ერდოღანი - "სამი ზღვის მფლობელი"?! - კვირის პალიტრა

ერდოღანი - "სამი ზღვის მფლობელი"?!

თურქეთის სტრატეგიული ინტერესები შავ, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვებში პირდაპირ დაპირისპირებაში მოდის ნატოს რიგი ქვეყნების გეგმებთან...

ხმელთაშუა ზღვაში ნატოს წევრი საფრანგეთი, იტალია და საბერძნეთი ერთობლივ საზღვაო სწავლებას იწყებენ, რომელშიც სავარაუდო მოწინააღმდეგედ, ასევე ნატოს წევრი თურქეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი შეიძლება იქნეს მიჩნეული.

ეს არ არის ფანტასტიკა, ეს რეალობაა. მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა ნათლად გამოკვეთა თურქეთის მზარდი სტრატეგიული ინტერესები სამ ზღვაში - შავ, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვებში, ოფიციალური ანკარის მომატებულ მადას ბუნებრივია მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ და პირველ რიგში, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ეს საბერძნეთი აღმოჩნდა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ორი ქვეყნის - თურქეთისა და საბერძნეთის დაპირისპირება ათწლეულებია გრძელდება და 1974 წელს კვიპროსზე, რეალურ საბრძოლო მოქმედებებშიც კი გადაიზარდა.

მას შემდეგ შეირაღებული ინციდენტები, ნატოს წევრ ამ ორ ქვეყანას შორის არაერთხელ ყოფილა ეგეოსის ზღვაში გაფანტული კუნძულების გამო, მაგრამ რაც შეიძლება ახლა მოხდეს, ბევრად უფრო დიდი მასშტაბების შეირაღებულ კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს.

ამჯერად, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, სერიოზული დაპირისპირების ძირითადი მიზეზი - ენერგორესურსების სადაზვერვო საქმიანობა და მათი მოპოვებისთვის დაწყებული მოსამზადებელი სამუშაობი, შეიძლება გახდეს.

თურქეთი არ სცნობს საბერძნეთისა და ეგვიპტეს მიერ  ხელმოწერილ შეთანხმებას, კონტინენტალურ შელფზე, საზღვაო საზღვრების დემარკაციისა და ახალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. ამჟამად არსებული ეკონომიკური ზონები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში

ამის საწინააღმდეგოდ თავად თურქეთმა ტრიპოლიში მსხდომი ლიბიის იმ მთავრობასთან, რომელსაც თავად ანკარა უჭერს მხარს, ანალოგიური შეთანხმება გააფორმა კონტინენტალურ შელფთან დაკავშირებით, მაგრამ გაეროში დასამტკიცებლად გაგზავნილ ამ შეთანხმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროკავშირი.

გამოდის, რომ თურქეთი, მის მიერ მხარდაჭერილ ლიბიის ერთ-ერთ მთავრობასთან ერთად უმცირესობაში აღმოჩნდა, რადგან მათ წინააღმდეგ საბერძნეთისა და ეგვიპტეს გარდა, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, მათ შორის, საფრანგეთი და იტალიაც დაირაზმნენ და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ხომალდებიც კი გააგზავნეს.

მივა თუ არა საქმე რეალურ სამხედრო დაპირისპირებამდე ნატოს წევრ ქვეყნებს შორის?

იმედია, არა, რადგან საღი აზრი გაიმარჯვებს, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ იარაღის ჟღარუნის ხმა გაისმა, უკვე ძალიან ცუდია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთობისთვის, მითუმეტეს, რომ დაპირისპირების მეორე მხარეს დგას თავად ნატოს ის ქვეყანა, რომელსაც ალიანსის წევრებს შორის, სიდიდით მეორე არმია ჰყავს აშშ-ს შემდეგ.

ნატოს რიგებში ასეთი სერიოზული განხეთქილება, რა თქმა უნდა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და ძალიან ცუდია იმ საქართველოსთვის, რომელიც ამდენი ხანია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას ცდილობს, მათ შორის, თურქეთის დახმარებითაც და ამ დროს ნატოს წევრი ეს ქვეყანა თანაალიანსელებს უპირისპირდება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს