რუსეთმა სომხეთში აგური და ცემენტი ჩაიტანა თუ რუსული შეიარაღება? - შოიგუს თავის მართლების ბაქოში არ სჯერათ
რუსეთმა სომხეთში აგური და ცემენტი ჩაიტანა თუ რუსული შეიარაღება? - შოიგუს თავის მართლების ბაქოში არ სჯერათ
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მტკიცებას, რომ სომხეთში თვითმფრინავებით 400 ტონამდე აგური და ცემენტი ჩაიტანეს, აზერბაიჯანში არასერიოზულს უწოდებენ და ერევნისთვის რუსული შეიარაღების მალულად მიწოდებაზე მოსკოვიდან პასუხს მოითხოვენ.

ორიოდე თვის წინ აზერბაიჯანულ მედიაში და ასევე ოფიციალურ წრეებშიც ერთგვარი გულისწყრომა გაისმა იმასთან დაკავშირებით, რომ სერბეთიდან ერევანში ჩაფრენილმა, ნაღმსატყორცნებით სავსე თვითმფრინავმა თურმე ქართული ცა გადაკვეთა, ხოლო რუსეთიდან სომხეთში ქართული გზების გავლით, რამდენიმე "კამაზი" გადავიდა, რომლებზეც სომხები აუცილებლად "გრადის" პაკეტებს დაამონტაჟებდნენო...

იმის ფონზე, რაც ბოლო 28
წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანმა საზღვარგარეთიდან შეიარაღებისა და საბრძოლო საჭურვლის უზარმაზრი მასშტაბის ტრანზიტი განახორციელა, ამ ბრალდებებმა, ცოტა არ იყოს, უმადურობის ელფერი შეიძინა.

ნამდვილი წყარო, რომელიც სომხეთის არმიას აირაღებს და საკმაოდ სერიოზულადაც, მალევე გამოჩნდა, იმავე რუსეთის სახით.

აზერბაიჯანის დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაციები იმის შესახებ ,რომ როდესაც
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამა წლის ივლისში მორიგი შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, თურმე რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა რუსეთიდან ყაზახეთის, თურქმენეთისა და ირანის საჰაერო სივრცეების გავლით სომხეთში 400 ტონაზე მეტი სამხედრო ტვირთი ჩაიტანეს.

ამის შესახებ სატელეფონო საუბარში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს კითხვა დაუსვა.

25 აგვისტოს ბაქოში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ აზერბაიჯანის მხარეს ამ კითხვაზე შემდეგი პასუხი შესთავაზა: გიუმრიში, 102-ე რუსულ სამხედრო ბაზაზე მშენებლობები დავიწყეთ და სამშენებლო მასალები ჩავიტანეთ რუსეთიდან სომხეთში ამ თვითმფრინავებითო...
რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ თავის აზერბაიჯანელ კოლეგას უმტკიცებს,რომ რუსეთს სომხეთში თვითმფრინავებით მხოლოდ ცემენტი და ქვიშა ჩააქვს
აზერბაიჯანელების გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა: ნუთუ სომხეთში ყველაფერი ისე გაწყდა, რომ რუსი სამხედროები 2 ათასი კმ-ის გავლით, შემოვლითი გზით, თვითმფრინავებით ზიდავენ გიუმრიში ცემენტსა და ქვიშასო?

რუსეთის თავდაცვის მინისტრის გულუბრყვილო თავის მართლების, ოფიციალურ ბაქოს არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ათზე მეტი საჰაერო რეისით, რომლებიც რუსულმა ილ-76 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა რუსეთიდან ერევანსა და გიუმრიში შეასრულეს, სომხეთის არმიისთვის სასწრაფოდ ჩატანილი იქნა ის შეირაღება და საბრძოლო მასალები, რაც ერევანს სჭირდება ბაქოსთან ომში.

ძალიან კარგია, როდესაც აზერბაიჯანში ბოლოს და ბოლოს ხვდებიან, თუ ვინ ამარაგებს რეალურად მათ მოწინააღმდეგეს და აღარ აბრალებენ ამას საქართველოს, თუმცა ეს მიხვედრა ოფიციალური ბაქოსთვის ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან პრეზიდენტ ალიევს არ გააჩნია იმის ძალა,რომ თავისი რუსი კოლეგა-პუტინი აიძულოს და სომხეთისთვის რუსული შეიარაღების მიწოდება შეაჩერებინოს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


SSS 21
06 სექტემბერი 2020 14:37
ABA რა გეგონათ რუსეთი იარაღით მოამარაგებს და კონფლიკტს გააღვივებს? (რა სისულელა)
გიო
02 სექტემბერი 2020 13:06
ერთი კარგი ომი ჰაერივითაა საჭირო, თორემ ნამეტანი გავზარმაცდით, ომს ვერ მოვიგებთ, მაგრამ წონაში მაინც დავიკლებთ სირბილისაგან.
რა გიკვირთ?
31 აგვისტო 2020 22:32
აზერბაიჯანი ყარაბაღს აქამდე ცხრაჯერ დაიბრუნებდა მაგრამ იცის ვინც არის სომხეთის მფარველი, რომელთანაც ურთიერთოის გაფუჭებას ისე ერიდება, რომ სომხეთის შეიარაღებასც კი ჩვენ უნდათ დაგვაბრალონ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები