სომეხი და აზერბაიჯანელი გენერლები ერთმანეთის ქალაქებს სარაკეტო დარტყმებით დაემუქრნენ... - კვირის პალიტრა

სომეხი და აზერბაიჯანელი გენერლები ერთმანეთის ქალაქებს სარაკეტო დარტყმებით დაემუქრნენ...

თუკი სომხეთიდან გაშვებული რუსული "ისკანდერი" ბაქოსკენ გაფრინდება, ნახიჩევანიდან ერევნამდე აზერბაიჯანის ბელორუსულ "პოლონეზს" მხოლოდ 60-იოდე კმ-ის გადალახვა დასჭირდება...

სომხეთ-აზერბაიჯანი, რომ ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში იმყოფება ბოლო 30 წელზე მეტი, არახალია, მაგრამ ის, რომ სომეხი და აზერბაიჯანელი გენერლები ერთმანეთს სარაკეტო დარტყმებით ბაქოსა და ერევნის განადგურებებით დაემუქრნენ, მართლაც სერიოზულად ძაბავს სიტუაციას მთლიანად სამხრეთ კავკასიაში.

ჯერ იყო და სომხეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვაგარშაკ არუთინიანმა სომხურ მასმედიას განუცხადა, რომ სომხეთის არმიას დღეს შესწევს იმის უნარი, რომ აზერბაიჯანთან ფრონტის ხაზის მიღმა, ღრმა ზურგშიც განახორციელოს სარაკეტო დარტმები, მათ შორის განჯაზე, სუმგაითზე და თვით ბაქოზეც კი...

როგორც მოსალოდნელ გახლდათ, სომეხ გენერალს მაშინვე გამოეპასუხა აზერბაიჯანელი "კოლეგა", აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სარაკეტო-საარტილერიო სამსახურის ყოფილი უფროსი, გენერალი აჰად აზიზოვი, რომელმაც სამხედრო გამოცემას Azeridefence-ს შემდეგი განუცხადა: "ჩვენ შეგვიძლია გავანადგუროთ სომხეთის დიდი და პატარა ქალაქები, ნახიჩევანიდან ერევნამდე მხოლოდ 60 კმ-ია და ადვილად შეგვიძლია დავაზიანოთ ნებისმიერი სტრატეგიული ობიექტი ერევანში, მათ შორის, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის ჩათვლით... აზერბაიჯანელმა გენერალმა, რომელიც წლების განმავლობაში მეთაურობდა სარაკეტო დანაყოფებს, იქვე დაამატა, რომ აზერბაიჯანის არმიის რაკეტები სომხეთის გიუმრამდეც წვდებიან და ასევე ადვილად შეუძლიათ მეწამორის ატომური ელექტროსადგურის განადგურებაც,მ აგრამ ეს ეკოლოგიური თვალსაზრისით ძალზე სახიფათო იქნება თავად აზერბაიჯანისთვისაც და თურქეთისთვისაცო...

როგორც ვხედავთ, სომეხმა და აზერბაიჯანელმა, მართალია ყოფილმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა, სიტყვიერად ერთმანეთის ქალაქები ნანგრევებად "აქციეს" და სამხრეთ კავკასიას კინაღამ მეორე ჩერნობილიც "მოუწყვეს", მაგრამ რეალურად კი ძალუძთ ამის გაკეთება თუ ეს მხოლოდ სიტყვებით ბაქი-ბუქია?

სომხეთის არმიაში პირველი, შორი მოქმედების რადიუსის სარაკეტო სისტემები, ჯერ კიდევ 1999 წელს გამოჩნდა, როდესაც პეკინმა ერევანს რვა ერთეული WM-80 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა მიჰყიდა, რომლებსაც ნახევარტონიანი რაკეტების გაშვება მაქსიმალურ, 80 კმ-ზე შეეძლოთ.

მოგვიანებით, სომხეთმა ჩინეთიდან დამატებით, ექვსამდე AR1A ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარიც შეიძინა, რომელსაც რაკეტის გაშვება უკვე 130 კმ-მდე შეეძლო. ამის პარალელურად, რუსეთმა სომხეთის არმიას შეირაღებაში გადასცა 35 კმ-ზე მსროლელი "ურაგანებისა" და 90 კმ-ზე მოქმედი "სმერჩების", ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების რამდენიმე ბატარეა.

სომხეთის არმიის "სარაკეტო მუშტი" მნიშვნელოვნად გააძლიერა რუსეთიდან გადასროლილმა Точка-У ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების, არანაკლებ ოთხმა დანადგარმა ,რომლებსაც ორტონიანი რაკეტის გაშვება 120 კმ-მდე შეუძლიათ.

ყველაფერი კი დააგვირგვინა, ერევანში, სამხედრო აღლუმზე ჩავლილმა "ისკანდერის" ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის ოთხმა დანადგარმა, რომლებიც სომხეთის არმიის კამუფლირებულ ფერებში იყვნენ გადაღებილნი. "ისკანდერის" 3,8 ტონიანი მართვადი რაკეტის ფრენის მაქსიმალური სიშორე 500 კმ-ია (საექსპორტო ვარიანტის 300 კმ-მდეა შემცირებული), რაც სომხეთის ტერიტორიიდან თითქმის ნებისმიერ აზერბაიჯანულ სტრატეგიულ პუნქტამდე მიღწევის გარანტიას იძლევა.

თუმცა, ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ეს "ისკანდერები" გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე ინახებიან და მათ რეალურად რუსი და არა სომეხი ოფიცრები აკონტროლებენ.

რაც შეეხება აზერბაიჯანის სარაკეტო შესაძლებლობებს, ის შეიძლება აღემატება კიდეც სომხეთისას, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა ბაქოს "ისკანდერები" დღემდე არ მიჰყიდა.

სამაგიროდ, აზერბაიჯანის არმიის შეირაღებაში გამოჩნდა ბელორუსულ-ჩინური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები "Полонез"-ები, რომელთა მოქმედების მაქსიმალური რადიუსი ასევე 300 კმ-ს უახლოვდება.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის შეირაღებაშია იგივე საბჭოთა "ურაგანები" და "სმერჩები", ასევე ისრაელის წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები Lynx Extra და ოპერატიულ-სარაკეტო კომპლექსები LORA, რომლის 1,7 ტ-იანი მართვადი რაკეტა მიზანს თითქმის 400 კმ-ში აზიანებს.

როგორც ხედავთ, ჩვენმა მეზობლებმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, ბოლო წლებში მართლაც შექმნეს იმის საბრძოლო პოტენციალი, რომ გააჩაღონ "სარაკეტო ომი" და ერთმანეთს თითქმის ნებისმიერი ქალაქი გადაუბუგონ...

P.S. აზერბაიჯანელი გენერლის მუქარაზე, ერევანში, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაზე ზუსტი სარაკეტო დარტყმის განხორციელებაც კი შეგვიძლია, გამახსენდა-საუკუნეების მიჯნაზე, ერევანში მოგვიწია ჩასვლა რაღაც კონფერენციაზე და სომხეთის, ახალაშენებულ თავდაცვის სამინისტოში თავად მინისტრთანაც გვქონდა შეხვედრა. მაშინ პირველი რაც გავიფიქრე - სამინისტროს შენობის მოზრდილი კომპლექსი ქალაქის განაპირას იყო და კარგ რადიოკონტრასტულ სამიზნეს წარმოადგენს რადიოლოკაციური და ოპტიკური დამიზნების სისტემის მქონე მართვადი რაკეტებისთვსის-თქო...

შეხვედრა კი სწორედ ვაგარშაკ არუთინიანთან შედგა, რომელსაც იმ მომენტში სომხეთის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა და კარგად ერკვეოდა ქართულ რეალობაში, რადგან ახალქალაქში დაიბადა 1956 წელს.

სწორედ იმ შეხვედრაზე ვკითხე პირდაპირ სომხეთის თავდაცვის მინისტრს - თუკი მეზობლები და მეგობრები ვართ, რუსი პილოტის ჟიტნიკოვის მიერ 1993 წლის ნოემბერში კოპიტნარიდან გატაცებული ახალთახალი ქართული Су-25К ტიპის მოიერიშე დღემდე სომხეთის ცაში რატომ დაფრინავს-მეთქი, რაზეც სხარტი პასუხი მაშინვე მივიღე - რასაც თქვენ ვერ გაუფრთხილდით, დღეს ჩვენიაო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს