დიდი ალბათობით, მძარცველმა წინასწარ გათვალა, რომ ხელისუფლება არჩევნების წინ მოერიდებოდა სპეცოპერაციის ჩატარებას და სროლებს არ ატეხდა... - კვირის პალიტრა

დიდი ალბათობით, მძარცველმა წინასწარ გათვალა, რომ ხელისუფლება არჩევნების წინ მოერიდებოდა სპეცოპერაციის ჩატარებას და სროლებს არ ატეხდა...

21 ოქტომბერს ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალის გაძარცვა უკვე ისტორიაში შევიდა, მიუხედავად იმისა, რომ შეირაღებულმა მძარცველმა მიმალვა მოახერხა და მისი დაკავება-გაუვნებელყოფის ოპერაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

22 ოქტომბრის დილით გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მან მძევლები გაუშვა და გადაცემულ თანხასთან ერთად ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხთან მიიმალა.

ისმის კითხვები - რამდენად სწორად მოიქცა ხელისუფლება, რომელიც დაჰყვა შეირაღებული მძარცველის მოთხოვნებს, 19 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, მას 500 ათასი დოლარი გადასცა, მანქანაც გამოუყო და გაქცევის საშუალებაც მისცა?

შესაძლებელი იყო თუ არა წარმატებული სპეცოპერაციის ჩატარება შეირაღებული მძარცველის დასაკავებლად-გასაუვნებელყოფად?

არსებობდა კი 100 %-იანი გარანტია იმისა, რომ სპეცოპერაციის დროს არცერთი მძევალი არ დაშავდებოდა და მითუმეტეს - არ დაიღუპებოდა?

შევეცდები გავცე პასუხები:

მძარცველს ეცვა ქართული არმიის კამუფლირებული ფორმა, მარჯვენა ხელზე ეკეთა ქართული ხუთჯვრიანი დროშის შევრონი, აღკაზმული იყო განტვირთვის ჟილეტით და შეირაღებული იყო "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატითა და ხელყუმბარით (ხელყუმბარებით?) - ეს ყველაფერი უფრო იმას მიუთითებს, რომ იგი ადრე (ან შეიძლება ეხლაც) მსახურობდა შეირაღებულ ძალებში ან რომელიმე სხვა ძალოვან სტრუქტურაში, ბანკში შეჭრისას მის მიერ გამოჩენილი სისასტიკე, როდესაც ფეხით ამტვრევს მაგიდას და მის უკან დამალულ მძევალს იარაღით ემუქრება, რატომღაც აჩენს ეჭვს, რომ მძარცველს შეიძლება გავლილი ჰქონდეს სპეცრაზმელების მოსამზადებელი კურსი...

ის, რომ მძარცველი მარტო იყო, მისი გაუვნებელყოფის სპეცოპერაციის ჩატარებას მნიშვნელოვნად ამარტივებდა, რადგან მას  ხელყუმბარითა და ავტომატით ერთდროულად მოქმედება ძალიან გაუჭირდებოდა, მითუმეტეს, როდესაც ხელყუმბარა მარჯვენა ხელში ეჭირა.

ბანკის შენობასთან სასროლი პოზიციები დაკავებული ჰქონდათ თანამედროვე, მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანებით (რომლებზეც ძლიერი ოპტიკური სამიზნეები ეყენა, ღამის ხედვის მოწყობილობების ჩათვლით) შეიარაღებულ სპეცრაზმელებს, რომელთა გასროლები გახვრეტდა ბანკის შემინული ოთახის შუშას, თუმცა სქელი მინის გამო გამორიცხული არ იყო, ტყვიებს მიმართულება შეეცვალა და მძარცველს ასცილებოდა, ან უარესი - მძევლები ემსხვერპლა.

სპეცოპერაციის ჩატარების მეტი შანსი მაშინ იყო, როდესაც მძარცველმა ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა მარჯვენა ხელაწეულმა, რომელშიც, სავარაუდოდ, საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარა ეჭირა. ამ დროს მისი მარჯვენა ხელის სწრაფად გადაჭერა და დაფიქსირება გამორიცხავდა ხელყუმბარის ამოქმედებას, ხოლო ავტომატს ის ვერ გამოიყენებდა, რადგან ცაცია არ არის.

ხელისუფლება არ წავიდა სპეცოპერაციის ჩატარებაზე და ამჯობინა ნახევარი მილიონი დოლარი გადაეცა მძარცველისთვის, ვიდრე მძევლები ჩაეგდო კიდევ უფრო მეტ საფრთხეში, რაც დიდწილად გამოწვეული იყო პოლიტიკური მიზეზებით - სპეცოპერაციის დროს ერთი მძევლის დაშავებას, რომ აღარაფერი ვთქვათ დაღუპვაზე, ოპოზიცია თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ... დიდი ალბათობით, მძარცველმა წინასწარ გათვალა ის ნიუანსი, რომ ხელისუფლება არჩევნების წინ მოერიდებოდა სპეცოპერაციის ჩატარებას ზუგდიდის ცენტრში და ქალაქში სროლებს არ ატეხდა...

ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების პრესტიჟის საქმეა, რაც შეიძლება მალე დააკავონ ან გააუვნებელყონ შეიარაღებული მძარცველი, რომელიც ახალი მძევლების აყვანაზეც არ იტყვის უარს, თუკი კუთხეში მოიქციეს.

ოპოზიციის ნაწილი ეცდება, ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენოს და არსებული ხელისუფლება მორიგ უნიათობაში დაადანაშაულოს, ვიდრე მძარცველი არ იქნება მოძებნილი.

მძარცველის ვინაობის იდენტიფიკაცია, თუ ეს უკვე გაკეთებული არ აქვთ სამართალდამცავებს, ბევრ კითხვას გასცემს პასუხს, ხოლო თუკი ვერ მოხერდა მისი ვინაობის გაგება, მაშინ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს