ამერიკელი პარაშუტისტები თბილისთან გადმოსხდნენ...
ამერიკელი პარაშუტისტები თბილისთან გადმოსხდნენ...
ასეთ "მყვირალა" სათაურიან ბლოგზე მკითხველს თვალი აუცილებლად გაექცევა, მაგრამ სიმართლეა - 2020 წლის შემოდგომის პირველ დღეს თბილისთან, ვაზიანის აეროდრომის თავზე მართლაც გაიხსნა 200 პარაშუტი და ქართულ მიწაზე ამერიკელი სამხედროები დაეშვნენ.
თუმცა ამაში რაიმე მოულოდნელობა არ ყოფილა, რადგან ასე იყო დაგეგმილი - 7 სექტემბერს ვაზიანში მეხუთედ დაიწყება საერთაშორისო სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი-2020" და მის დაწყებამდე ამერიკელი პარაშუტისტების საჩვენებელ საჰაერო დესანტირებას თავისი მიზანი აქვს.

ამ მიზანს
არც ამერიკული და არც ქართული მხარე არ ასაიდუმლებს - ეს არის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ოპერატიული გადმოსროლის ტაქტიკის დახვეწა, როდესაც საჰაერო დესანტი ბევრად უფრო სწრაფად აღმოჩნდება დასახულ რაიონში, ვიდრე იქ ნატოს ტანკები იქნება ჩატანილი...

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნატოს ოპერაციაში ავღანეთში, ბევრად მეტი წვლილი შეაქვს, ვიდრე თავად ალიანსის ბევრ წევრ ქვეყანას,
საქართველო დღემდე არ არის მიღებული ნატოში და ამის რეალური პერსპექტივა უახლოეს წლებში არც ჩანს.
ამიტომაც, იმის იმედი, რომ ნატო ტანკებს გამოგვიგზავნის ქართული არმიის დასახმარებლად, თუკი რუსეთი გააგრძელებს სამხედრო აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს.

და მაინც, ის ფაქტი, რომ ნატო და კონკრეტულად კი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობა ხვეწავს ევროპიდან საქართველოში საჰაერო გზით სწრაფი რეაგირების ძალების გადმოსროლის მექანიზმს, აუცილებლად ყურადსაღებია.

"ჰერკულესის" ტიპის ოთხი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავიდან დესანტირებული 200 პარაშუტისტი აშშ-ის ევროპული სარდლობისა და საჰაერო ძალების ევროპული სარდლობის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადიდან არიან.

ეს ბრიგადა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და მას შემდეგ არც ერთი ომი არ გამოუტოვებია, არც ევროპაში, არც ვიეტნამში, არც ერაყსა და ავღანეთში. ის ამჟამად იტალიაშია დისლოცირებული.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ლილი
03 სექტემბერი 2020 00:03
მე მგონია ამერიკა ვერაფერს გვეხმარება გარდა იმისა რომ რუსებს აღიზიანებს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები