რატომ "აბრალებენ" საქართველოს ყარაბაღის ომში დაქირავებული მებრძოლების გატარებას და კონტროლის რა მექანიზმებია ოფიციალური თბილისის ხელში
რატომ "აბრალებენ" საქართველოს ყარაბაღის ომში დაქირავებული მებრძოლების გატარებას და კონტროლის რა მექანიზმებია ოფიციალური თბილისის ხელში
დაპირისპირებული მხარეები მთიან ყარაბაღში უცხოელი მებრძოლების "მიპატიჟება"- ჩაყვანაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
სომხური მხარის მტკიცებით თურქეთი სირიაში, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ თურქულენოვან მეომრებს აგზავნის აზერბაიჯანში, ბაქო კი ერევანს ბრალს სდებს, რომ ქურთ მებრძოლებს ეძახის ყარაბაღში სომხების დასახმარებლად.

რამდენად რეალურია ეს ურთიერთბრალდებები?

როგორც იტყვიან, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს და დაპირისპირებული მხარეები ყველა შესაძლებლობებს იყენებენ გასაძლიერებლად.
მაგრამ, როგორ შეიძლება მოხვდნენ თურქეთიდან ბაქოში სირიელი მებრძოლები, ან ერევანში როგორ ჩავიდნენ ქურთები და საზღვარგარეთ მაცხოვრებელი სომხები?
ერთადერთი
გზა საქართველოზე გადის, უფრო სწორედ კი ორი მარშრუტი არსებობს-სახმელეთო და საჰაერო. სახმელეთო საზღვრის მასობრივი გადაკვეთა ისედაც შეჩერებული იყო კორონავირუსის პანდემიის გამო, რჩება საჰაერო გზა.

საქართველოს ხელისუფლებამ დროულად ჩაკეტა სამხედრო ტვირთების ტრანზიტი, როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე სომხეთისთვის, ანუ აიკრძალა ამ ქვეყნებისკენ მიმავალი სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადატანა, როგორც
სახმელეთო, ისე საჰაერო მარშრუტებით.

მაგრამ ეს შეზღუდვა არ ეხება, მაგალითად თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების იმ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს, რომლებიც ქართული ცის გავლით აზერბაიჯანში მიფრინავენ, რადგან თურქეთს, როგორც ნატოს წევრ სხვა ქვეყნებს, საქართველო (რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აქტიური პარტნიორი და მის რიგებში გაწევრიანების მოსურნეა) ყოველწლიურ ნებართვას აძლევს ჩვენი საჰაერო სივრცის ნებისმიერ დროს უპრობლემოდ გადალახვის თაობაზე ანუ აღარ არის საჭირო კონკრეტულ ფრენაზე ნებართვის მიცემა.

ქართული ცის გავლით აზერბაიჯანისკენ სისტემურად დაფრინავენ ერთ-ერთი ცნობილი აზერბაიჯანული კომპანიის სატვირთო თვითმფრინავებიც, მაგრამ არც მათი შემოწმების საშუალება აქვს საქართველოს, თუკი ამ თვითმფრინავის ეკიპაჟს არ აქვს მითითებული, რომ ის სამხედრო დანიშნულების ტვირთს ზიდავს.

იგივე ხდება სომხეთისკენ მფრინავ ლაინერებთან დაკავშირებითაც. რუსეთიდან სომხეთისკენ მფრენი სამგზავრო "ბოინგის" საქართველოში დასმა და მისი მგზავრების შემოწმება საერთაშორისო წესების უხეში დარღვევა იქნებოდა.

ასე, რომ სტამბოლი-ბაქოსა და მოსკოვი-ერევნის რეისებს რამდენიმე პოტენციური მებრძოლი შეიძლება გაჰყვეს, ეს საქართველოს გასარჩევი ვერ და არ იქნება...
 ყარაბაღის ომში მიმავალი დაქირავებული მებრძოლების გამოვლენა ტრაპზე ასვლისას უნდა მოხდეს და არა ქართულ ცაში
რაც შეეხება რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების ჩაფრენას რუსეთიდან სომხეთში ქართული ცის გავლით.
2007 წლის შეთანხმების თანახმად, რომლის მიხედვითაც რუსული სამხედრო ბაზები იქნა გაყვანილი საქართველოდან, თბილისმა აიღო ვალდებულება, რომ საჰაერო გზით გაატარებდა რუსულ სამხედრო ტვირთებს სომხეთში გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის მოსამარაგებლად.
აგვისტოს ომის შემდგომ ბევრი რამ შეიცვალა და ქართული მხარე ეწინააღმდეგებოდა ასეთი ფრენების განხორციელებას. რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები სომხეთში ძირითადად კასპიის ზღვისა და ირანის გავლით ჩაფრინდებოდნენ, თუმცა სომხეთისკენ მათ ხანდახან თურქეთიც კი უშვებდა.

თუკი საერთაშორისო საზოგადოებას მართლაც სურს, რომ ყარაბაღის ომში არ მოხვდნენ დაქირავებული მებრძოლები, მაშინ დეტალურად უნდა შეამოწმონ გაფრენის აეროპორტში მგზავრების სია და პოტენციური მებრძოლების გამოვლენა მოახდინონ, მაგრამ ესეც არარეალურად მოჩანს: სტამბოლი-ბაქოს რეისზე არავინ დაიწყებს იმის დადგენას, თუ რამდენი თურქი ახალგაზრდა მიფრინავს აზერბაიჯანში და რა მიზნებით, იგივე ეხება მოსკოვი-ერევნის რეისსაც, რადგან რუსი მესაზღვრეები არ შეაჩერებენ რუსეთში მაცხოვრებელ ახალგაზრდა სომხებს სამშობლოში დასაბრუნებლად...
ასე, რომ ყარაბაღის ომში დაპირისპირებულ მხარეებს იმის მაგივრად საქართველოს დაქირავებულ მებრძოლთა საჰაერო ტრანზიტით გატარება დააბრალონ, სჯობს პასუხი იმ ქვეყნებს მოსთხოვონ, საიდანაც ეს სამგზავრო თვითმფრინავები დაფრინავენ..

ცალკე საკითხია ჰუმანიტარული ტვირთის გადამტანი თვითმფრინავები, რომელთა საბარგო ნაკვეთურში საბნებია ჩალაგებული თუ "იგლას" მეტრნახევრიანი საზენიტო რაკეტები, ქართულ ცაში ამის დისტანციურად შემოწმება უბრალოდ შეუძლებელია.

ამ ბლოგის ავტორს აფხაზეთის ომის დროს მიეცა შესაძლებლობა შეემოწმებინა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენებით გუდაუთიდან ტყვარჩელში გადატანილი ჰუმანიტარული ტვირთის ნაწილი და გარკვეული წარმოდგენა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ჰუმანიტარული ტვირთის საფარქვეშ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მალულად ტრანსპორტირება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?