კაპიტულაციამდე სომხეთს "ისკანდერის" ორი რაკეტის გაშვება მოუსწრია... - კვირის პალიტრა

კაპიტულაციამდე სომხეთს "ისკანდერის" ორი რაკეტის გაშვება მოუსწრია...

კაპიტულაციმდე სომხეთს "ისკანდერის" ორი რაკეტის გაშვება მოუსწრია...

9-10 ნოემბერს მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო, სადაც თვენახევარი გააფთრებული საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, კულმინაციური მომენტი დადგა.

ჯერ იყო და სომხეთ-ნახიჩევანის საზღვართან, აზერბაიჯანელმა მეზენიტეებმა შეცდომით ჩამოაგდეს რუსული საბრძოლო შვეულმფრენი, რასაც სხვა დროს დიდი რეზონანსი მოჰყვებოდა მოსკოვის მხრიდან, მაგრამ ამჯერად მთელი ყურადღება იმ სამხრივი ხელშეკრულების ხელმოწერაზე გადავიდა, რომელმაც ყარაბაღის კონფლიქტი შეაჩერა... და ამ ყველაფრის ფონზე თითქმის შეუმჩნეველი დარჩა ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა - სომხეთმა აზერბაიჯანისკენ "ისკანდერის" ტიპის ორი კვაზიბალისტიკური რაკეტა გაუშვა! სტარტაღებული 'ისკანდერის' რაკეტა მანამდე აზერბაიჯანულ ქალაქებში უკვე ფეთქდებოდა სომხეთის მიერ გაშვებული ბალისტიკური "სკადები" და "ტოჩკები", რასაც ოფიციალური ბაქოსგან დიდი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვებოდა ხოლმე, მაგრამ ამჯერად სომხური "ისკანდერების" დაცემაზე აზერბაიჯანის რომელიმე სტრატეგიულ ობიექტზე, ბაქო დუმილს ამჯობინებს.

ის, რომ სომხეთმა მართლაც გაუშვა ერთმანეთის მიყოლებით "ისკანდერის" 3,8 ტონიანი ორი რაკეტა, მეტყველებს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოკადრები. მართალია ამ ვიდეოს ხარისხი მაღალი არ არის, მაგრამ სპეციალისტებს მაინც შეუძლიათ გაარჩიონ ერთი წუთის ინტერვალში სტარტაღებული ორი რაკეტა და მათი გამშვები დანადგარი, რასაც თან ერთვის კადრსმიღმა ინტენსიური რეპლიკები სომხურ ენაზე.

"ისკანდერი" ის თანამედროვე რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები გახლდათ, რომლებიც სომხეთმა პირველად 2016 წლის 21 სექტემბრის სამხედრო აღლუმზე ჩაატარა ერევნის ცენტრში და ფაქტობრივად ბაქოს დაემუქრა დაბომბვით, რადგან "ისკანდერის" საექსპორტო რაკეტის მოქმედების რადიუსი 300 კმ-მდეა (რუსეთის შეირაღებაში არსებულის კი 500 და უფრო მეტი კმ-ი) და სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის ყველა წერტილს სწვდება. სომხების 'ისკანდერები' ერევანში, აღლუმზე თუკი "ისკანდერების" გაშვების ვიდეო სიმართლეს შეესაბამება, მაშინ სად დაეცა ეს რაკეტები და რატომ დუმს ბაქო?

აზერბაიჯანელმა მეზენიტეებმა თუ მოახერხეს ამ "ისკანდერების " ჩამოგდება რუსული "ფავორიტისა" ან ისრაელის "ბარაკ-8"-ის საშუალებით, მაშინ ბაქოს ხომ უფრო მეტი მიზეზი უნდა ჰქონდეს საამაყოდ?

იმედია სომხური "ისკანდერების" სტარტის თემა ყარაბაღის კონფლიქტის კიდევ ერთ საიდუმლოებად არ დარჩება...

ამ ბლოგის ერთგულ მკითხველებს კი, კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ იმ ორ ათეულზე მეტ ბალისტიკურ რაკეტას შორის, რომლებიც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული ქალაქების მიმართულებით გამოუშვა, ორი "ისკანდერის" რაკეტაც იყო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს