ვინ ჩაშალა უკრაინის დაზვერვის გრანდიოზული სპეცოპერაცია? - კვირის პალიტრა

ვინ ჩაშალა უკრაინის დაზვერვის გრანდიოზული სპეცოპერაცია?

ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ ჯერ დაკავებულ და მერე რუსეთში გაშვებულ 33 "ვაგნერელ" დაქირავებულ მებრძოლს, თურმე უკრაინის სპეცსამსახურები იტყუებდნენ კიევში - ეს სენსაციური ინფორმაცია 18 აგვისტოს, ცნობილი უკრაინული პორტალის https://censor.net.ua -ს დამფუძნებელმა და ჟურნალისტმა, იური ბუტუსოვმა გაავრცელა.

იური ბუტუსოვი ამტკიცებს, რომ უკრაინის სპეცსამსახურები, კერძოდ კი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო და უშიშროების სამსახური, ბოლო ერთი წელია სრულიად საიდუმლოდ ამზადებდნენ გრანდიოზულ სპეცოპერაციას, იმ პრორუსი 28 დაქირავებულის დასაკავებლად, რომლებსაც დონბასში სამხედრო დანაშაულებები აქვთ ჩადენილი, მათ შორის, მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდებაში მონაწილეობა.

ბუტუსოვის განცხადებით, უკრაინულმა სპეცსამსახურებმა მოიძიეს  28 დაქირავებული მებრძოლის კოორდინატები რუსეთში და მათ დაუკავშირდნენ ფიქტიური ორგანიზაციის სახელით, თითქოს აგროვებდნენ მსურველებს ვენესუელაში ნავთობის კოშკურების დასაცავად, რისთვისაც კარგ გასამრჯელოს ჰპირდებოდნენ.

დიდ ფულს დახარბებულმა დაქირავებულმა მებრძოლებმა, რომელთა ნაწილი მანამდე კერძო რუსული სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" რიგებში იბრძოდა უკრაინის აღმოსავლეთში და სირიაში, ფიქტიურ დამქირავებლებს დეტალურად მოუყვნენ თავიანთი "საგმირო" საქმეები, რათა "ვენესუელის კონკურსში" გაემარჯვათ.

არჩეული 33 "ბოევიკი"( დასაჭერად გამზადებულ 28-ს, შემთხვევითი ხალხიც დაემატა) მოსკოვიდან მინსკში ავტობუსით ჩავიდნენ და იქიდან სტამბოლში უნდა გადაფრენილიყვნენ, რომ შემდგომ ჯერ კუბაში, შემდეგ კი ვენესუელაში მოხვედრილიყვნენ.

ბუტუსოვის თქმით, სპეცოპერაციის გეგმაში გათვლილი იყო, რომ მინსკიდან თურქეთისკენ გაფრენილი ლაინერი, რომელიც უკრაინის საჰაერო სივრცეს კვეთავდა, რაიმე საბაბით იძულებით დაშვებას განახორციელებდა კიევის აეროპორტში (მაგალითად, რომელიმე მგზავრი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარებას საჭიროებდა), სადაც მას ელოდებოდა უკრაინული სპეცრაზმი, რომელიც პრორუს "ბოევიკებს" მაშინვე დააკავებდა...

თუ ეს ვერსია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ აფერუმ უკრაინულ სპეცსამსახურებს, გამოტყუების ასეთი დახვეწილი გეგმის მომზადებისთვის.

მაგრამ ეს გრანდიოზული სპეცოპერაცია, მოულოდნელად შუაში გაწყდა- იური ბუტუსოვი აცხადებს, რომ როდესაც 33-ვე პრორუსი "ბოევიკი" მინსკში ჩავიდა და აეროპორტისკენ გაემართა, უკრაინის ხელისუფლების უმაღლეს დონეზე ეს სპეცოპერაცია "დაამუხრუჭეს"...

კერძოდ, ბუტუსოვის მტკიცებით, 24 ივლისს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის კაბინეტში სპეცოპერაციის ხელმძღვანელებს ურჩიეს, რომ 33 "ბოევიკის" მინსკიდან სტამბოლში გადაფრენა 25 ივლისიდან 30 ივლისამდე გადაედოთ იმ მოტივით, რომ რუსულ მხარესთან ხდებოდა შეთანხმება დონბასში ცეცხლის შეწყვეტაზე და "ბოევიკების" კიევში "ჩამოსხმასა" და დაკავებას შეიძლება ეს პროცესი ჩაეშალა.

უკრაინული სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს მეტი რა დარჩენოდათ, ისინი იძულებულნი გახდნენ დამორჩილებულიყვნენ უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკისა და მისი ოფისის ხელმძღვანელის ერმაკის ამ მოთხოვნას.

მაგრამ, 29 ივლისს, მოულოდნელად ბელარუსის სპეცრაზმმა 33-დან 32 რუსი "ბოევიკი" მინსკთან, დასასვენებელ სახლში დააკავა და ეს ფაქტი ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ თავის სასარგებლოდ გამოიყენა.

იური ბუტუსოვს ეჭვი არ ეპარება, რომ ზესაიდუმლო ინფორმაციამ ამ სპეცოპერაციის შესახებ სწორედ უკრაინის პრეზიდენტის ოფისიდან გაჟონა და მინსკში, ლუკაშენკოს გარემოცვას ისე მიეწოდა, თითქოს ეს 33 რუსი "ბოევიკი" მისი ხელისუფლების ჩამოსაგდებად იყო შეგზავნილი ბელარუსში.

უკრაინის პრეზიდენტის კაბინეტში 24 ივლისს, როდესაც სპეცოპერაციის 30 ივლისამდე გადადება გადაწყდა, შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, თავად პრეზიდენტ ზელენსკის ჩათვლით.

ამ შვიდიდან ერთ-ერთმა, კერძოდ კი უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვასილი ბურბამ, რომელიც ამ სპეცოპერაციის მთავარი დამგეგმავი გახლდათ, მოითხოვა სიცრუის დეტექტორზე პრეზიდენტის ოფისის უფროსის ანდრეი ერმაკის შემოწმება, რადგან სწორედ მასზე გაუჩნდა ეჭვი, როგორც სრულიად საიდუმლო ინფორმაციის გამჟონავ წყაროზე.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი საპასუხო ნაბიჯი გადადგა და თავად სამხედრო დაზვერვის უფროსი ბურბა მოხსნა თანამდებობიდან...

ძალიან ჩახლართული ჯაშუშობის ისტორია გამოდის, მაგრამ თუკი ბუტუსოვის ვერსია მართლაც ახლოს დგას რეალობასთან, მაშინ უკრაინამ დაკარგა შანსი, წარმატებით დაეგვირგვინებინა მსოფლიო შპიონაჟის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ეფექტური სპეცოპერაცია...

იხილეთ ასევე: დაქირავებული მებრძოლები შემოწმებას სიცრუის დეტექტორზე გადიან - რა კავშირი აქვს რუსულ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" "პუტინის მზარეულთან"?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს