გენშტაბის უფროსი თავდაცვის ძალების მეთაური გახდა - კვირის პალიტრა

გენშტაბის უფროსი თავდაცვის ძალების მეთაური გახდა

ქართულ არმიაში 1-ელ ივლისს მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება განხორციელდა - საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პოსტზე გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია მისმა მოადგილემ, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე ასევე ასრულებდა გენშტაბის უფროსის მოვალეობასაც.

საკადრო ცვლილებები ნებისმიერ მთავრობაში და სამინისტროებში, ბუნებრივი პროცესია, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული კითხვები იმიტომ დაიბადა, რომ გენერალი ჩაჩიბაია თავდაცვის ძალების მეთაურად მხოლოდ 2018 წლის ბოლოს დაინიშნა და ამ მაღალ თანამდებობაზე კიდევ შეეძლო რამდენიმე წელი ყოფნა.

არ არის გამორიცხული, რომ გენერალ ჩაჩიბაიას მიერ ამ პოსტის დროზე ადრე დატოვებაზე გარკვეული გავლენა, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციამაც მოახდინა.

გასული წლის შემოდგომაზე, დიდ პოლიტიკაში თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნებულმა ირაკლი ღარიბაშილმა, დეკემბერში თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ გადმოაყვანინა დასავლეთის მიმართულების სარდალი გიორგი მათიაშვილი, რის შემდეგაც კულუარებში იშვა ვარაუდი, რომ მას თავდაცვის ძალების მეთაურის პოსტზე, გენერალ ჩაჩიბაიას ჩასანაცვლებლად ამზადებდნენ.

მართლაც, ბოლო ორი კვირა, ყველა ღონისძიებაზე, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ატარებდა, ფოტო-ვიდეო კადრებში ირაკლი ღარიბაშვილის გვერდით სწორედ გენერალ-მაიორი მათიაშვილი ფიქსირდებოდა და არა მისი უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჩაჩიბაია.

მისასალმებელია, რომ თავდაცვის მეთაურის მოვალეობის გადაცემა ოფიციალურად გაიმართა მე-4 ქვეით ბრიგადაში, თავდაცვის მინისტრისა და უმაღლესი მთავარსარდლის - პრეზიდენტის მონაწილეობით და არ მოხდა ისე სამარცხვინოდ, უახლესი ისტორიიდან, როდესაც სამსახურში დილას მისულ მაღალჩინოსანს თავის კაბინეტში, სავარძელში უკვე სხვა, მის ადგილზე დანიშნული ხვდებოდა.

საინტერესოა ისიც, რომ თავდაცვის ძალების მეთაურის პოსტის დატოვებისთანავე, გენერალ-ლეიტენანტმა ჩაჩიბაიამ თადარიგში გასვლის შესახებ განაცხადა.

49 წლის გენერალ-ლეიტენანტისთვის თადარიგში გასვლა ერთი შეხედვით დიდ მოულოდნელობად მოჩანს, რადგან მას კანონი კიდევ ათ წელზე მეტ ხანს სამხედრო სამსახურში დარჩენის უფლებას აძლევს.

მაგრამ, სხვა მხრივ, გასაგებია გენერალ ჩაჩიბაიას ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება, რადგან თავის დროზე, ის იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენშტაბის უფროსი, თავდაცვის ძალების მეთაური და ასეთი მაღალი სამხედრო თანამდებობების შემდეგ, სხვა უფრო დაბალ პოზიციაზე სამხედრო სამსახურის გაგრძელება მართლაც ცოტა რთულად გამოიყურება.

თუმცა, გენერლის მუნდირის ცივილური კოსტიუმით ჩანაცვლების მიუხედავად, თავდაცვის ძალების პირველი და უკვე ყოფილი მეთაური, სავარაუდოდ უკმაყოფილო არ დარჩება, რადგან მოარული ხმების თანახმად, ის მმართველი პარტიის სიაში შევა შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს