აქვს თუ არა სერიოზულ კონფლიქტში გადაზრდის პერსპექტივა ნავთობისთვის დაწყებულ ბერძნულ-თურქულ საზღვაო დაპირისპირებას - კვირის პალიტრა

აქვს თუ არა სერიოზულ კონფლიქტში გადაზრდის პერსპექტივა ნავთობისთვის დაწყებულ ბერძნულ-თურქულ საზღვაო დაპირისპირებას

12 აგვისტოს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ბერძნულმა ფრეგატმა ნავალი განახორციელა თურქული სამხედრო ხომალდის მიმართ, ანუ სპეციალურად შეეჯახა ბორტით, იმ რაიონიდან მისი გაძევების მიზნით.

როდესაც ორი, ერთმანეთის მიმართ ფაქტობრივად მტრულად განწყობილი ქვეყნის (მიუხედავად იმისა, რომ ორივენი ნატოს წევრები არიან) - საბერძნეთისა და თურქეთის სამხედრო ხომალდების კაპიტნები ასეთ საშიშ ინციდენტამდე მიდიან, ეს სიტუაციის უაღრესად დაძაბვას მოასწავებს, რაც შეიძლება ადვილად გადაიზარდოს საზღვაო ორთაბრძოლაშიც კი.

რას ვერ იყოფენ საბერძნეთი და თურქეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში და განსაკუთრებით კი ეგეოსის ზღვაში?

ათენისა და ანკარის ტრადიციულ დაპირისპირებას იწვევს ეგეოსის ზღვაში ტერიტორიული წყლების საზღვრების განსაზღვრაზე კამათი, რასაც ბოლო დროს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის შელფზე გეოდეზიური სადაზვერვო სამუშაობის დაწყებაც დაემატა ნავთობისა და აირის წყალქვეშა საბადოების აღმოსაჩენად.

წინასწარი მონაცემებით, ამ წყალქვეშა საბადოებში შეიძლება არანაკლებ 122 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირის მარაგი იყოს, რაც სერიოზულ "ნუგბარ ლუკმას" წარმოადგენს იმისთვის, რომ ბერძნებმაც და თურქებმაც ამ მოგებისთვის ერთმანეთი არ დაინდონ.

საბრძოლო ინციდენტები ეგეოსის ზღვაში და მის თავზე, საჰაერო სივრცეში, ბერძენ და თურქ მეზღვაურებსა და მფრინავებს შორის არაერთხელ მომხდარა, მსხვერპლიც ყოფილა, მაგრამ 21-ე საუკუნეში, ეს ინციდენტები ომში არ გადასულა.  ეგეოსის ზღვაში გაფანტული კუნძულების დასაკუთრების სურვილი ათენსა და ანკარას ერთმანეთს კიდევ ბევრჯერ დააპირისპირებს...

მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაციაა. მსოფლიო პანდემიის ფონზე, ნატო-ს მართვის პრობლემებიც გამოვლინდა, ტრამპის "უცნაური" პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-მა გარკვეულწილად დაკარგა თავისი გავლენის ბერკეტები ახლო აღმოსავლეთში, რასაც დაემატა პრეზიდენტ ერდოღანის მუდმივად მზარდი "აპეტიტი" თურქეთის ინტერესების გაძლიერებაში მეზობლების და არცთუ მეზობლების მიმართ.

დღეს თურქეთის ხელისუფლება ერთდროულად რამდენიმე შეიარაღებულ კონფლიქტშია ჩართული - სირიასა და ლიბიაში, ასევე ანტიპარტიზანულ ოპერაციებს ახორციელებს ქურთების წინააღმდეგ, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე სირიისა და ერაყის ტერიტორიებზეც და ამასთანავე ჰპირდება აზერბაიჯანს სრულ პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას სომხეთთან შესაძლო დიდი ომის დაწყების შემთხვევაში.

ამ ყველაფრის შემდეგ, თუკი პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ საბერძნეთთანაც წამოიწყო სამხედრო მოქმედებები, მაშინ თურქეთის მდგომარეობა შეიძლება მთლად სახარბიელო ვერ აღმოჩნდეს.

თურქეთის შეიარაღებული ძალები ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია ევროპაში, მისი გადაირაღების პროცესიც დაწყებულია, მაგრამ რამდენიმე ფრონტზე მეტ-ნაკლებად ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების ერთდროულად წარმოებას ვერც თურქული არმია შეძლებს და ვერ თურქეთის ბიუჯეტი გასწვდება.

ამ ყველაფერს ემატება ანკარასა და მოსკოვის ინტერესების ერთმანეთთან დაპირისპირება სირიაში, ლიბიაში და მალე შავი ზღვის აკვატორიაშიც, რაც თურქეთისთვის კიდევ ერთ დიდ გამოცდად იქცევა.

მიუხედავად, ყოველივე ამისა, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს "დიდი ოსმალეთის იმპერიის" აღდგენის სურვილი არ ასვენებს, ისევე როგორც პრეზიდენტ პუტინს რუსეთის ტერიტორიების გაფართოება არათუ საბჭოთა, არამედ მეფის რუსეთის დროინდელ საზღვრებში.

ამ, 21-ე საუკუნის "იმპერატორების" სურვილები უკვე ერთმანეთს ეჯახება, რაც უახლოეს მომავალში ახლო აღმოსავლეთში, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, შავი ზღვის აკვატორიაში და სამწუხაროდ, ჩვენს სამხრეთ კავკასიაშიც, დიდი "ორომტრიალის" დაწყების შეგრძნებას აჩენს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს