სად არიან ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო ტყვეები?
სად არიან ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო ტყვეები?
ფოტო:ერთადერთი ფაქტი - ხუთი ხელებაწეული სომეხი სამხედრო ტყვე...
6 ოქტომბერს ყარაბაღის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან მეათე დღე დასრულდა და მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები სამ სხვადსხვა მიმართულებაზე მიმდინარეობდა, მსხვერპლისა და დაჭრილების რიცხვიც მატულობდა ორივე მხარეს, სამხედრო ტყვეების შესახებ ინფორმაცია არ ისმის.
უფრო სწორედ, აზერბაიჯანის მხარემ კი გამოაქვეყნა, სავარაუდოდ დატყვევებული ხუთი სომეხი სამხედროს ფოტო, მაგრამ არ დააკონკრეტა სად იყვნენ ისინი ტყვედ აყვანილნი და რომელ სამხედრო ნაწილს წარმოადგენდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ, მათი ვინაობების დასახელებაზე.

ასეთი რამ ცოტა ძნელად წარმოსადგენია -
მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, ორივე მხარეს არის დაღუპული და ბევრად მეტი დაჭრილი, ხდება უშუალო საცეცხლე შეტაკებები, იკავებენ მოწინააღმდეგის პოზიციებს და სამხედრო ტყვეები არ არიან?!

ამ ბლოგის ავტორს 1992 წელს ორჯერ მოუწია მონაწილეობა მიეღო გუდაუთიდან ქართველი სამხედრო ტყვეების გამოყვანაში, ხოლო 2004 წელს ცხინვალის ციხეშიც კი შევიდა იქ
მყოფი ჩვენი სამხედრო ტყვეების მოსანახულებლად და გარკვეული წარმოდგენა გააჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით. ბრძოლებში საბედნიეროდ, ყველა სამხედრო არ იღუპება, ნაწილი იჭრება, მაგრამ მათი სამშვიდობოზე გამოყვანა ყოველთვის ვერ ხერხდება, ისინი შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგის ხელში ვარდებიან ან სულაც, მებრძოლი, რომელიც ალყაში მოექცა და ვაზნებიც გაუთავდა, იძულებული ხდება იარაღი დააგდოს და ხელები მაღლა ასწიოს...

1949 წლის ჟენევის კონვენცია მკაცრად საზღვრავს სამხედრო ტყვეებთან მოქცევის წესებს-კატეგორიულად აკრძალულია სამხედრო ტყვის წამება, ცემა, ღირსების შელახვა და მითუმეტეს მისი მოკვლა!
თუკი ორი მებრძოლი ქვეყნიდან ერთ-ერთს ხელი არ აქვს მოწერილი ჟენევის ამ კონვენციაზე, მეორე მხარე მაინც ვალდებულია მის სამხედრო ტყვეებს კონვენციის წესებით მოეპყრას.

ამის მტკიცება შეუძლებელია ობიექტური და უტყუარი დოკუმენტების გარეშე, მაგრამ მაინც ჩნდება ეჭვი, რომ ყარაბაღის ამ ადაპირისპირებაში არც აზერბაიჯანელებს და არც სომხებს სამხედრო ტყვეები არ აჰყავთ!

არ აჰყავთ სპეციალურად, რაზეც შეიძლება მეტყველებდეს რამდენიმე ვიდეო, სადაც ორივე მხარე მოწინააღმდეგის კოლონების განადგურებითა და მოკლული სამხედროებით ამაყობს, მაგრამ ბრძოლის ველზე დაღუპული სამხედროების ნეშტების მდებარეობა ისეთია, რომ ძალაუნებურად ჩნდება უნდობლობა...
30-წლიანი სომხურ-აზერბაიჯანული მძიმე დაპისპირების პერიოდის გათვალისწინებით, რაც ბოლო დღეებში დიდ სისასტიკეშიც გადაიზარდა, არაა გამორიცხული ორივე მხარის მეთაურობას გაცემული ჰქონდეს სიტყვიერი ბრძანება-ტყვეები არ აგვყავს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები