ნატოს "ღირსეული პარტნიორი-2020" რუსეთის "კავკასია-2020"-ს დაუპირისპირდება საქართველოში
ნატოს "ღირსეული პარტნიორი-2020" რუსეთის "კავკასია-2020"-ს დაუპირისპირდება საქართველოში
სექტემბრის შუა რიცხვებში საქართველოში, ერთმანეთისგან სულ რაღაც ასიოდე კილომეტრში ნატოსა და რუსეთის ეგიდით ორი სამხედრო სწავლება გაიმართება.

"ღირსეული პარტნიორი-2020" ვაზიანის პოლიგონზე, რა თქმა უნდა, საქართველოს მოწვევით ტარდება, ხოლო ძარწემის პოლიგონზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ოკუპანტი რუსეთი ჩვენთან უკითხავად, მსხვილმასშტაბიანი სამხედრო სწავლების "კავკასია-2020"-ის ერთ-ერთ ფაზას ჩაატარებს.

ერთხელ უკვე საქართველომ ტრაგიკულად გადაიტანა ნატო-რუსეთის დაპირისპირებული ბანაკების სამხედრო სწავლებების დროში დამთხვევა, როდესაც იმავე ვაზიანში, 2008 წლის 15-31 ივლისს ქართულ-ამერიკული
ერთობლივი სამხედრო სწავლების "მყისიერი პასუხი-2008"-ის დამთავრებიდან ერთ კვირაში, რუსეთი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ასევე სამხედრო სწავლებას "კავკასია-2008"-ს მართავდა, საქართველოში, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში შემოიჭრა...

12 წლის წინანდელი დაძაბული სიტუაციისგან განსხვავებით, ამჟამად, საბედნიეროდ არ არსებობს იმის წინა პირობა, რომ "კავკასია-2020" სამხედრო სწავლების საფარქვეშ რუსეთმა დანარჩენი საქართველოს ოკუპაცია განაახლოს, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

"ღირსეული პარტნიორი 2020" ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. წლევანდელი სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. მრავალეროვნულ წვრთნაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა. მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

მრავალეროვნულ "ღირსეული პარტნიორი-2020"-სთან შედარებით, რუსული "კავკასია-2020" უფრო გრანდიოზული მასშტაბებისაა და ის სტრატეგიული დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლების რანგში გადის.

რუსეთის გენერალიტეტი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს ამ სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის სრულ რაოდენობას, მაგრამ სამაგიეროდ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის განცხადებით, "კავკასია-2020"-ის ფარგლებში სავარაუდოდ, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან აპირებს თავი მოუყაროს 120 ათასამდე სამხედროს, 500-მდე ტანკს, 3 ათასამდე ჯავშანმანქანას, 300 თვითმფრინავს, 50 შვეულმფრენს, ხოლო უკრაინის შავი ზღვის სანაპიროებთან კი გადაიყვანოს 50 სამხედრო ხომალდი და 5 წყალქვეშა ნავი.

უკრაინელების შეშფოთება სრულიად გასაგებია, რადგან 12 წლის წინ, ასევე სამხედრო სწავლების საფარქვეშ მობილიზებული საბრძოლო შენაერთები მაშინ მოსკოვმა საქართველოში შემოსაჭრელად გამოიყენა და იგივე სამხედრო ეშმაკობის გამეორება კრემლს არ გაუჭირდება, ამჯერად უკრაინის წინააღმდეგ.

მაგრამ არის ერთი ნიუანსი - "კავკასია-2020"-ში მონაწილეობის მისაღებად რუსეთმა სხვა ქვეყნებიც მიიპატიჟა, მათ შორის ბელარუსი, ჩინეთი, პაკისტანი, ინდოეთი თუ ირანი. თუმცა, ინდოეთმა კორონავირუსის პანდემიის მოტივით, ბოლო მომენტში უარი თქვა სამხედრო დანაყოფის რუსეთში გაგზავნაზე. უარის მოტივი შეიძლება უფრო ის გარემოება იყოს, რომ ინდოელებს არ სურდეთ პაკისტანელი და ჩინელი სამხედროების გვერდით ყოფნა.

როდესაც მოსკოვს სურს ეს სამხედრო სწავლება საერთაშორისოდ გადააქციოს, წესით კრემლი მოერიდება, მის საფარქვეშ უკრაინაზე და ასევე საქართველოზე ახალი სამხედრო იერიში მიიტანოს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
antibneleti
07 სექტემბერი 2020 15:06
დარჩით აქ და კიდევ დაიმატეთ თქვენიანები! თუ ნატოში ვერ შევდივართ - ნატო შემოვიდეს და დარჩეს აქ!!! რუსეთუმეები, თუკი ვერ მოინელებენ, შეუძლიათ, გასკდნენ გულზე!
+++
05 სექტემბერი 2020 16:24
იქნებ საქართველო ერაყად და სირიად აქციოთ!!! აბა თქვენ იცით!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები