"კავკაზ-2020" - კრემლის მუქარა რუსეთის სამხრეთი მეზობლებისადმი? - კვირის პალიტრა

"კავკაზ-2020" - კრემლის მუქარა რუსეთის სამხრეთი მეზობლებისადმი?

"ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებებით რუსეთი ნატოს დასანახადაც ძალის დემონსტრაციას ახდენს, განსაკუთრებით კი შავი ზღვის რეგიონში"

26 სექტემბერს მთავრდება რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება "კავკაზ-2020" 80 ათასი სამხედროს, A250 ტანკის, 450 ქვეითთა საბრძოლო მანქანისა და ჯავშანტრანს-პორტიორის, 200-მდე საარტილერიო და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის მონაწილეობით.

ამ სწავლების მთავარი სიახლე გახლდათ რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნების: ჩინეთის, ბელარუსის, მიანმის, სომხეთისა და პაკისტანის არმიების ათასამდე სამხედროს მონაწილეობა. სხვა ქვეყნები: აზერბაიჯანი, ინდონეზია, ირანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და შრი-ლანკა დამკვირვებლებით იყვნენ წარდგენილი. ინდოეთმა მონაწილეობაზე უარი კორონავირუსს გადააბრალა, თუმცა რეალური მიზეზი ჩინეთია, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა აქვს. სომხეთის გამო არც ბაქომ ისურვა სწავლებაზე ქვედანაყოფის გაგზავნა.

სწავლება ერთდროულად სამხრეთის სამხედრო ოლქის რამდენიმე პოლიგონზე ტარდება, მათ შორის, ასტრახანის ოლქში მდებარე კაპუსტინიარის პოლიგონზე, სადაც ამოცანების გადაჭრაში სწავლების მონაწილე უცხო ქვეყნების ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, "კავკაზ-2020"-ზე დამუშავდა ჯარების დაჯგუფების მართვის სა-კითხები ერთობლივ ოპერაციებში "ტერორიზმის შესაკავებლად შეიარაღებულ კონფლიქტთა ლოკალიზაცია-მოგვარების დროს" და "შეფასდა სამხრეთის სამხედრო ოლქის შესაძლებლობები, უზრუნველყოს რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში სამხედრო უსაფრთხოება".

სინამდვილეში, "კავკაზ-2020"-ის უკან დგას რუსული სამხედრო მუქარა, რომელიც უპირველესად რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის მოსაზღვრე ქვეყნების, უკრაინის, საქართველოსა და ნაწილობრივ აზერბაიჯანისკენაა მიმართული.

სწავლების ფარგლებში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ნაგვალოუსა და წებელდის პოლიგონებზე, საოკუპაციო ჯარების მე-7 სამხედრო ბაზისა და აფხაზ სეპარატისტთა ფორმირებების 1 500 სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო ტექნიკის 500 ერთეულისა და დამრტყმელი შვეულმფრენების გამოყენებით დაამუშავა პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ამოცანები მთებსა და ზღვის სანაპირო ზოლში.

სწავლების პერიოდში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ძარწემის პოლიგონზე, რუსი ოკუპანტების მე-4 სამხედრო ბაზისა და ადგილობრივ სეპარატისტთა 1500 სამხედრომ პირობითი უკანონო შეიარაღებული ფორმირებები გაანადგურა სამხედრო ტექნიკის 300 ერთეულის მხარდაჭერით.

სომხეთის ალაგიოზის პოლიგონზე სომხეთ-რუსეთის გაერთიანებულმა სამხედრო დაჯგუფებამ სამხედრო ტექნიკის 300 ერთეულისა და ავიაციის მხარდაჭერით ივარჯიშა.

უკრაინის სიახლოვეს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შემავალმა შავი ზღვის ფლოტის ხო-მალდებმა და ავიაციამ წვრთნები სხვადასხვა სახის ამოცანის გადაჭრაში ჩაატარა.

"კავკაზ-2020-ზე" სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარებმა დაამუშავეს ისეთი ამოცანები: მოწინააღმდეგის დაჯგუფებაზე მასირებული დარტყმები საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებითა და ავიაციით, ჯარების დაცვა საჰაერო თავდასხმის საშუალებებისგან, ბრძოლაში საჰაერო და საზღვაო დესანტის გამოყენება, მოწინააღმდეგის მართვის პუნქტების მწყობრიდან გამოყვანა საინფორმაციო ბრძოლის საშუალებებით, კავშირის სისტემების დაცვა რადიოელექტრონულ ბრძოლაში, ბრძოლა უპილოტო საფრენ აპარატებთან, საველე პირობებში ჯარების მომარაგება საბრძოლო მასალებითა და საწვავით, პირადი შემადგენლობის საკვებით უზრუნველყოფა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და ა.შ.

სწავლებას, პრაქტიკულ მხარეებთან ერთად, ინფორმაციული ნაწილიც ჰქონდა. აფეთქება, ჯავშანტექნიკის, სარაკეტო სის-ტემებისა და საფრენი აპარატების მასირებული გამოყენება დამსწრე უცხოელებზე რუსეთის არმიის სიძლიერესა და შე-საძლებლობებზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც, იმავდროულად, კრემლის პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს