ყარაბაღის კონფლიქტი და 6 საფრთხე საქართველოსთვის - კვირის პალიტრა

ყარაბაღის კონფლიქტი და 6 საფრთხე საქართველოსთვის

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრის გამთენიისას დაწყებული ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებიდან მეხუთე დღეს უკვე გამოიკვეთა, რომ ეს არ არის მორიგი შეირაღებული ინციდენტი... მართალია, ჯერ-ჯერობით საბრძოლო მოქმედებები მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის მიერ კონტროლირებული აზერბაიჯანის შვიდი რაიონიდან რამდენიმეში მიმდინარეობს, მაგრამ დაპირისპირების ესკალაციის შემთხვევაში (რისკენაც მიდის საქმე) არსებობს ალბათობა, რომ ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთებშიც გაიხსნას, მათ შორის საქართველოს საზღვრის უშუალო სიახლოვეს. რა საფრთხეებს შეიძლება მოიცავდეს სომხეთ-აზერბაიჯნის ახალი დაპირისპირება მეზობელი საქართველოსთვის?

საფრთხე #1

ეს საფრთხე მაშინ წარმოიქმნება, თუკი წითელი ხიდის რაიონში, სადაც ერთდება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი, აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებს წამოიწყებენ.

კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებზეც კარგად ჩანს, რომ ორივე დაპირისპირებული მხარის მიერ გათხრილი სანგრები გადმოდის საქართველოს ტერიტორიაზე (თუმცა ამის დოკუმენტურად დამტკიცება ძნელია, რადგან საქართველოს ამ მეზობელ ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრის სრული დემილიტაცია და დემარკაცია დასრულებული არ აქვს).

1992-1994 წლების ომის დროს სომხურ და აზერბაიჯანულ სამხედრო ფორმირებებს ამ ადგილებში არაერთი ბრძოლა გაუმართავთ და მათი გასროლილი ჭურვები ქართულ მიწაზეც ეცემოდა.

გარდა ამისა, დაპირისპირებული მხარეები ნაღმავდნენ გზებსა და საზღვრის მონაკვეთებს, რათა მოწინააღმდეგეს არ ეცადა საქართველოს ტერიტორიიდან ზურგში მიეტანა მოულოდნელი შეტევა.

ქართველ მესაზღვრეებს მოუწევთ მეტი დაკვირვება და სიფრთხილის გამოჩენა, თუკი გამოიკვეთა სასაზღვრო მონაკვეთში საბრძოლო მოქმედებების გადმოტანის საშიშროება.

საფრთხე #2

სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციის შემთხვევაში არ არის გამორიცხული მათ "ქალაქების ომიც" დაიწყონ, ანუ ერთმანეთის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების, მათ შორის ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების მიმართულებით ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტები გაუშვან.

სომხეთის არსენალშია "ისკანდერისა" და "ტოჩკა-უ"-ს ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემები ( ერევნის ცენტრში არაერთხელ ჩატარებული ამავე კლასის "ელბრუსის", იგივე "სკადის" სარაკეტო კომპლექსები ძირითადად სააღლუმო განწყობას ქმნიდნენ და მათი საბრძოლო მზადყოფნა ძალზე საეჭვოა).

აზერბიჯანის შეირაღებაშია "პოლონეზის", "ტოჩკა-უ"-სა და "ლორას" ტიპის სარაკეტო სისტემები, რომლებიც არანაკლები დამანგრეველი ძალით გამოირჩევიან.

შორსმსროლელი არტილერიის სახით მოწინააღმდეგე მხარეებს ასევე ჰყავთ "სმერჩის", "ურაგანისა" და "გრადის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები.

ბრძოლების დროს არაერთხელ მომხდარა, რომ მიზანს აცილებული რაკეტა და ჭურვი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილა და იქ ტრაგედია დაუტრიალებია. ასე მოხდა 1999 წელს, როდესაც ნატოს მიერ გაშვებული ფრთოსანი რაკეტა სერბეთის ნაცვლად ბულგარეთის საზღვრისპირა ქალაქში აფეთქდა, შორს რომ არ წავიდეთ, ორი დღის წინ მთიან ყარაბაღთან გამართული საარტილერიო დუელის დროს რამდენიმე ჭურვი ირანის სოფელთან დაეცა.

საქართველოს საზღვართან რაც უფრო ახლოს გაიმართება დაპირისპირება, მით უფრო იზრდება იმის შანსი, რომ სამიზნედაკარგული რაკეტა ჩვენს ტერიტორიაზე ჩამოვარდეს.

საფრთხე #3

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროში გახანგრძლივების შემთხვევაში ორივე მხარეს დასჭირდება საბრძოლო მარაგის შევსება ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გასახანგრძლივებლად.

ორივე ქვეყანამდე სამხედრო ტვირთების ტრანზიტის ძირითადი მარშრუტი სწორედ საქართველოზე გადის.

მართალია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ არ დაუშვებენ სამხედრო ტრანზიტს აზერბაიჯანსა და სომხეთში, ჯერ არავინ იცის სიტუაცია სადამდე დაიძაბება და საქართველოზე რა დონის ზეწოლები შეიძლება განხორციელდეს იმისთვის, რომ რუსეთმა სომხეთს, ხოლო თურქეთმა კი აზერბაიჯანს სამხედრო დანიშნულების ტვირთები სრული გარანტიით მიაწოდოს...

საფრთხე #4

საქართველოში კომპაქტურად მაცხოვრებელი სომეხი და აზერბაიჯანი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები გულგრილი არ დარჩებიან იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება მათ ისტორიულ სამშობლოში.

შესაბამისად ისინი ეცდებიან, უფრო სწორედ უკვე ცდილობენ, რაიმე სახით დაეხმარონ თანამემამულეებს.

ასეთი დახმარება შეიძლება იყოს მატერიალური სახით (ჯავახეთში და ქვემო ქართლში უკვე აგროვებენ ფულს შესაბამისად ერევანსა და ბაქოში გასაგზავნად) ან მოხალისეების გაგზვნით ფრონტის ხაზზე.

იმ საქართველოსთვის, რომელიც ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში, მიუღებელი იქნება, თუკი საქართველოს მოქალაქეები, თუგინდ ინდივიდულურად, იბრძოლებენ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, არადა არსებობს იმის საშიშროებაც, რომ ჯავახეთსა და ქვემო ქართლში შეიძლება ჩამოყალიბდეს საბრძოლო რაზმები ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილეობის მისაღებად.

საფრთხე #5

ერთია როდესაც საქართველოს მოქალაქეობის მქონე ეთნიკურად სომხები და აზერბაიჯანელები ყარაბაღის ტყეებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და სულ სხვა, თუკი ისინი ამ დაპირისპირებას უშუალოდ ქართულ მიწაზე გადმოიტანენ.

ამის საშიროება რელურია, თუკი გავითვალისწინებთ 1992-94 წლების გამოცდილებას, როდესაც სავარუდოდ აზერბაიჯანელმა დივერსანტებმა სამცხე-ჯავახეთისკენ მიმავალ რკინიგზაზე ხიდი ააფეთქეს, ხოლო მათმა სომეხმა "კოლეგებმა" მარნეულიდან აზერბიჯანისკენ გასულ სამგზავრო ავტობუსში ბომბი ააფეთქეს.

თბილისში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელების და სომხების თანაცხოვრება საბედნიეროდ აქამდე მშვიდობიანად მიმდინარეობდა, მაგრამ სომხეთ-აზერბაიჯანის დღევანდელი დაპირისპირების კიდევ უფრო გამძაფრების შემთხვევაში უკვე აღარაფერია წარმოუდგენელი, მაგალითად მოსკოვში ა.წ.-ის ზაფხულში მომხდარი დაპირისპირების არაერთი ფაქტიც მეტყველებს, როდესაც აზერბაიჯანელები და სომხები ერთმანეთს პირდაპირ ქუჩებში სასტიკად უსწორდებოდნენ.

საფრთხე #6

საბრძოლო მოქმედებებში წარმატება-წარუმატებლობიდან გამომდინარე, დაპირისპირებულმა მხარეებმა შეიძლება უკიდურესი გადაწყვეტილებაც კი მიიღონ და ისეთი ნაბიჯები გადადგან, რაც მთლიანად სამხრეთ კავკასიას და მათ შორის საქართველოსაც დაემუქროს.

მაგალითად, სომხეთმა შეიძლება სარაკეტო დარტყმები მიაყენოს, როგორც მინგეჩაურის წყალსაცავს, ისე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, საპასუხოდ კი აზერბაიჯანმა, სომხეთის მეწამორის ატომური ელექტროსადგურისკენ გაუშვას რაკეტები...

მინგეჩაურის წყალსაცავისა და სტრატეგიული ნავთობსადენის მწყობრიდან გამოსვლა დიდ ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს სამხრეთ კავკასიაში, რომ აღარაფერი ვთქვათ მეწამორის ატომური ელექტროსადგურის მეორე "ჩერნობილად" გადაქცევის საშინელ პერსპექტივაზე...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს