ყარაბაღში ბაგრამიანის ბატალიონის ვეტერანების ჩასვლა მხოლოდ დაგვიანებული პიარი თუა...
ყარაბაღში ბაგრამიანის ბატალიონის ვეტერანების ჩასვლა მხოლოდ დაგვიანებული პიარი თუა...
ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებიდან 43-ე დღეს, როდესაც აზერბაიჯანის არმიას ფაქტობრივად გადაკეტილი აქვს ლაჩინის დერეფანი, ქალაქ-ციხესიმაგრეს შუშას იღებს და სტეფანაკერტზე შეტევისთვის ემზადება ანუ ფაქტობრივად გადაწყვეტილია მთიანი ყარაბაღის ბედი, იქ თანამოძმეების დასახმარებლად და "საბრძოლველად", ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებელი 23 ეთნიკური სომეხი ჩადის.

რამდენიმე მილიონი ეთნიკური სომეხი მთელ მსოფლიოშია გაბნეული და მათგან ორი-სამი ათასი შეიძლება მართლაც ჩავიდა ყარაბაღში საბრძოლველად, მაგრამ ოკუპირებული აფხაზეთიდან გამგზავრებული სომხები, საქართველოს უახლესი ისტორიიდან ავადმოსახსენებელი ბაგრამიანის ბატალიონის ვეტერანები არიან...

ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტების
ერთ-ერთმა ცნობილმა წევრმა ახრა ავიძბამ სოციალური ქსელით მთელ მსოფლიოს მოსდო, რომ 6 ნოემბერს სოჭიდან ერევანში ჩაფრინდა აფხაზეთში მაცხოვრებელი სომხების 23 კაციანი ჯგუფი, რომელიც ყარაბაღში თანამოძმეებს უნდა დაუდგეს გვერდში.
ანუ ყარაბაღში აზერბაიჯანელების წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ ეთნიკურად სომეხი ეროვნების იმ პირებმა, რომელთა ნაწილიც 27 წლის წინ, ბაგრამიანის
სახელობის ბატალიონის სახით ქართველებს ებრძოდა აფხაზეთში...

ორი ათეული კაცი, თანაც ვეტერანი, ფრონტის ხაზზე ამინდს ბუნებრივია ვერ შეცვლის, მითუმეტეს, რომ მათ ომის დაწყებიდან მხოლოდ მეორმოცე დღეს "გამოიღვიძეს", როდესაც ყარაბაღის ბედი თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ აქ მთავარია პროპაგანდისტული ნაბიჯი - თუკი სომეხი ეროვნების ადამიანების ნაწილი აფხაზებს სეპარატისტული მიზნების მისაღწევად ეხმარებოდა სამი ათეული წლის წინ, ახლა უკვე აფხაზეთში მაცხოვრებელი ადგილობრივი სომხები აფხაზებთან ერთად დაეხმარებიან თანამოძმეებს ყარაბაღის ომშიო...

1993 წლის 9 თებერვალს შექმნილი ბაგრამიანის სახელობის მოტომსროლელი ბატალიონის საბრძოლო ნათლობა მალევე, ერთ თვეში, 15-16 მარტის სოხუმზე იერიშისას შედგა მდინარე გუმისთის ხიდის მიმართულებით და დიდი ფიასკოთითაც დამთავრდა - ქართველი არტილერისტების ზუსტი ცეცხლის შედეგად გუმისთის მარცხენა სანაპიროზე ბაგრამიანის ბატალიონის ათობით წევრი დაიღუპა, უფრო მეტი კი დაიჭრა.

საერთო ჯამში, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო ბრძოლებში მოქმედი ეთნიკურად სომეხი ეროვნების ადამიანების (როგორც ადგილობრივების, ისე სომხეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან ჩასულების ჩათვლით) რიცხოვნობამ 1 500-ს გადააჭარბა. მათგან ორასზე მეტი დაიღუპა აფხაზეთის ომში.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართველების მხარეზეც იბრძოდნენ სომეხი ეროვნების ადამიანები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
სეპარატისტული წარმონაქმნების ლიდერებს, მთიანი ყარაბაღიდან, ცხინვალიდან და აფხაზეთიდან, მუდმივად ჰქონდათ ერთმანეთთან ურთიერთობა და სტუმრობები, მაგრამ ეს კავშირები ერევანმა ვერ გამოიყენა თავის სასარგებლოდ, რადგან ამაზე მას მოსკოვმა "მწვანე არ აუნთო".
როგორ გგონიათ, თუკი ოს და აფხაზ სეპარატისტებს 2014 წლიდან რუსეთის სპეცსამსახურები უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლველად უპრობლემოდ, ორგანიზებულად აგზავნიდნენ, რა გაუჭირდებოდა მოსკოვს, რომ ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისთანავე, ისევ მოეკრიბა ცხინვალსა და სოხუმში ადგილობრივი "ბოევიკები" და სტეფანაკერტის დასაცავად გადაესროლა?

უბრალოდ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ამის ბრძანება არ გასცა, რადგან მანამდე ბაქოს ფარული დასტური მისცა დაეწყო ფართომასშტაბიანი შეტევა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ოღონდ ერთი მთავარი პირობით - არ შეხებოდა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებს...

კრემლის მთავარი ინტერესი კი იმაშია, რომ აზერბაიჯანის წარმატებული შეტევების ფონზე თავად სომხეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს მოათხოვინოს ფაშინიანის გადაგომა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან და სომხეთის ხელისუფლებაში ისევ რუსეთისთვის მისაღები კადრები დააბრუნოს.
რუსეთის სპეცსამსახურების დახმარების გარეშე კი, ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებელმა სომხებმა საკუთარი ინიციატივით მხოლოდ 23 კაცის შეგროვება თუ შეძლეს და ისიც ომის დაწყებიდან ერთ თვეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
.
21 დეკემბერი 2020 00:12
გენიოსი ხარ ჟორა, ოღონდ, ვექტორი გაქვს შესაცვლელი.
ჟორა
12 ნოემბერი 2020 01:22
ერთის მხრივ რუსების დამატებითი კონტიგენტი გამოჩნდა კავკასიაში,მაგრამ მეორეს მხრივ თურქულმა თანამედროვე სამხედრო ტექნიკამ დაადასტურა რომ რუსეთის მიერ ასე ქებული და გაზვიადებული საჰაერო დაცვის სისტემები უკვე ვერ უმკლავდებიან დღევანდელ გამოწვევებს. ისე თურქეთის არსებობა ყარაბახის სადამკვირვებლო მისიაში იმის მაჩვენებელია რომ რუსეთი აღარ არის ჩვენს რეგიონში ერთადერთი მოთამაშე და ის ჩააჩოჩა ( თუნდაც ნაწილობრივ) თურქეთმა.
სომხები კი კვლავ დაღუპა რუსეთზე იმედმა.როგორც წინა საუკუნეში,რუსეთი შეჰპირდა თანადგომას,დაელოდა მისი ჯარის განადგურებას,მოსახლეობის გაქცევას სასომხეთში ( ალბათობ დიდი ნაწილი უფრო შორსაც- რუსეთსა თუ სმერიკა-ევროპაში მოითხოვს თავშესაფარს) და მხოლოდ ამის მერე ჩაერია მოლაპარაკებებში. იმედია ეხლა მაინც მიხვდებიან თუ რამდენად არ არის სანდო ე.წ. რუსი უფროსი ძმა.
ვავა
08 ნოემბერი 2020 21:44
სერიოზულად დასაფიქრებელი ფაქტია

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები