ბეირუთში საქართველოში წარმოებული ნივთიერება აფეთქდა? - კვირის პალიტრა

ბეირუთში საქართველოში წარმოებული ნივთიერება აფეთქდა?

4 აგვისტოს მსოფლიო შეაძრწუნა საშინელმა ტრაგედიამ, რაც ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მოხდა - საზღვაო პორტში მდგარ სატვირთო გემზე აფეთქდა 2 750 ტონა საერთო მასის ამონიუმის ნიტრატი, რამაც ქალაქის რამდენიმე კვარტალი დაანგრია - დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, დაშავებული კი 4 000-მდე ადამიანია. სამწუხაროდ, ეს ციფრები საბოლოო არაა, რადგან თუკი დაჭრილთა და დაშავებულთა რიცხვი დიდად აღარ მოიმატებს, შენობების ნანგრევებში სავარაუდოდ, კიდევ არაერთ დაღუპულს აღმოაჩენენ.

საშინელი აფეთქების მომენტის გადაღება არაერთმა ადამიანმა მოასწრო, რადგან აფეთქებას წინ ხანძარი და დიდი კვამლი უსწრებდა, თავად აფეთქების ეფექტი კი რაღაცით წააგავდა ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებას...

სამწუხაროდ, ამ საშინელ ტრაგედიაში შეიძლება გამოჩნდეს საქართველოსთან ერთგვარი ირიბი კავშირი - როგორც პრემიერ-მინისტრი ჰასან დიაბი აცხადებს, ერთ-ერთი ვერსიით, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატით დატვირთული გემი 2013 წლის 23 სექტემბერს ბათუმის პორტიდან მოზამბიკის მიმართულებით გავიდა, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო ბეირუთის პორტში ჩაუშვა ღუზა სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. 2013 წლის 15 ოქტომბერს ლიბანის ხელისუფლებამ ეს გემი დააკავა. გემის მეპატრონემ (რუსეთის მოქალაქემ, იგორ გრეჩუშკინმა) არ ისურვა მისი გამოსყიდვა, ეკიპაჟმა გემი დატოვა და ის ბეირუთის პორტის საწყობებთან გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ უკვე წერია "ვიკიპედიაშიც". (წყარო)

ის, რომ საქართველოში, კერძოდ კი რუსთავის "აზოტში" დიდი რაოდენობით იწარმოება და ექსპორტზე გადის ამონიუმის ნიტრატი, საქვეყნოდ ცნობილია და დიდი ალბათობით, ბეირუთის პორტში შეიძლება სწორედ რუსთავში დამზადებული ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა.

მაგრამ ამ უდიდეს ტრაგედიაში მთავარი ბრალი სწორედ ლიბანის ხელისუფლებასა და ბეირუთის პორტის ხელმძღვანელობას მიუძღვის, რომელსაც 2 750 ტონა საშიში ტვირთი ექვს წელზე მეტი ცხვირწინ ედო!

ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იმ ელექტროშემდუღებლების დაუდევრობა გახდა, რომლებიც ცხაურებს ადუღებდნენ, რათა ტვირთი არავის მოეპარა.

თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში უკვე გააკეთა სენსაციური განცხადება - ეს არ იყო უბედური შემთხვევა, ეს შეტევა იყო...

იხილეთ ასევე: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო:"ბეირუთის მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია"

იხილეთ ვიდეო

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს