გადაჯაჭვული ომები ანუ რა საერთო აქვს შეიარაღებულ კონფლიქტებს სირიაში, ლიბიასა და მთიან ყარაბაღში?! - კვირის პალიტრა

გადაჯაჭვული ომები ანუ რა საერთო აქვს შეიარაღებულ კონფლიქტებს სირიაში, ლიბიასა და მთიან ყარაბაღში?!

რუსეთისა და თურქეთის სტრატეგიული ინტერესები სირიაში, ლიბიასა და სამხრეთ კავკასიაში დიდი ხანია ერთმანეთს დაეჯახნენ. მართალია, რუსი და თურქი სამხედროები ერთმანეთს ოფიციალურად არ ებრძვიან, მაგრამ სირიასა და ლიბიაში მათ ერთმანეთს ცეცხლი არაერთხელ გაუხსნეს, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა, გაიხსენეთ, თუგინდ თურქული გამანადგურებლის მიერ ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენი სირია-თურქეთის საზღვრის თავზე, მაგრამ არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ რუსეთ-თურქეთის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში და კერძოდ სომხეთ-აზერბაიჯანის დაუმთავრებელი ომის ფონზე, ერთმანეთს უკიდურესად დაუპირისპირდება?

რუსეთსა და თურქეთს შორის განვლილი საუკუნეების განმავლობაში არანაკლებ 13 ომი გაიმართა, ასე, რომ ამ მხრივ მათ "დიდი გამოცდილება" დაუგროვდათ, მაგრამ ერთია მე-19 საუკუნის და სულ სხვაა 21-ე საუკუნის ომები, რადგან მოსკოვისა და ანკარის შეირაღებული დაპირისპირება აუცილებლად გაცდება სომხეთ-აზერბაიჯანის მასშტაბებს, მოიცავს მთელ სამხრეთ კავკასიას და გავლენას იქონიებს, როგორც ახლო აღმოსავლეთსა და შავი ზღვის რეგიონზე, ისე მთელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ერდოღანი მოსკოვში პრეზიდენტ პუტინთან ერთად ნაყინს აგემოვნებდა და რუსეთიდან თურქეთმა ს-400 ტიპის თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემები შეიძინა, ევროპაში ორი ყველაზე მრავალრიცხვოვანი არმიის მქონე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები უკვე ღიად ეჯახება ერთმანეთს.

ამის მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ პუტინი რუსეთის, ხოლო ერდოღანი კი ოსმალეთის იმპერიების აღდგენაზე ოცნებობენ, ეს კი ბუნებრივია, მათ ადრე თუ გვიან ერთმანეთს დააპირისპირებს.

თუკი სირიაში რუსეთი ასადის, ხოლო ლიბიაში კი ხალიფა ჰაფთარის რეჟიმებს უჭერს მხარს, თურქეთი პირიქით, მათი მოწინააღმდეგების მხარეზე იბრძვის და ასეთივე სიტუაციაა სამხრეთ კავკასიაშიც - მოსკოვი ერევნის გვერდით მოიაზრება, ანკარა კი ბაქოს მფარველად.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რომ უახლოესს მომავალში არ დაისადგურებს მშვიდობა, ეს ისედაც კარგად ჩანს, მაგრამ თავიანთი პროტეჟეების გამო, იარაღით დაუპირისპირდებიან თუ არა ერთმანეთს თავად მოსკოვი და ანკარა?!

ამ შემთხვევაში ცოტა განსხვავებული სიტუაციაა, რადგან ამ ეტაპზე პუტინისა და ალიევის ურთიერთობა, რაც არ უნდა წარმოუდგენლად მოჩანდეს, შეიძლება უფრო თბილიც კი იყოს, ვიდრე პუტინ-ფაშინიანს შორის.

ამის მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ორიოდე წლის წინ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის სავარძელში ფაქტობრივად ხალხმა დასვა, რისთვისაც კრემლის ერთგული ხელისუფლების ჩამოგდება გახდა საჭირო.

პუტინი ვერ ეგუება ფაშინიანის გაუბედავ მცდელობებსაც კი, რომ სომხეთი დასავლეთის ორბიტაზე რუსეთის გვერდის ავლით, პირდაპირი გზით გაიყვანოს და ალბათ მიესალმება ფაშინიანის ხელისუფლების სწრაფ კრახს, სომხეთის ხელისუფლებაში პრორუსული ჩინოვნიკების დასაბრუნებლად.

არ გამოვრიცხავ, რომ ბოლო შეიარაღებული შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ერთგვარ გაფრთხილებად იქცა კრემლის მხრიდან ფაშინიანის ხელისუფლებისთვის - თავი გაანებეთ დასავლეთის ყურებას, არ დაგავიწყდეთ, რომ აზერბაიჯანთან კონფლიქტში იმყოფებით, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი ორიოდე კვირით "თვალებს დახუჭავს" და აზერბაიჯანი თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას დაუყოვნებლივ შეუდგება ცეცხლითა და მახვილით...

ბუნებრივია, რუსეთი არანაირად არ დათმობს სომხეთს, რადგან მის გარეშე დაკარგავს ძირითად საყრდენს სამხრეთ კავკასიაში (თუმცა მას რჩება ოკუპირებული ქართული მიწები) და არც თურქეთის გაძლიერებას დაუშვებს ამ რეგიონში.

რუსეთს სომხეთთან და თურქეთს აზერბაიჯანთან ხელი აქვთ მოწერილი კოლექტიური თავდაცვის შესახებ და ფორმალურად სრულად დასაშვებია, რომ ისინი სომხეთ-აზერბაიჯანის გაუთავებელ ომში ფიზიკურად, ღიად ჩაერიონ, მაგრამ ეს დაკავშირებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიისა და ლიბიის ფრონტებზე...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს