რასაც რუსები თავად ფარულად აკეთებენ, იმის გადმობრალება უნდათ ჩვენთვის, ანუ მორიგი რუსული პროვოკაცია
რასაც რუსები თავად ფარულად აკეთებენ, იმის გადმობრალება უნდათ ჩვენთვის, ანუ მორიგი რუსული პროვოკაცია
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სააგენტო "რია ნოვოსტის" განუცხადა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ნავალნი "ნოვიჩოკით" მოწამლეს.

"ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენ არ ვართ დაკავებული მსგავსი ტიპის ქიმიური ნივთიერებების დამზადებით. არსებობს ინფორმაცია, რომ ასეთი იარაღი, ასეთი ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებები არსებობს
საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის ლაბორატორიებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში" , - განაცხადა შვიტკინმა.

საინფორმაციო სივრცეში ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთიდან თავდასხმებს უკვე ისე მივეჩვიეთ, რომ ამ მორიგ გამოხტომაზე შეიძლება აღარც ღირდა რეაგირება, მაგრამ ერთი კვირით ადრე, სანამ გერმანულ კლინიკაში რუს ოპოზიციონერ ლიდერს ალექსეი ნავალნის სისხლის ანალიზში აღმოუჩენდნენ საბრძოლო
დანიშნულების ნერვულ-პარალიზებადი ნივთიერების "ნოვიჩოკის" მსგავს კვალს, ერთი საინტერსო მოვლენა მოხდა.

26 აგვისტოს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს წარმოებისა და უსაფრთხოების საკითხების ბიურომ - BIS–მა "შავ სიაში" შეიყვანა რუსეთის ფედერაციის "ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების მოსკოვის სახელმწიფო სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტი" და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 33-ე და 48-ე ცენტრალური სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტები.

აშშ-ის დაზვერვა არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი აგრძელებს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის სრულყოფას, რაც აკრძალულია საერთაშორისო კონვენციით, რომლის ხელმომწერი მოსკოვიცაა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ზემოთხსენებულ დახურულ ინსტიტუტებში დღემდე გრძელდება საბრძოლო ვირუსების და შხამების შექმნა, რომლებსაც ტერორისტული მიზნებით რუსეთის სპეცსამსახურები კრემლისთვის მიუღებელი პირების ფიზიკური ლიკვიდაციისთვის იყენებენ, ასე იყო სკრიპალების "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემთხვევაში და ასე არის დღეს ოპოზიციონერ ნავალნის კომაში ჩავარდნის დროსაც - მიაჩნიათ დასავლეთის სადაზვერვო წრეებში.

ის, რომ რუსეთი დღესაც აგრძელებს "საბრძოლო ქიმიაზე" ფარულ მუშაობას, თავად "ნოვიჩოკის" შემქნელებიც ადასტურებენ. აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფრის ქვეშ მყოფი პროფესორი ვილი მირზაიანოვი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ზესაიდუმლო მომწამვლელი "ნოვიჩოკის" შექმნაში მონაწილეობდა, დარწმუნებულია, რომ რუსეთის სპეცსამსახურების შეკვეთით ეს რუსული საკვლევი ინსტიტუტები კვლავ ამზადებენ "ნოვიჩოკისა" და სხვა უფრო სრულყოფილი საბრძოლო შხამების დოზებს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კრემლიდან ნაბრძანები საიდუმლო დივერსიულ-ტერორისტული აქტების განსახორციელებლად...

და ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც მთელი მსოფლიოსთვის აშკარაა, რომ პუტინის რუსეთი აგრძელებს სტალინის საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების "შხამებით ტერორს", ვინ დაიჯერებს, ვიღაც რუსი დეპუტატის მორიგ ბჟუტურს იმ ლუგარის ლაბორატორიაზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოს მთავარ ფარად და იმედად იქცა?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ცნობისათვის
03 სექტემბერი 2020 15:19
შარშან შემოდგომაზე რ უ ს უ ლ ტელეარხებზე გადიოდა სიუჟეტები, თუ როგორ გაექცათ ციმბირის საიდუმლო ბიოლაბორატორიიდან ვირუსი და ახლომახლო მოსახლეობის მასობრივი დაინფიცირება გამოიწვია!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები