინ რუსეთს შეიძლება ბრალი დასდონ საერთაშორისო ტერორიზმის დახმარებასა და ფინანსირებაში! ეს კი უკვე სერიოზული საერთაშორისო სანქციების, რომლებიც ისედაც არ აკლია კრემლს, დაწესების მიზეზად იქცეს...

ვნახოთ, რამდენად შეძლებენ ამერიკელი მზვერავები ასეთი უტყუარი ფაქტების მოპოვებას, მაგრამ ის, რომ პუტინს სურს ამერიკა რაც შეიძლება ღრმად ჩაეფლოს დაუმთავრებსლ ავღანეთის ომში, ეს უტყუარია...

P.S. თუკი რუსეთის სამხედრო დაზვერვა მართლაც უკვეთავს თალიბებს ავღანეთში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და საავტომობილო კონვოებზე თავდასხმებს, გამოდის, რომ სამიზნეში იქ მყოფი ქართველი სამხედროებიც ხვდებიან?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს





ვახო
02 ივლისი 2020 15:39
კონვოის ნაცვლად ქართულ ენოვან სტატიაში შეგეძლოთ, კოლონა დაგეწერათ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
დღის კითხვადი სტატიები