მთიანი ყარაბაღი დღეს პლანეტის ყველაზე ცხელ წერტილად იქცა - გადაიზრდება თუ არა დაპირისპირება რეგიონალურ შეიარაღებულ კონფლიქტში?
მთიანი ყარაბაღი დღეს პლანეტის ყველაზე ცხელ წერტილად იქცა - გადაიზრდება თუ არა დაპირისპირება რეგიონალურ შეიარაღებულ კონფლიქტში?
27 სექტემბერს, როდესაც საქართველო სოხუმის დაცემის ტრაგედიას იხსენებდა, ჩვენს მეზობლებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გაჩაღდა.

მაგრამ, დაპირისპირების პირველივე საათებმა აჩვენა, რომ ეს არ არის მორიგი შეირაღებული ინციდენტი მათ შორის გაჭრილ თავდაცვის ზღუდეებს შორის, ეს უკვე სერიოზული დაპირისპირებაა.

27 სექტემბერს გამთენიისას დაწყებული ბრძოლები მთიანი ყარაბაღის ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე ოფიციალურმა ბაქომ იმით ახსნა, რომ სომხურმა მხარემ პირველმა დაიწყო საარტილერიო დაბომბვა, რის შემდეგაც აზერბაიჯანმა კონტრშეტევითი ოპერაცია წამოიწყო.
გასაგებია, რომ დაპირისპირებული მხარეები
ცდილობენ ერთმანეთს გადააბრალონ ცეცხლის გახსნა, მაგრამ იმის შემხედვარე, თუ რამდენად მასშტაბურია აზერბაიჯანის არმიის ერთდროული სატანკო და საჰაერო შეტევები მთიანი ყარაბაღის ფრონტის სხვადასხვა მიმართულებებზე, ეჭვი აღარ რჩება, რომ ეს ოპერაცია დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი აზერბაიჯანის გენშტაბის ოპერატიულ სამმართველოში.

ეს არცაა გასაკვირი, რადგან 1994 წლის შემდეგ,
სომხეთს ფაქტობრივად შექმნილი აქვს დე-ფაქტო სიტუაცია, როდესაც თითქმის მთლიანად აკონტოლებს არათუ მთიან ყარაბაღს, არამედ აზერბაიჯანის კიდევ შვიდ რაიონს, რომლებიც არასდროს შედიოდნენ მთიანი ყარაბაღის საბჭოთა ავტონომიური ოლქის ტერიტორიაში, თუმცა ეს რაიონები სომხეთს უშუალოდ ყარაბაღთან აკავშირებს.

გასაგებია, რომ აზერბაიჯანი განვლილი 26 წლის განმავლობაში არ შეურიგდა ასეთ მდგომარეობს და ცდილობს დაიბრუნოს ის ტერიტორიები, რომლებიც მას ოფიცილურად ეკუთვნოდა საბჭოთა პერიოდში.
ამის მცდელობა ოფიციალურ ბაქოს ჰქონდა 2016 წლის აპრილში, თუმცა დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლების პირველ საათებში, საბრძოლო უპირატესობას მიაღწია, მოულოდნელობის ეფექტის მეოხებით.

2020 წლის 12-15 ივლისის სასაზღვრო შეიარაღებული ინციდენტი აზერბაიჯან-სომხეთის თოვუზ-ტავუშის მონაკვეთზე, რომელიც საქართველოს საზღვართან ბევრად უფრო ახლოა, ვიდრე ყარაბაღთან, ვერ იქნება მიჩნეული ყარაბაღის ომის ერთ-ერთ ფრაგმენტად.

სამაგიეროდ, 2020 წლის 27 სექტმებრის გამთენიისას მთიანი ყარაბაღის ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე დაწყებული აზერბაიჯანის არმიის შეტევის დიდი იმედი აქვთ ბაქოში, რაზეც მეტყველებს პრეზიდენტ ალიევის ორაზროვანი განაცხადი-მთიანი ყარაბაღის პრობლემის არასრული გადაწყვეტა არ იქნება, აზერბაიჯანს საკუთარი მიწების დაბრუნება სურს...
ის, რომ აზერბაიჯანი ემზადებოდა ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციის დასაწყებად, წინასწარ რამდენიმე გარემოება მიუთითებდა - აზერბაიჯანის არმიამ რამდენიმე დღით ადრე დაიწყო სამხედრო სწავლებები, რისთვისაც ათი ათასობით რეზერვისტი იქნა მობილიზირებული, მაღალი გამავლობის მანქანების, მათ შორის "პიკაპების" მფლობელები გაფრთხილებული იყვნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში არმია მათ ავტომობილებს დროებით ჩამოართმევდა.

მაგრამ, არანაკლები მინიშნება თავად პრეზიდენტმა ალიევმა მაშინ გააკეთა, როდესაც საქართველოს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ სამხედრო ტვირთების სომხეთში გატარებისგან თავი შეიკავა.
არადა, ჯერ კიდევ ივლისში, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა საინფორმაციო საშუალებამ საქართველოს ფაქტობრივად ბრალი დასდო იმაში, რომ სერბეთიდან და რუსეთიდან სომხეთში მიმავალი სამხედრო დანიშნულების ტვირთები გაგვიტარებია...

მთიან ყარაბაღში ახალი დაპირისპირების დაწყებამდე ორიოდე დღით ადრე კი, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა უწყებებმა, საკმაოდ მოულოდნელად განაცხადეს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება უახლოეს მომავალში მოგვარდეს და ისე, რომ ქართული მხარე უკმაყოფილო არ დარჩესო...

რას ნიშნავს ეს ყველაფერი? იმას, ხომ არა, რომ ბაქოს სურს თბილისი ერთგვარ მოკავშირედ აქციოს, არა იმ გაგებით, ქართული არმიის დახმარების იმედი ჰქონდეს ყარაბაღის კონფლიქტში, არამედ სხვა ასპექტში-მთიან ყარაბაღში ბრძოლების დროში გაწელვის შემთხვევაში, სომხეთს აუცილებლად დასჭირდება საბრძოლო მასალისა და ტექნიკის მარაგის შევსება, რასაც ლოგიკურად ისევ რუსეთიდან ეცდება და ამ დროს საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს სიმტკიცე და სომხეთში სამხედრო ტრანზიტი გადაკეტოს...

თუკი საქართველოს როლი დაახლოებით ამ დონეზე შეიძლება შემოიფარგლოს, რუსეთისა და თურქეთის ფაქტორები გადამწყვეტ მნიშვნელობას იღებს, გადაიზრდება თუ არა აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირება მთიანი ყარაბაღში, რეგიონალური დონის შეიარაღებულ კონფლიქტად.

იმავე, 2016 წლის აპრილის მოვლენებიდან განსხვავებით, დღეს თურქეთი პოლიტიკურად ღიად უჭერს მხარს აზერბაიჯანს და დიდი ალბათობით, სამხედრო ძალითაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ერთი თვის წინ აზერბაიჯან-თურქეთის ერთობლივი სამხედრო სწავლებები ჩატარდა აზერბაიჯანში, ასევე ნახიჩევანში და თურქი სამხედროების ნაწილი თავის საბრძოლო ტექნიკასთან ერთად რჩებოდა სწავლებების რაიონში.
რაც შეეხება უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებს 28 საქეტემბრის შუადღისთვის, როდესაც ეს ბლოგი იწერებოდა, აზერბაიჯანის არმიამ მოახერხა არანაკლებ შვიდი დასახლებული პუნქტის დაკავება მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში და კონტროლის ქვეშ აიღო რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე, საიდანაც ფიქსირდებოდა საგზაო კომუნიკაციები.

ეს ტაქტიკური დონის წარმატება აზერბიჯანის არმიას გარკვეულ მსხვერპლად დაუჯდა - დაიღუპა ათობით მებრძოლი, აფეთქებულია ტანკები, ჯავშანმანქანები, ჩამოგდებულია შვეულმფრენები და უპილოტო საფრენი აპარატები.

თავის მხრივ, დაპირისპირების დაწყების პირველივე წუთებში სომხეთმა დაკარგა არანაკლებ ოთხი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც აზერბაიჯანელებმა ზუსტი სარაკეტო დარტყმებით გაანადგურეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბრძოლა არა მარტო ყარაბაღის მთაგორიან რელიეფზე, არამედ საინფორმაციო სივრცეშიც მიდის, ამიტომაც მთლად იმის დაჯერება, თუ რა საბრძოლო დანაკარგებზე ლაპარაკობენ მოწინააღმდეგე მხარეები, ბოლომდე არ ღირს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ აზერბაიჯანის არმიას, როგორც შეტევაზე გადასულ მხარეს, შეიძლება მეტი დანაკლისი ჰქონდეს, ვიდრე თავდაცვით პოზიციებზე, სანგრებში მსხდომ სომხებს.
უახლესი დღეები დაგვანახებს რა მოხდება მთიან ყარაბაღში. აზერბაიჯან-სომხეთის მორიგი დაპირისპირება მთელი რეგიონის უსაფრთხოებას დაემუქრება, თუ ნელ-ნელა ჩაცხრება და ბაქო ტაქტიკური დონის წარმატებას, ანუ რამდენიმე სოფლის დაბრუნებას დაყაბულდება, დროებით...
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ხათუნა
02 ოქტომბერი 2020 10:15
აზერბაიჯანი თავის ტერიტორიას არ თმობს! ჩვენს დავით გარეჯთან რა ხელი აქვს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები