სომხეთი დამარცხდა, აზერბაიჯანმა ტერიტორიები დაიბრუნა, რუსეთი კი კიდევ უფრო გაძლიერდა სამხრეთ კავკასიაში... - კვირის პალიტრა

სომხეთი დამარცხდა, აზერბაიჯანმა ტერიტორიები დაიბრუნა, რუსეთი კი კიდევ უფრო გაძლიერდა სამხრეთ კავკასიაში...

2020 წლის 10 ნოემბრის გამთენიისას ისტორიული მომენტი დადგა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის - 26-წლიანი კონტროლის შემდეგ სომხეთმა დათმო მთიანი ყარაბაღი და მის გარშემო არსებული შვიდი რაიონი. აზერბაიჯანმა 45-დღიანი ბრძოლის შედეგად თავისი ტერიტორიული მთლიანობა, ფაქტობრივად, აღადგინა, რუსეთმა კი, მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალების ჩაყენებით, კიდევ უფრო გაიმტკიცა სამხედრო-პოლიტიკური პოზიციები სამხრეთ კავკასიაში, რადგან მისი სამხედრო ბაზები სომხეთისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, ახლა უკვე აზერბაიჯანშიც გამოჩნდა...

10 ნოემბერს პუტინის თაოსნობით ალიევი და ფაშინიანი შეთანხმდნენ მთიან ყარაბაღში ბრძოლების შეწყვეტაზე, 1-ელ დეკემბრამდე მთიანი ყარაბაღიდან და აზერბაიჯანის კიდევ ოთხი რაიონიდან სომხეთის არმიის გაყვანაზე, სამაგიეროდ კი, სომხებს უტოვებენ საშუალებას, ლაჩინის დერეფნით ისარგებლოს და დევნილები მთიან ყარაბაღში დაბრუნდნენ.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გააკონტროლებს რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის ქალაქ ულიანოვსკის მე-15 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის (რომელსაც სამშვიდობო ბრიგადასაც უწოდებენ) 1960 სამხედრო. ეს სამხედროები თვითმფრინავებით სასწრაფოდ გადაისროლეს ერევანში. ისინი შეირაღებული იქნებიან 90 ჯავშანტრანსპორტიორთა და 380 საავტომობილო ტექნიკით და მთიან ყარაბაღში, დაპირისპირებული მხარეების შუაში ჩადგებიან.

ოფიციალური ბაქო ამ ხელშეკრულებას აზერბაიჯანის დიდ ისტორიულ გამარჯვებად იმიტომ მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებაში არსადაა ნახსენები მთიანი ყარაბაღის მომავალი რამე პოლიტიკური სტატუსი.

მთიანი ყარაბაღის ფრონტზე სომხეთის ფაქტობრივი კაპიტულაციით უკმაყოფილო ოპოზიციამ ერევანში პარლამენტის შენობა დაიპყრო, პარლამენტის სპიკერს სცემა და სხდომათა დარბაზი დაარბია. ოპოზიციონერებმა, ასევე, დაარბიეს "რადიო თავისუფლების" ოფისიც, თუმცა, წესით, პრეტენზიები უფრო რუსეთის მიმართ უნდა ჰქონდეთ, ვიდრე - დასავლეთის...

სომხეთის ოპოზიცია ხელმოწერილი ხელშეკრულების რადიკალურად წინააღმდეგია  და, ჩანს, უახლოეს საათებში ყველაფერს იღონებს პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ხელისუფლების ჩამოსაგდებად, რაც პრეზიდენტ პუტინის მთავარი გეგმა გახლდათ - სწორედ იმავე ხალხმა უნდა ჩამოაგდოს ფაშინიანი, ვინც ორი წლის წინ იგი  სომხეთის სათავეში დასვა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს