სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური მიზნები - რა სამხედრო უპირატესობები აქვთ კონფლიქტში მყოფ მეზობელ ქვეყნებს - კვირის პალიტრა

სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური მიზნები - რა სამხედრო უპირატესობები აქვთ კონფლიქტში მყოფ მეზობელ ქვეყნებს

სომხეთ-აზერბაიჯანის 30-წლიანი დაპირისპირება უახლოეს პერიოდში მშვიდობიანი მოლაპარაკებებით, რომ არ მოგვარდება, ეს 12-16 ივლისის მორიგმა სამხედრო დაპირისპირებამაც აჩვენა.

თუ რა სამხედრო-პოლიტიკური მიზნები აქვთ აზერბაიჯანსა და სომხეთს, სწორედ ამის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს ჩვენი ორი მეზობელი ქვეყნის არმიების სამხედრო შესაძლებლობების ზრდის მიმართულებები და ტემპები.

აზერბაიჯანის სტრატეგიულ მიზანს მთიანი ყარაბაღისა და მისი მიმდებარე შვიდი რაიონის დაბრუნება წარმოადგენს, შესაბამისად აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადება, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეძენა  შეტევითი ოპერაციების განხორციელების გათვალისწინებით ხდება.

რაც შეეხება სომხეთს, მან თავის მიზანს ჯერ კიდევ 1994 წელს მიაღწია, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აზერბაიჯანთან ხელშეკრულების დადების შემდეგ, მისი კონტროლის ქვეშ დარჩა არა მარტო მთიანი ყარაბაღის ყოფილი საბჭოთა ავტონომიური ოლქის ტერიტორია, არამედ აზერბაიჯანის შვიდი რაიონი, რომლებიც არასდროს შედიოდნენ მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში, სამაგიეროდ მათი საშუალებით სომხეთი უკავშირდება მთიან ყარაბაღს და ამიტომაც არ სურს ამ რაიონების დათმობაც.

გამომდინარე აქედან, სომხეთის ინტერესებში დიდი შეტევითი ოპერაციების განხორციელება არ შედის და მთავარი აქცენტი თავდაცვითი ბრძოლების ტაქტიკის დახვეწაზე კეთდება, რაც გამოიხატება ფრონტის ხაზზე ეშელონირებული თავდაცვითი ზღუდეების აგებით და ძირითადად, სიმაღლეებიდან ხეობებზე გამავალი გზების კონტროლით.

საინტერესოა, რა სამხედრო უპირატესობა აქვს აზერბაიჯანს და რა სომხეთს...

აზერბაიჯანის შეირაღებული ძალების საერთო რიცხოვნობა 2020 წელს შეადგენს 66 950 კაცს, რომლისგანაც 56 850 გადანაწილებულია სახმელეთო ჯარებში, 2 200 სამხედრო-საზღვაო ფლოტში და 7 900 კი სამხედრო-საზღვაო ძალებში.

გარდა ამისა, ზერბაიჯანის განკარგულებაშია შინაგანი ჯარები, სასაზღვრო სამსახური (სანაპირო დაცვის ჩათვლით) და ეროვნული გვარდია, რომელთა გამოყენება ომის დროს სამხედრო მიზნებითაც ხდება.

საჭიროების შემთხვევაში აზერბაიჯანს შეუძლია 300 ათასზე მეტი რეზერვისტის მობილიზება.

სომხეთის შეირაღებული ძალები ითვლიდა 44 800 ადამიანს, თუმცა აქ არ შედის მთიან ყარაბაღში მოქმედი საბრძოლო შენაერთების პირადი შემადგენლობა, რომელთა რიცხვი არანაკლებ 20 ათასს შეადგენს.

სომხეთის შეიარაღებული ძალები შედგება სამი სახეობისგან - სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ჯარები.

ის, რომ სომხეთმა საჰაერო თავდაცვის ჯარებს სტატუსი აუწია და ცალკე სახეობად გამოყო, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ოფიციალური ერევნის მთავარი ამოცანა სტატუს-ქვოს შენარჩუნება და თავდაცვითი ბრძოლებისთვის მზადებაა. სომხეთს საჭიროების შემთხვევაში 210 ათასზე მეტი რეზერვისტის მობილიზება შეუძლია.

მკითხველს შეიძლება ყველაზე მეტად ის აინტერესებდეს თუ რამდენი ტანკი, ჯავშანმანქანა, ჰაუბიცა თუ თვითმფრინავი აქვთ აზერბაიჯანსა და სომხეთს, რაზეც ზუსტი პასუხის გაცემა ძალინ რთულია.

წესით, სომხეთიც და აზერბაიჯანიც, როგორც ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნები, ყოველწლიურად ზუსტ მონაცემებს უნდა აწვდიდნენ მას, მაგრამ წლების განმავლობაში ორივე, ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი ქვეყანა, ამისგან თავს იკავებს, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც უცხოელი ვერიფიკატორები ყოველწლიურად უპრობლემოდ გვითვლიან თითოეულ ტანკსა თუ 100 მმ-ზე მსხვილი კალიბრის საარტილერიო დანადგარს.

მიუხედავად ამისა, შეიძლება რეალობასთან მიახლოებული ციფრების მოყვანა, რომლის თანახმად აზერბაიჯანის არსენალში ირიცხება არანაკლებ 700 სხვადასხვა მოდიფიკაციის ტანკი, 1 500-მდე ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი, 500-მდე 100 მმ-ზე მსხვილი საარტილერიო სისტემა.

სომხეთის არმიის სახმელეთო შეიარაღება შეიძლება ბევრად უფრო მოკრძალებულად გამოიყურებოდეს - 160 ტანკი, 600-მდე ჯავშანმანქანა და 240-მდე საარტილერიო დანადგარი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მთიან ყარაბაღში განთავსებულია 400-მდე ტანკი, 300-მდე ჯავშანმანქანა და არანაკლებ 350 საარტილერიო დანადგარი.

ბოლო წლებში სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებაში ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების თანამედროვე სარაკეტო სისტემებიც გამოჩნდა, რომლებიც კარდინალურად ცვლიან ძალთა თანაფარდობას, რადგან თავისივე ტერიტორიებიდან მოწინააღმდეგის თითქმის ნებისმიერი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე საჰაერო დარტყმის საშუალებას იძლევიან. ფრონტის ხაზზე ერთი ტანკის ადგილიდან დაძვრის გარეშე, დაპირისპირებულმა ქვეყნებმა ერთმანეთის დედაქალაქებს შეიძლება დამანგრეველი სარაკეტო დარტყმები მიაყენონ.

სომხეთის არმიაში პირველი, შორი მოქმედების რადიუსის სარაკეტო სისტემები, ჯერ კიდევ 1999 წელს გამოჩნდა, როდესაც პეკინმა ერევანს რვა ერთეული M-80 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა მიჰყიდა, რომლებსაც ნახევარტონიანი რაკეტების გაშვება მაქსიმალურ, 80 კმ-ზე შეეძლოთ.

მოგვიანებით, სომხეთმა ჩინეთიდან დამატებით, ექვსამდე A1A ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარიც შეიძინა, რომელსაც რაკეტის გაშვება უკვე 130 კმ-მდე შეეძლო. ამის პარალელურად, რუსეთმა სომხეთის არმიას შეირაღებაში გადასცა 35 კმ-ზე მსროლელი "ურაგანებისა" და 90 კმ-ზე მოქმედი "სმერჩების", ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების რამდენიმე ბატარეა.

სომხეთის არმიის "სარაკეტო მუშტი" მნიშვნელოვნად გააძლიერა რუსეთიდან გადასროლილმა Точка-У ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების, არანაკლებ ოთხმა დანადგარმა, რომლებსაც ორტონიანი რაკეტის გაშვება 120 კმ-მდე შეუძლიათ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს