ვინ ცდილობს საქართველოს სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში ჩათრევას - მორიგი რუსული პროვოკაცია? - კვირის პალიტრა

ვინ ცდილობს საქართველოს სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში ჩათრევას - მორიგი რუსული პროვოკაცია?

აზერბაიჯანულმა საინფორმაციო სააგენტომ haqqin.az (რომელიც საკმაოდ პოპულარულია არა მარტო აზერბაიჯანში) 19 ივლისს გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სათაურით "თოვუზის დასაბომბი ნაღმსატყორცნები სერბეთმა საქართველოს დახმარებით გააგზავნა". (წყარო)

საქართველოსადმი ძალზე კრიტიკულად განწყობილ ამ სტატიაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანულ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით, თითქოს ცნობილი გახდა, რომ 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მორიგი შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, სომხეთში საქართველოს გავლით ჩატანილ იქნა სერბეთიდან გაგზავნილი სხვადასხვა კალიბრის ნაღმსატყორცნის ნაღმები, რომლებითაც სომხეთის არმია აზერბაიჯანულ თოვუზის რაიონს ბომბავდა.

გარდა ამისა, საინფორმაციო სააგენტო ასევე ამტკიცებს, თითქოს უკვე რუსეთიდან ასევე საქართველოს გავლით, სომხეთში სატვირთო "კამაზებით" ჩატანილ იქნა "გრადის" რაკეტები და ნაღმსატყორცნის ნაღმები. ამ ინფორმაციის წყაროდ კი დასახელებულია სოციალური ქსელები.

სტატიაში ნათქვამია, იმის შესახებაც, რომ სერბეთმა დიდი უმადურობა გამოიჩინა სომხეთისთვის შეიარაღების მიყიდვით, რადგან ოფიციალური ბაქო დღემდე არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, ამასთან აზერბაიჯანმა სულ რაღაც ორიოდე თვის წინ სერბეთს ჰუმანიტარული დახმარების მთელი სატვირთო თვითმფრინავი გაუგზავნა, ხოლო 2014 წელს სწორედ აზერბაიჯანი იყო პირველი ქვეყანა ვინც დახმარების ხელი გაუწოდა სერბეთს ძლიერი წყალდიდობის შემდეგ.

ამ სტატიის ავტორები წერენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აზერბაიჯანი საქართველოს ყველანაირად გვერდში დაუდგა და თბილისისკენ მოშურე დასავლეთის რიგი ქვეყნების ლიდერები, საქართველოს დედაქალაქში, სომხეთიდან კი არა, არამედ აზერბაიჯანიდან გადავიდნენ, ხოლო სომხეთის ხელისუფლება არაერთხელ შეხვედრია "ჩვენებური" სეპარატისტების ლიდერებს. იმასაც გვახსენებენ, რომ ბუნებრივ აირს გვაწვდიან, ყველანაირად გვეხმარებიან, ქართველები კი დავით გარეჯს ედავებიან და აზერბაიჯანელ ინვესტორებს საქართველოდან ყრიან...

რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო?

გულდასაწყვეტია, როდესაც აზერბაიჯანში ვიღაც ფიქრობს, რომ თურმე საქართველო სომხეთის შეიარაღებას უწყობს ხელს იმის ფონზე, როდესაც აზერბაიჯანის არმიის და ფლოტის (ასევე სასაზღვრო ჯარების) უკრაინული, თურქული და ისრაელის წარმოების თითქმის მთელმა შეიარაღებამ მთელი საქართველო გადაკვეთა ბაქომდე ჩასაღწევად...

და ეს პროცესი წლებია გრძელდება, ან თუ ახსენდებათ ბაქოში საქართველო, როდესაც აღლუმზე სუ-25 ტიპის მოიერიშეები გადაიფრენენ? ორ ათეულამდე ასეთი მრისხანე საბრძოლო საშუალება აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განა თბილისის საავიაციო ქარხნიდან არ მიიღეს?

კასპიის ზღვაში მცურავი აზერბაიჯანის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო კატარღები, რომლებიც ბაქომ ისრაელში შეიძინა, დავიჯერო თელ-ავივიდან ბაქოში თავად "ჩაფრინდნენ", თუ ფოთის პორტიდან წითელ ხიდამდე ქართულ გზებზე ეზიდებოდნენ წლების განმავლობაში, რისთვისაც მოძრაობა იკეტებოდა და ამით ათასობით მძღოლი ზარალდებოდა?

ან იქნებ უკრაინიდან ბორანით ფოთში ჩამოტანილი ბტრ-70 ტიპის მოდერნიზებული ჯავშანტრანსპორტიორები საქართველოს რკინიგზას არ გადაჰქონდა აზერბაიჯანის მიმართულებით?

ისიც შემიძლია გავიხსენო, როდესაც თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ საჰაერო წვრთნებს ატარებენ, ოფიციალური თბილისი სულგრძელად უთმობს ქართულ ცას აზერბაიჯანულ საბრძოლო თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს თურქეთში გადასაფრენად და უკან დასაბრუნებლად... ეს საკმოდ რთული და სახიფათო პროცესია და ბევრი ქვეყანა ასეთ დათმობაზე არ მიდის.

კიდევ არაერთი ფაქტის მოყვანა შეიძლება იმის დასამტკიცებლად, საქართველო რამდენად უწყობს ხელს აზერბაიჯანული არმიის გაძლიერებას და თუ მაინცდამაინც ვინმე უნდა იყოს უკმაყოფილო ამით, ეს სომხეთია.

სიმართლეს არ შეესაბამება ამ სტატიაში გაჟღერებული მტკიცება იმის შესახებ, თითქოს რამდენიმე წლის წინ ოფიციალურმა თბილისმა აკრძალა სომხეთში მიმავალი სამხედრო ტვირთების ტრანზიტი. ეს აკრძალვა შეეხება, მხოლოდ რუსეთიდან სომხეთში მიმავალ სამხედრო ტვირთებს და არა ევროპის მიმართულებას.

ამასთან სტატიაში გამოყოფილი ფაქტი, თითქოს რუსეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით "გრადების" რაკეტები ჩაიტანეს, დიდი ალბათობით, მორიგი"ფეიკ-ნიუსია", რომელიც სოციალურ ქსელებში სპეციალურად იქნა "შეგდებული" საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული კარგი ურთიერთობების გასაფუჭებლად, რადგან ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტზე "გრადის" თითქმის სამმეტრიანი რაკეტების ფარულად გადმოტანა, ცოტა ფანტასტიკის სფეროში გადადის...

უფრო საკვირველი კი ის გახლავთ, რომ ეს აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო, როდესაც სერბეთს და განსაკუთრებით კი საქართველოს უმადურობაში ადანაშაულებს და სომხეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევაში ადანაშაულებს, რატომღაც სიტყვას არ ძრავს რუსეთის მიერ სომხეთისთვის მიწოდებულ აუარებელ შეიარაღებაზე, რომლებიც (მაგალითად, იგივე "ისკანდერები" თუ საბრძოლო სუ-30სმ-ები) ნებისმიერი ნაღმსატყორცნის ნაღმზე უფრო საშიშნი არიან არათუ რომელიმე აზერბაიჯანული სოფლისთვის, არამედ ყველა სტრატეგიული ობიქტისთვის, ბაქოს ჩათვლით.

იქნებ ეს იმიტომ ხდება, რომ თავად აზერბაიჯანიც, ისევე როგორც სომხეთი, რუსეთისგან იარაღდება? თანაც მოსკოვი შეიარაღებას ბევრად უფრო ძვირად ყიდის ბაქოზე, ერევანს კი საერთოდ კრედიტით აძლევს, რომლის დაბრუნებაც ძალზე საეჭვოა.

ჩვენ, საქართველოში ბევრი რამ არ დაგვიწყებია, მათ შორის ისიც, თუ როგორ იდგა აგვისტოს ომის დროს საქართველო-სომხეთის საზღვარზე გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის ჯავშანტექნიკა და მზად იყო სომხეთის ტერიტორიიდან შეტევაზე გადმოსასვლელად...

ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც აზერბაიჯანულ მასმედიაში ასეთი მიკერძოებული სტატია ქვეყნდება, იმედია ასეთივე განწყობა არ არის ამ მეზობელი ქვეყნის ოფიციალურ წრეებში, რომლებთაც ამომწურავი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ იმ სამხედრო დახმარებაზე, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით ათწლეულებია ხორციელდება აზერბაიჯანის არმიის გასაძლიერებლად.

ვინ ცდილობს საქართველოს სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში ჩათრევას? ხომ არ არის ეს მორიგი რუსული პროვოკაცია?

მაგრამ, იქნებ მართლაც აჯობებდა, საქართველოს საერთოდ აეკრძალა ნებისმიერი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების ტრანზიტი სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს