მე კაშხალს აგიფეთქებ, მე კი - ატომურ ელექტროსადგურს... - მუქარები, რაც უკვე სომხურ-აზერბაიჯანულ დაპირისპირებას ცდება
მე კაშხალს აგიფეთქებ, მე კი - ატომურ ელექტროსადგურს... -  მუქარები, რაც უკვე სომხურ-აზერბაიჯანულ დაპირისპირებას ცდება
ურთიერთმუქარები, რაც უკვე სომხურ-აზერბაიჯანულ სამხედრ-პოლიტიკურ დაპირისპირებას ცდება და რეგიონალურ და თვით მსოფლიო დონის ტექნოგენური კატასტროფის გამოწვევის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს...

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესპიკერის, პოლკოვნიკის განცხადებამ, რომ აზერბაიჯანის არმიას გააჩნია იმის საშუალება, რომ ზუსტი სარაკეტო დარტყმებით გაანადგუროს სომხეთის მეწამორის ატომური ელექტროსადგური, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ამის მიზეზი კი ის იყო, რომ განცხადების ავტორი ოფიციალური პირი გახლდათ, თუმცა ყოველივე ამის ფონზე ჩრდილში დარჩა, ის გარემოება თუ რატომ გააკეთა ასეთი სკანდალური განცხადება აზერბაიჯანელმა
პოლკოვნიკმა.

მან, ფაქტობრივად, პასუხი გასცა სომხურ მედიასა და სოციალურ ქსელებში აგორებულ საინფორმაციო შეტევებს იმის შესახებ, რომ სომხეთს შეუძლია ნებისმიერი აზერბაიჯანული სტრატეგიული ობიექტის განადგურება, მათ შორის მინგეჩაურის წყალსაცავის კაშხლისაც, რაც რიგი აზერბაიჯანული ქალაქებისა და სოფლების წალეკვას გამოიწვევსო...

მინგეჩაურის კაშხლის განადგურების შესაძლებლობაზე, ჯერ კიდევ 12 ივლისამდე (როდესაც
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა) ლაპარაკობდა სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი ვაგარშაკ არუთინიანი, თუმცა დღეისთვის არც ის წარმოადგენს სომხეთის ოფიციალურ პირს.
მინგეჩაურის ელექტროსადგურის კაშხალი
სწორედ ის გარემოება, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირი სამოქალაქო ობიექტის-ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით დაიმუქრა მაშინ, როდესაც სომხეთის ოფიციალურ პირებს არაფერი უთქვამთ მინგეჩაურის კაშხლის აფეთქებაზე, დღეს აქტიურად გამოიყენება ოფიციალური ერევნის მხრიდან ბაქოს "ატომურ ტერორიზმში" დასადანაშაულებლად.

სიტყვიერი მუქარები გასაგებია, მაგრამ მართლაც შეუძლია თუ არა სომხეთს მინგეჩაურის წყალსაცავის კაშხლის აფეთქება, ხოლო აზერბაიჯანს კი მეწამორის ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა?

მდინარე მტკვრის კალაპოტის გადაკეტვით 1959 წელს აზერბაიჯანში მინგეჩაურის წყალსაცავი შექმნეს, რომლის ფართობი 605 კვ.კმ-ია. მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის სიგრძე 1550 მ-ს აღწევს, სიგანე 16 მ-ია, ხოლო სიმაღლე კი - 80 მ.

აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს მინგეჩაურის კაშხლის უსაფრთხოებისთვის პერიმეტრზე სპეციალური რადიოლოკაციური კონტროლის სისტემა აქვთ დაყენებული, რომელიც ყველა მოძრავ ობიექტს აფიქსირებს, დამონტაჟებულია ადამიანის სახის ამომცნობი ვიდეოსისტემა, ხოლო ელექტროსადგურის სიახლოვეს განთავსებულია საჰაერო-თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები.

აზერბაიჯანელები ტყუილად როდი იცავენ ასე განსაკუთრებულად მინგეჩაურის კაშხალს, მათ იციან, რომ ეს სტრატეგიული ობიექტი სომხეთის სადაზვერვო-დივერსიული ქმედების ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნეა.

სომხეთის საზღვრიდან მინგეჩაურის კაშხლამდე ყველაზე უმცირესი მანძილი 107 კმ-ს შეადგენს, რაც სომხეთის არმიას საშუალებას აძლევს იქამდე "ისკანდერებისა" და "ტოჩკა-უ"-ების გარდა, ჩინეთიდან ნაყიდი AAR1AA ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების რაკეტებითაც კი მიწვდეს, აღარაფერს ვამბობთ Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისა და უფრო თანამედროვე Су-30СМ ტიპის (ოთხი ასეთი თვითმფრინავი სომხეთმა რუსეთისგან წლის დასაწყისში მიიღო) მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენების შესაძლებლობაზე.
მეწამორის ატომური ელექტროსადგური
აზერბაიჯანის საზღვრიდან მეწამორის ატომური ელექტროსადგური 124 კმ-ითაა დაშორებული, თუმცა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრამდე მხოლოდ 75 კმ თუ აშორებს.

აზერბაიჯანის არმიის შეირაღებაში არსებული "პოლონეზის", "ტოჩკა-უ"-ს და "ლორას" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გარანტირებულად წვდებიან ამ ატომურ ელექტროსადგურამდე, ხოლო ნახიჩევანიდან მისი სამიზნეში ამოღება "სმერჩის" ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდანაც შეუძლიათ, ასევე გასათვალისწინებელია აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალების Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო პოტენციალიც.

თუმცა მეწამორის ატომური ელექტროსადგური სომხეთისთვისაც მთავარ სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს, რომლის ანტიდივერსიულ უსაფრთხოებას სომხეთის სპეცსამსახურები და შინაგანი ჯარები იცავენ, ხოლო საჰაერო თავდაცვას ახორციელებს უშუალოდ ატომური ელექტროსადგურის გარშემო დისლოცირებული რუსი მეზენიტეების С-300В ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემები და ერევან-იუჟნის სამხედრო აეროდრომზე განთავსებული 18 რუსული МиГ-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი.

ასე რომ, სახმელეთო და საჰერო თავდაცვა ორივე, ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ქვეყნების სტრატეგიულ ობიექტებს - აზერბაიჯანის მინგეჩაურის ელექტროსადგურის კაშხალსა და სომხეთის მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს, მაღალ დონეზე აქვთ უზრუნველყოფილი, თუმცა ეს ბოლომდე არ გამორიცხავს მათ დაზინება-განადგურების შესაძლებლობას "წერტილოვანი" მასიური სარაკეტო დარტყმების გახორციელების შემთხვევაში...

არადა, სომხეთის მეწამორის ატომური ელექტროსადგურიდან თბილისამდე პირდაპირო ხაზით მხოლოდ 137 კმ-ია და არავინ იცის საით დაუბერავს ქარი...


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ia
20 ივლისი 2020 22:43
უფალი შეგვეწიოს, წამიკითხავს, რომ ატომური აფეთქებისას ადამიანმა იოდი უნდა წაისვას სხეულის ნაწილებზე და რამდენიმე წვეთი წყალში განზავებული დალიოსო.( ოღონდ ეს მაშინვე სწრაფად უნდა გაკეთდეს.)
keti
18 ივლისი 2020 15:43
საბოლოო ჯამსჰი ორივე განადგურებული და აპეტკებული დარცჰება მა ტავზე კი რუსეტი გამარჯვებული კარგია გონს მოეგონ დროულად მერე არ ინანონ ორივე კვეკანამ
ტოტო
18 ივლისი 2020 09:06
კიდევ ერთი მაგალითი იმისა,რომ "ბავშვებისათვის" იარაღის მიცემა არ შეიძლება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები