ერდოღანი პუტინისგან გაზს აღარ იყიდის, მან თავისი იპოვა? - კვირის პალიტრა

ერდოღანი პუტინისგან გაზს აღარ იყიდის, მან თავისი იპოვა?

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა 21 აგვისტოს თავის მოქალაქეებს საზეიმოდ აცნობა, რომ შავ ზღვაში აღმოჩენილი იქნა ბუნებრივი გაზის მდიდარი საბადო, რომლის მარაგი 320 მლრდ კუბომეტრს შეიძლება შეადგენდეს. ერდოღანი შეპირდა თურქეთის მოქალაქეებს, რომ ორიოდე წელში დაიწყებენ ამ გაზის მოპოვებას, რაც რადიკალურად შეცვლის ქვეყნის ენერგოპოლიტიკას და თურქეთს კიდევ უფრო გააძლიერებს მთელ მსოფლიოში.

თურქეთის მოსახლეობას დღეს მართლაც სჭირდება სანუგეშო ახალი ამბების მოსმენა, რადგან კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ამ ქვეყნის ტურისტულ ბიზნესს, ხოლო თურქი სამხედროების მონაწილეობა ერთდროულად რამდენიმე შეიარაღებულ კონფლიქტში (სირია, ლიბია), საიდანაც დაჭრილები და დაღუპულებიც ჩაჰყავთ სამშობლოში ,დიდ ენთუზიაზმს არ იწვევს, რასაც ემატება ფულადი ერთეულის - ლირას კურსის დაცემაც.

თუკი პრეზიდენტ ერდოღანის ხელისუფლებამ მართლაც მოახერხა, შეპირებისამებრ, 2023 წლიდან საკუთარი ბუნებრივი გაზის დიდი მოცულობით მოპოვება, მაშინ თურქეთი თავიდან მოიხსნის სერიოზულ ფინანსურ პრობლემას.

საქმე ისაა, რომ თურქეთი ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ მლრდ დოლარს ხარჯავს საზღვარგარეთ ბუნებრივი გაზის შესაძენად. 2019 წელს მან ამ მიზნებისთვის 41 მლრდ დოლარი დახარჯა, როდესაც მოახდინა ბუნებრივი გაზის ექსპორტი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან.

2019 წელს რუსული "გაზპრომისგან" შეძენილი ბუნებრივი გაზის მოცულობამ 15,5 მლრდ კუბომეტრი შეადგინა. უფრო მეტ ბუნებრივ გაზს რუსეთი ევროპაში მხოლოდ გერმანიაზე (53,5 მლრდ კუბომეტრი) და იტალიაზე (22,1 მლრდ კუბომეტრი) თუ ჰყიდის.

პუტინისთვის მიუღებელი იქნება თუკი რამდენიმე წელში ის თურქეთის სახით, ბუნებრივი გაზის ერთ-ერთ მსხვილ მყიდველს დაკარგავს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის იანვრიდან ამოქმედდა "თურქული ნაკადის" გაზსადენი, რომლის 910 კმ-იანი მონაკვეთი შავი ზღვის ფსკერზე ჩაიდო რუსეთიდან თურქეთამდე და ეს "ბედნიერება" 7 მლრდ დოლარამდე დაჯდა.

თუკი თურქეთს საკუთარი ბუნებრივი გაზი გაუჩნდა,ის რუსული ექსპორტისგან დამოუკიდებელი აღმოჩნდება, რაც დიდ გავლენას მოახდენს მოსკოვი-ანკარას პოლიტიკურ ურთიერთობებშიც.

თურქეთმა ბოლო 20 წლის განმავლობაში არანაკლებ 3 მლრდ დოლარი დახარჯა შავ და ხმელთაშუა ზღვებში გაზისა და ნავთობის საბადოების საძებნად და როგორც ჩანს, მიზანს მიაღწია.

თურქულმა მბურღავმა გემმა "ფატიხმა" შავ ზღვაში თურქულ ეკონომიკურ ზონაში, ბულგარული და რუმინული საზღვაო ჭაბურღილების სიახლოვეს, მიაკვლია ბუნებრივი გაზის ახალ საბადოს, რომელიც ზღვის ზედაპირიდან 2,1 კმ-ის სიღრმეშია, ხოლო გაზის საწარმოო მოპოვების დასაწყებად საჭიროა ზღვის ფსკერის გაბურღვა არანაკლებ 1.4 კმ-ის სიღრმეში.

ეს ტექნიკური პრობლემები აფიქრებინებენ ამ ბიზნესის ექსპერტებს, რომ თურქეთს არანაკლებ ათი წელი შეიძლება მაინც დასჭირდეს შავი ზღვის ამ საბადოდან ბუნებრივი გაზის მოპოვების დასაწყებად.

ისე საინტერესოა, ხომ არ გამოიწვევს ბულგარეთისა და რუმინეთის პროტესტს ის ფაქტი, რომ შავ ზღვაში თურქეთი მათი ჭაბურღილების უშუალო სიახლოვეს იწყებს ბურღვას?

ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ანალოგიურმა აქტიურობამ ბუნებრივი წიაღისეულების ძებნის პროცესში, უკვე სერიოზულად დააპირისპირა ერთმანეთთან ანკარა და ათენი, რაც არაა გამორიცხული, რაიმე მორიგ საზღვაო ინციდენტშიც გადაიზარდოს ბერძენ და თურქ სამხედრო მეზღვაურებს შორის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს