"წაივარჯიშეს" თუ არა თურქულმა სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა თვითმფრინავებმა ერევნის "დასაბომბად"? - კვირის პალიტრა

"წაივარჯიშეს" თუ არა თურქულმა სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა თვითმფრინავებმა ერევნის "დასაბომბად"?

"თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ორი F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ნახიჩევანის მხრიდან 56 კმ-ზე მიუახლოვდა სომხეთის დედაქალაქს, რაც სრულიად საკმარისი იქნებოდა "ჰაერი-ხმელეთის" მართვადი რაკეტების გასაშვებად და ერევნის დასაბომბად" - ასეთი სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა რუსულმა საავიაციო პორტალმა Avia.pro–მ 2 აგვისტოს.

ეს პორტალი სპეციალისტების წრეებში საკმაოდ სოლიდურად ითვლება და მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საყურადღებოა, რადგან აზერბაიჯანში და ასევე ნახიჩევანში 29 ივლისიდან 10 აგვისტომდე მიმდინარეობს აზერბაიჯანულ-თურქული ერთობლივი სამხედრო სწავლებები ხმელეთსა და ჰაერში და თურქული F-16 ტიპის გამანადგურებლები აზერბაიჯანულ МиГ-29-ებთან და Су-25-ებთან ერთად მართლაც მონაწილეობენ ამ სწავლებაში.

თუკი რუსული პორტალის ინფორმაცია ახლოა სიმართლესთან, ეს ნიშნავს, რომ თურქული F-16-ების პილოტებმა "წაივარჯიშეს" საჰაერო დარტყმების მიყენებაზე სავარაუდო მოწინააღმდეგის სტრატეგიულ ობიექტზე, მართვადი რაკეტების გამოყენებით შორი დისტანციიდან, მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის კონტროლის ზონაში შეუსვლელად.

ასეთი საჰაერო ვარჯიშები კი იმიტომ ტარდება, რომ ომის დაწყების შემთხვევაში, წინასწარ ამორჩეულ სამიზნეებზე წარმატებული წერტილოვანი საჰაერო დარტყმების განხორციელება უფრო გაადვილდეს.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში თავად სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად უარყო ასეთი ფაქტის არსებობა.

არადა ისიც ფაქტია, რომ აზერბაიჯანის ცაში ერთობლივ საჰაერო მანევრებში მონაწილე აზერბაიჯანელ და თურქ სამხედრო პილოტებს, მართლაც აქვთ მიცემული კონკრეტული სამიზნეების საჰაერო დარტყმებით განადგურების სავარჯიშო ამოცანები, ასე ხდება ნებისმიერი სამხედრო სწავლებების დროს.

უდავოა, რომ ისევე როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის გენშტაბებში მონიშნული აქვთ ერთმანეთის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, რომლებზეც საარტილერიო, სარაკეტო და საჰაერო იერიშების მიტანა დღემდე უკვე არაერთხელაა "წავარჯიშებული" ოპერატიულ რუკებზე. ამაზე მეტყველებს, თუნდაც მათი დაქადნებები, რომ ერთმანეთს მინგეჩაურის კაშხალსა და მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს აუფეთქებდნენ.

მეორე მხრივ, მოწინააღმდეგის დედაქალაქის დაბომბვა, შეიარაღებული კონფლიქტის უფრო დაძაბულ ფაზაში გადაყვანას მოასწავებს, რადგან ერევნის "დაბომბვის" შემდეგ უკვე სომხეთი ეცდება ბაქოსთვის "შურისძიების დარტყმის" მიყენებას...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს