პუტინს ნიდერლანდებმა ჩამოგდებული "ბოინგის" გამო ექვსი წლის თავზე უჩივლა
პუტინს ნიდერლანდებმა ჩამოგდებული "ბოინგის" გამო ექვსი წლის თავზე უჩივლა
17 ივლისს, ექვსი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის თავზე, მალაიზიური სამგზავრო "ბოინგი" საზენიტო "ბუკის" რაკეტით ჩამოაგდეს, რასაც 298 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ა.წ. 9 მარტს, ნიდერლანდებში, ჰააგის საოლქო სასამართლოში დაიწყო "ბოინგის" საქმის განხილვა. პროცესში ფიგურირებს იმ ოთხი ბრალდებულის (სამი რუსეთის და ერთი
უკრაინის მოქალაქე) გვარი, რომლებიც 2014 წლის ივლისში უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში პრორუსულ შეიარაღებულ ჯგუფებს ხელმძღვანელობდნენ და, სავარაუდოდ, უშუალოდ მონაწილეობდნენ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე საზენიტო "ბუკის" ფარულ გადაყვანასა და
საზენიტო რაკეტის გაშვების ნებართვის გაცემაში.

მაგრამ, როგორც ჩანს ეს სასამართლო დროში გაიწელება და შეიძლება ერთი-ორი წელი კიდევ დასჭირდეს მისი განჩინების მოლოდინს, თუნდაც იმიტომ, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის (დანაჩენი სამი ბრალდებული საერთოდ არ გამოჩენილა) ადვოკატები სასამართლო პროცესებზე დროის გაყვანის ტაქტიკას ეწევიან და მოსამართლეებს თხოვენ ხელახლა დაიწყოს ყველა
იმ ვერსიების გამოძიებები, რომელთა შესაძლებლობაც უკვე უარყოფილი იქნა არაერთი ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ.

უკრაინა, აშშ და დასავლეთის არაერთი ქვეყანა მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, დაეხმაროს ჰააგაში მიმდინარე გამოძიებას სიმართლის დასადგენად, თუმცა მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს თავის მონაწილეობას ამ ტრაგედიაში, მიუხედავად იმისა, რომ ათობით დადასტურებელი ფაქტი არსებობს რუსეთის არმიის კუთვნილი საზენიტო "ბუკის" უკრაინაში მალულად გადაყვანის, რაკეტის გაშვებისა და ისევ მალულად რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნების თაობაზე.

რუსული "ბუკით" ჩამოგდებულ მალაიზიურ "ბოინგში" დაღუპული 298 ადამიანიდან 192 ნიდერლანდების მოქალაქე გახლდათ, ამიტომაც ოფიციალური ამსტერდამი ყველაზე დაზარალებულად თავის თავს მიიჩნევს და ასე აქტიურობს ამ საქმის გამოძიებაში (მიუხედავად იმისა, რომ ამ კატასტროფას ძვირადღირებულ სამგზავრო "ბოინგთან" ერთად მალაიზიის 44 მოქალაქე შეეწირა, ამ ქვეყნის მთავრობა ძალიან პასიურობს, რაც შეიძლება აიხსნას რუსეთთან ერთგვარი ფარული შეთანხმების შესაძლებლობით).

ავიაკატასტროფის ექვსი წლის თავზე ნიდერლანდებმა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მოითხოვა ამ სასამართლოზე რუსეთის ხელისუფლებამ პასუხი გასცეს იმ ბრალდებებს, რაც უკრაინის ცაში მალაიზიური სამგზავრო "ბოინგის" საზენიტო რაკეტით ჩამოგდებას უკავშირდება.

ეს სერიოზული გადაწყვეტილება ნიდერლანდების ხელისუფლებას ეტყობა იმ ფაქტმაც მიაღებინა, რომ ჰააგის საოლქო სასამართლოში დაწყებულმა პროცესმა თავისი უპერსპექტივობა აჩვენა - გინდაც, რომ დამნაშავედ ცნონ ის ოთხი კონკრეტული პირი, ბევრი არაფერი შეიცვლება, ამით არათუ რუსეთის მთავრობას რამე დააკლდება, იმ ოთხ ბრალდებულ პიროვნებასაც კი ვერ მოძებნიან და ჩასვამენ ციხეში.

თუკი ნიდერლანდებს მიბაძავს ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, ბელგია, კანადა, ახალი ზელანდია, ფილიპინები, ინდონეზია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, მალაიზია (რომელთა მოქალაქეებიც დაიღუპნენ რუსული "ბუკით ჩამოგდებულ "ბოინგში") და ასევე სასამართლოში უჩივლებენ რუსეთის ფედერაციას, იქნებ, მაშინ მაინც დაიძრას წინ ის საკითხი, რასაც უდანაშაულო ხალხის მკვლელების დასჯა ჰქვია მთელი მსოფლიოს დახმარებით...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ნინი
24 ივლისი 2020 16:23
ნეტა მართლაც ყველამ უჩივლოს

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები