რამდენად გაძლიერდა ქართული ცის დაცვა აგვისტოს ომის შემდგომ?
18-09-2020
რამდენად გაძლიერდა ქართული ცის დაცვა აგვისტოს ომის შემდგომ?
თავდაცვის სამინისტოს მიერ ისრაელის სახელმწიფო კომპანია "რაფაელთან" დადებული ხელშეკრულების შემდეგ საზოგადოებაში გაიზარდა ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გაძლიერდა ქართული ცის დაცვა აგვისტოს ომის შემდგომ წლებში.
ისრაელის სახელმწიფო კომპანიასთან ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს საჰაერო თავდაცვის დანადგარების სრულ აღდგენასა და მოდერნიზაციას.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს საჰაერო თავდაცვის ამ დანადგარების ზუსტ სახელს, ძნელი მისახვედრი არ გახლავთ, რომ ლაპარაკია "სპაიდერის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე, რომლებიც საქართველომ ისრაელის სწორედ ზემოთ ხსენებული კომპანიისგან შეიძინა აგვისტოს
ომის წინ და ამ "ობობებმა" თავისი წვლილი შეიტანეს ქართულ საჰაერო სივრცეში დასაბომბად შემოჭრილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავების ჩამოგდება-დაზიანებაში.

აგვისტოს ომის დროს საქართველოს საჰაერო თავდაცვამ გამოიყენა 23 მმ-იანი ორლულიანი საზენიტო ავტომატური ქვემეხები და ამავე კალიბრის, ოთხლულიანი "შილკები", 57 მმ კალიბრის საზენიტო ქვემეხები, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები "იგლა" და
"გრომი", თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო დანადგარები "ოსა", "ბუკი" და "სპაიდერი".

აგვისტოს ომის დროს რუსეთის სამხედრო ავიაციამ დაკარგა სამი მოიერიშე სუ-25, ორი საფრონტო ბომბდამშენი სუ-24მ და ერთი შორი მოქმედების ბომბდამშენ-რაკეტმზიდი ტუ-22მ3.
ჩამოგდებული რუსული სუ-24 ის ფრაგმენტი
გარდა ამისა, საზენიტო საშულებების ზემოქმედების შედეგად დაზიანებული იქნა კიდევ სამი რუსული მოიერიშე სუ-25, თუმცა მათმა პილოტებმა მოახერხეს აეროდრომებზე თვითმფრინავების დასმა. მიუხედავად, ამისა ეს დაზიანებული მოიერიშეები აღარ დაექვემდებარნენ რემონტსა და აღდგენას და ჩამოწერილ იქნენ, რის გამოც ეს სამი რუსული თვითმფრინავიც შეიძლება ჩაითვალოს როგორც დაუბრუნებელი საბრძოლო დანაკლისი და რუსეთის ავიაციის სრული დანაკარგი აგვისტოს ომში შეიძლება შეფასდეს, როგორც ცხრა თვითმფრინავი.
დაზიანებული რუსული სუ-25
გარდა ამისა, აგვისტოს შუა რიცხვებში, საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ჯავასთან, საველე აეროდრომზე ორი რუსული შვეულმფრენი-საბრძოლო მი-24 და სატრანსპორტო მი-8მტ, ერთმანეთს შეეჯახნენ და დაიწვნენ.

აგვისტოს ომში რუსული საფრენი აპარატების ჩამომგდები და დამაზიანებელი საჰაერო თავდაცვის საშუალებების ზუსტი იდენტიფიცირება ცოტა რთულია, რადგან ამ თვითმფრინავებს მიწიდან ცეცხლს ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ტიპის საზენიტო დანადგარი უხსნიდა და მათ შორის არა მარტო ქართული.

არანაკლებ ორი რუსული თვითმფრინავი "მეგობრული ცეცხლით" თავად რუსებმა და ოსებმა ჩამოაგდეს.

დანამდვილებით ერთი იმის თქმა შეიძლება, რომ "ავიამზიდების მკვლელად" შერაცხული რუსული ასტონიანი ტუ-22მ3 სწორედ ქართული "ბუკის" ლუკმა გახდა, როდესაც ამ დანადგარიდან გაშვებულმა პირველივე საზენიტო რაკეტამ იმსხვერპლა, "ბუკის" მეორე რაკეტა კი უკვე ჰაერში დაშლილი "ტუ"-ს დიდ ფრაგმენტს მოხვდა.

აგვისტოს ომის ოთხ დღეში ცხრა რუსული საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდება-დაზიანება ცუდ შედეგად შეიძლება არ მოჩანდეს, მაგრამ მაშინ ქართულმა მხარემ სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, სამწუხაროდ ბოლომდე ვერ გამოიყენა არსებული საბრძოლო პოტენციალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართულ ცაში შემოჭრილ რუს საჰაერო აგრესორს ბევრად მეტი დანაკლისი ექნებოდა.

აგვისტოს ომის შემდგომ 12 წელი გავიდა და საინტერესოა რამდენად გაძლიერდა ქართული საჰაერო თავდაცვის დონე?
იმ ომში დანაკლისი ჩვენმა საჰაერო თავდაცვამაც განიცადა, მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა ბრძოლებში ვერ მოახერხეს ჩვენი საზენიტო საშუალებების განადგურება.

ცხინვალის რეგიონში მოწინააღმდეგემ ალაფის სახით ხელში ჩაიგდო "ოსას" ტიპის რამდენიმე საზენიტო-სარაკეტო დანადგარი, ხოლო დაპყრობილი სენაკის სამხედრო ბაზიდან წაიყვანა "ბუკის" სამი დანადგარი(სამეგრელოს გზაზე ერთი "ბუკი" შსს-ს სპეცრაზმმა ჩასაფრებიდან ააფეთქა).

გარდა ამისა, ბუნებრივია გაიხარჯა საბრძოლო მასალაც, მათ შორის ძალზე ძვირადღირებული საზენიტო რაკეტები, ამასთან სენაკის ბაზიდან რუსებმა უკრაინაში ნაყიდი "ბუკის" საზენიტო რაკეტებიც გააყოლეს ხელს.

ომის დროს მიყენებული ზარალისა და საბრძოლო ხარჯის შესავსებად საჭირო იყო ახალი შესყიდვების განხორციელება საზღვარგარეთ, მაგრამ აგვისტოს ომის შემდგომ, პუტინის ხათრითა თუ შიშით, თვით ნატოს წევრი საფრანგეთის, გერმანიისა თუ იტალიის ლიდერებმა არაოფიციალური საირაღო ემბარგო გამოუცხადეს საქართველოს, თავს არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი-აშშ-ი იკლავდა იმავე "სტინგერების" გადმოცემაზე, ხოლო ისრაელმა იმ პერიოდში თავისთვის მომგებიანი წინადადება შესთავაზა კრემლს - არც მე მივაწვდი საქართველოს "სპაიდერებს" და არც რუსეთმა მიჰყიდოს ირანს საზენიტო ს-300-ებიო...

აგვისტოს ომიდან მხოლოდ წლების შემდეგ, ახალი ხელისუფლების პერიოდში დაიწყო მორიგი მცდელობები ქართული საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.
ერთ-ერთ მიმართულებად იქცა ხელშეკრულების დადება ცნობილ ფრანგულ მწარმოებლებთან თანამედროვე ფაზირებულანტენიანი, მობილური რადიოლოკატორების შეძენაზე, ასევე მცირე მანძილზე მოქმედი ფრანგული "მისტრალების" შესყიდვაზე, რომლებიც მაღალი გამავლობის ავტომობილების ძარაზე იყო დამონტაჟებული.

საჰაერო სივრცის ასპროცენტინი გარანტიით ჩაკეტვა მაღალ, საშუალო და განსაკუთრებით კი დაბალ სიმაღლეებზე, არცერთ ქვეყანას ძალუძს, რადგან ეს უზარმაზარ დანახარჯებს მოითხოვს და ტექნიკურადაც რთული განსახორციელებელია, მითუმეტეს საქართველოს მთაგორიანი რელიეფის გათვალისწინებით, როდესაც ხეობების თავზე, ძალიან დაბალ სიმაღლეზე მფრენი ობიექტის დროული აღმოჩენა მძლავრი რადიოლოკატორებითაც კი ტექნიკურად შეუძლებელია.

სამაგიეროდ, შეიძლება სტრატეგიული ობიექტების ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის მოწყობა, რაც ასევე არ დაჯდება იაფი, მაგრამ არც სავარაუდო მოწინააღმდეგეს მისცემს ქართულ ცაში დაუსჯელად პარპაშის საშუალებას.

თავის დროზე ისრაელისგან ნაყიდი საზენიტო-სარაკეტო "სპაიდერების" აღდგენა-მოდერნიზაცია საშური საქმეა და მისასალმებელია, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯი გადადგა.
ჩემი მხრიდან იმას დავამატებ, რომ თუკი აგვისტოს ომის დროს ჩვენი "სპაიდერები" მხოლოდ სითბური დამიზნების "პითონის" საზენიტო რაკეტებს უშვებდნენ, უპრიანი იქნებოდა აქტიური რადიოლოკაციური დამიზნების, მოდერნიზებული საზენიტო რაკეტები "დერბიც" შეგვეძინა "სპაიდერებისთვის".

როგორც მოსალოდენელი გახლდათ, რუსეთში მორიგი ისტერიკა გამოიწვია ქართული "ობობების" მოდერნიზაციის დაწყებამ, რაც გაამწვავა ამერიკულ გამოცემა "ფორბსში" გამოქვეყნებულმა სტატიამ იმის შესახებ, რომ აღდგენილ ქართულ "სპაიდერებს" კიდევ შეეძლებათ სისხლი ადინონ რუსულ ავიაციას, როგორც ეს აგვისტოს ომის დროს მოხდაო...
არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა კულუარული  დიპლომატიის გამოყენებით ისრაელისგან მოითხოვოს, ქართული "ობობების" გაძლიერების სამუშაობის შეწყვეტაც კი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ამირან
25 სექტემბერი 2020 11:29
ისრაელი თვითონ ამერიკული რაკეტებით იცავს თავს და ეგ ჯართი ცოტაოდენი არახართ არ ვარგა მოძველებულია და მითუმეტეს რუსებმა მოდერნიზაცია გაუკეთეს ყველა თვითმფრინავებს და განახლეს სირიაში კარგათ იმუშავა რუსულმა თვითფრინავებმა ასე რომ ძველი ჯართის გარემონტება აზრი არაქვს
_
21 სექტემბერი 2020 23:00
გამოყენებული უნდა იქნეს ქართული სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. უნდა შეიქმნას ან მოდერნიზირდეს რამოდენიმე სამეცნიერო ინსტიტუტი, რომლებიც სამხედრო დაკვეთებზე იმუშავებენ, როგორიცაა მაგალითად, ახალი სახეობის დამიზნების და აღმოჩენის სისტემები. ამ ინსტიტუტებში უნდა მუშაობდნენ მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერები, მაღალი ანაზღაურებით და ასევე რეალურ შედეგებზე ორიენტირებული. მარტო სხვის იმედად ყოველთვის მაჩანჩალის და სხვის ხელში შემყურეები ვიქნებით.
ქართლოსი
21 სექტემბერი 2020 15:10
ისრაელმა 2008 წლის ომის დროს რუსეთს გადასცა მათგან ნაყიდი დრონების კოდები. ჯობია ჩვენი სამხედრო მრეწველობა განვავითაროთ. რუსეთის დამრტყმელი შეიარაღება ქართველების შექმნილია მარტო გიორგი ნადირაძე ეყოფა მთელ მსოფლიოს. ნიჭი არ აკლია ქართველ კაცს. ხელის შეწყობა უნდა და ჩვენვე შევქმნით ყველაფერს რაც გვჭირდება, თანაც საუკეთესოს.

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები