სომხეთმა აზერბაიჯანში განჯა დაბომბა, საქართველოს საზღვრიდან 38 კმ-ში... - კვირის პალიტრა

სომხეთმა აზერბაიჯანში განჯა დაბომბა, საქართველოს საზღვრიდან 38 კმ-ში...

4 ოქტომბერს, მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე სომხეთმა სარაკეტო დარტყმა მიაყენა აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის(დედაქალაქ ბაქოს შემდეგ) - განჯას აეროპორტსა და საცხოვრებელ უბნებს! ამის შესახებ წერს როგორც სომხური და აზერბაიჯანული, ისე დასავლური მედია.

ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის საზღვრები გასცდა მთიან ყარაბაღს და ვრცელდება როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის სიღრმეში, რადგან არ არის გამორიცხული ბაქომ საპასუხო სარაკეტო დარტყმები განახორციელოს სომხეთის ტერიტორიის სიღრმეშიც.

განჯას აეროპორტზე, რომელსაც აზერბაიჯანი სამხედრო მიზნებისთვისაც იყენებს, სომხური მხარე მას შემდეგ ილესავდა კბილებს, რაც სუ-25 ტიპის მოიერიშე ჩამოუგდეს და პილოტი მოუკლეს - ოფიციალური ერევანი დარწმუნებულია, რომ სწორედ განჯის აეროდრომიდან აფრენილმა თურქულმა გამანადგურებელმა ფ-16-მა "ჰაერი-ჰაერი" კლასის მართვადი რაკეტით, 60 კმ-ის სიშორიდან ჩამოაგდო მათი მოიერიშე.

საგულისხმოა, რომ პირველი ინფორმაცია განჯას აეროპორტის დაბომბვაზე გაავრცელა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პრესმდივანმა ვაგრამ პოღოსიანმა, რაც იმაზე შეიძლება მიუთითებდეს, რომ არაღიარებულ მთიან ყარაბაღის ლიდერებს თავის თავზე სურთ აიღონ ეს ქმედება და სომხეთს აზერბაიჯანის საპასუხო დარტყმები თავიდან ააცილონ.

თუმცა გასაგებია, რომ სომხეთის არმიის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან პირდაპირი ხაზით 50 კმ-ში მდებარე განჯის აეროპორტს მხოლოდ "სმერჩის" ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა თუ "ტოჩკა-უ" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სისტემების რაკეტები მიწვდებოდა, რომლებიც მხოლოდ ერევნის განკარგულებაშია.

ჩვენთვის საგულისხმო კი ის გარემოებაა, რომ სომხეთის მიერ დაბომბილი აზერბაიჯანული ქალაქის აეროპორტი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრიდან მხოლოდ 38 კმ-შია!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს