აზერბაიჯანელებმა რუსული "მფრინავი ნიანგი" ჩამოაგდეს... შეცდომით - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანელებმა რუსული "მფრინავი ნიანგი" ჩამოაგდეს... შეცდომით

9 ნოემბერს სომხეთის სოფელ ერასხთან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს Ми-24 ტიპის საბრძოლო შვეულმფრენი ჩამოაგდეს, რომელსაც "მფრინავ ნიანგსაც" უწოდებენ. დაიღუპა შვეულმფრენის ეკიპაჟის ორი წევრი, მესამე კი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ეს საბრძოლო შვეულმფრენი აცილებდა სომხეთში რუსული 102-ე გიუმრის სამხედრო ბაზის ავტოკოლონას. რუს გენერლებს არ დასჭირვებიათ დიდი მარჩიელობა და იმის გამოძიების დაწყება, თუ ვინ ესროლა "იგლას" ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან სითბური დამიზნების რაკეტა მათ საბრძოლო "ნიანგს" - აზერბაიჯანის მხარემ მაშინვე აღიარა, რომ შეცდომით ჩამოაგდო რუსული სამხედრო შვეულმფრენი, მოიხადა ბოდიში და მზადყოფნა გამოთქვა აანაზღაუროს მიყენებული ზარალი. ჩამოგდებული რუსული შვეულმფრენის კუდის ნაწილი

ოფიციალური ბაქოს ასეთი მყისიერი რეაგირება მისასალმებელია, რადგან შეცდომით საფრენი აპარატების ჩამოგდება საზენიტო რაკეტებით, სამწუხაროდ არც თუ იშვიათია, გავიხსენოთ, თუნდაც წლის დასაწყისში თეირანიდან აფრენილი უკრაინული სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდება საზენიტო "ტორის" ორი რაკეტით, რაც ირანის ხელისუფლებამ, რამდენიმე დღის ყოყმანის შემდეგ, მაინც აღიარა, რასაც ვერ ვიტყვით იმ რუსეთზე, რომელმაც 2014 წლის 17 ივლისს ოკუპირებული უკრაინის აღმოსავლეთში ჩუმად შეიყვანა საზენიტო "ბუკი" და შეცდომით ჩამოაგდო მალაიზიური "ბოინგი", თუმცა დღემდე არ აღიარებს 298 უდანაშაულო ადამიანის მოკვლას.

სხვათა შორის, თავად სომეხ მეზენიტეებსაც "ადევთ ცოდვა", როდესაც 1994 წლის 17 მარტს მთიანი ყარაბაღის თავზე "ოსას" ორი საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს მოსკოვიდან თეირანისკენ მფრენი ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი С-130 "ჰერკულესის" ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც რუსეთში ირანის საელჩოს დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები გადაჰყავდა.

მაშინ სომხური მხარე დიდი ხანი ირწმუნებოდა, რომ 32 ადამიანის დაღუპვა "ჰერკულესის" მთასთან შეჯახებამ გამოიწვია და სომეხი მეზენიტეები არაფერ შუაში იყვნენ, სანამ ოფიციალურმა თეირანმა მკაცრად არ მოსთხოვა პასუხი, რის შემდეგაც სომხეთის მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა აღიარა, რომ მათ ეს თვითმფრინავი აზერბაიჯანის ეგონათ და იმიტომ ჩამოაგდეს...

რა უნდოდა რუსულ საბრძოლო შვეულმფრენს იქ, სადაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი მიდის?

საქმეც ის არის, რომ სომხური სოფელი ერსახი, სადაც რუსული "მფრინავი ნიანგი" დაეცა, ძალიან შორს არის მთიანი ყარაბაღიდან (მაგალითად, ქალაქ შუშამდე, სადაც ახლა აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, პირდაპირი ხაზით 43 კმ-ია), სამაგიეროდ ამ სომხური სოფლიდან აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრამდე კი სულ რაღაც 500 მეტრი თუა, მაგრამ ნახიჩევან-სომხეთის საზღვარზე არავითარი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს და იბადება კითხვა, თუ რა უნდოდა ამ ადგილებში რუსული 102-ე სამხედრო ბაზის ავტოკოლონას? რუსული შვეულმფრენი ჩამოგდებამდე

სავარაუდოდ, გიუმრის სამხედრო ბაზიდან რუსეთის გენერალიტეტი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აგზავნის მცირერიცხვოვან სამხედრო დანაყოფებს, რომლებმაც სახელმწიფო საზღვრის სომხეთის ტერიტორიაზე პატარა ბლოკპოსტები უნდა შექმნან, რომლებზეც რუსეთის ფედერაციის სამფეროვანი უზარმაზარი დროშები იქნება აღმართული, რაც ერთგვარი გაფრთხილება გახდება აზერბაიჯანის არმიის იმ საბრძოლო შენაერთებისთვის, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლებში უკვე მიადგნენ აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დასავლეთ ნაწილს და შეცდომით იერიში არ მიიტანონ უკვე უშუალოდ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე...

გასაგებია, რომ აზერბაიჯანელმა მეზენიტეებმა სახელმწიფო საზღვრისგან რამდენიმე ასეულ მეტრში მფრენი "ნიანგი" სომხურად მიიჩნიეს (ინფორმაციისთვის-სომხეთის არმიის შეირაღებაში სხვადასხვა მოდიფიკაციის 15 ერთეული Ми-24 ირიცხებოდა, ხოლო ერევანთან მდებარე ერებუნის სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებულია ანალოგიური ტიპის საბრძოლო შვეულმფრენების ესკადრილია, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის) და ჩათვალეს, რომ სომხური "მფრინავი ნიანგი" აპირებდა საჰაერო დარტყმის მიყენებას...

ოფიციალური ერევანი ეცდება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს აზერბაიჯანის მიერ რუსული შვეულმფრენის შეცდომით ჩამოგდების ფაქტი და მოსკოვს კიდევ ერთხელ სთხოვოს-მოსთხოვოს უშუალო სამხედრო დახმარების აღმოჩენა აზერბაიჯანთან ბრძოლაში...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს