ქართულ არმიას ხელის ტყვიამფრქვევიც ამერიკული ექნება... - კვირის პალიტრა

ქართულ არმიას ხელის ტყვიამფრქვევიც ამერიკული ექნება...

თავდაცვის ძალების მეტყვიამფრქვევეებმა ამერიკულ M249 ტიპის ხელის ტყვიამფრქვევზე გადამზადების კურსი დაასრულეს

ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში ცხოვრება გრძელდება, მათ შორის - ქართულ არმიაშიც, სადაც სამხედროები მათთვის განკუთვნილ ახალ შეიარაღებას ითვისებენ.

აგვისტოს ომამდე ქართული არმიის შეირაღებაში მასობრივად გამოჩნდა ამერიკული წარმოების M4 ტიპის ავტომატური კარაბინები, რომელიც მართალია, ამ ომში ქართველ მებრძოლებს თითქმის არ გამოუყენებიათ, მაგრამ ამ ავტომატებმა მალევე "განდევნეს" საბჭოთადროინდელი "კალაშნიკოვები" არმიის საირაღო ოთახებიდან.

ამერიკულ M4-სა და საბჭოთადროინდელ АК-74 "კალაშნიკოვს" თავისი დადებით-უარყოფითი თვისებები გააჩნია, მაგრამ... ამერიკული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანა მარტო იმითაც იყო გამართლებული, რომ იგი ნატოს სტანდარტის 5,56 მმ კალიბრის ვაზნებს მოიხმარს, რაც აუცილებელი საბრძოლო და ლოჯისტიკური მოთხოვნაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საარმიო დანაყოფებთან ერთობლივი საბრძოლო ოპერაციების ჩატარებისას, თუნდაც - იმავე ავღანეთში.

მაგრამ მარტო ავტომატური კარაბინი, იგივე ავტომატი, ათეულისა და ოცეულის სათანადოდ აღსაჭურვად არ კმარა, მისი საბრძოლო შესაძლებლობების გასაძლიერებლად აუცილებელია ავტომატზე უფრო ძლიერი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ კი - ტყვიამფრქვევები.

თანამედროვე არმიების ოცეულების შეირაღებაში, ძირითადად, ორი კლასის ტყვიამფრქვევია - ხელის (რომლის გამოყენება ერთ მებრძოლსაც შეუძლია) და ერთიანი (მის გათვლაში, როგორც წესი, ორი მებრძოლია).

სანამ ქართული არმიის შეიარაღებაში 5,45 მმ კალიბრის "კალაშნიკოვის" ავტომატები იყო, ხელის ტყვიამფრქვევის ფუნქციას ამავე კალიბრის РПК-74 ტიპის იარაღი ასრულებდა, ხოლო ერთიანი ტყვიამფრქვევის ნიშა 7,62 მმ კალიბრის ПКМ-ს ეკავა.

როდესაც ქართული არმია 5,45 მმ კალიბრის "კალაშნიკოვებიდან" 5,56 მმ კალიბრის M4-ზე გადავიდა, სერიოზული ლოჯისტიკური პრობლემა შეიქმნა, რადგან ოცეულის პირადი შემადგენლობის საშტატო შეიარაღების საბრძოლო კომპლექტის შესავსებად სამი სხვადასხვა კალიბრის ვაზნები იყო საჭირო.

2017 წლის ივნისში თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებაში მიიღო ამერიკული წარმოების 7,62 მმ კალიბრის M240 ტიპის ერთიანი ტყვიამფრქვევი, რომელმაც არმიაში ჩაანაცვლა საბჭოთადროინდელი ПКМ-ები.

რაც შეეხება ხელის ტყვიამფრქვევებს, აგვისტოს ომის შემდეგ საბჭოთა РПК-74-ების შეცვლა ისრაელის წარმოების "ნეგევებით" დაიწყო. საბჭოთა РПК-74-ებს ბევრი არ ემადლიერებოდა, თუმცა ზოგიერთი მაშინდელი მაღალჩინოსანი სამხედრო ამ სტატიის ავტორს უმტკიცებდა, რომ "ნეგევიც" არ ვარგოდა და მას "ნაგავად" მოიხსენიებდა.

ასე იყო თუ ისე, საქართველოს თავდაცვის ძალებმა 2020 წლის ნოემბრის ბოლოს დაასრულეს გადამზადება M249 ტიპის ხელის ტყვიამფრქვევზე, რომელიც იმავე - 5,56 მმ კალიბრის ვაზნას მოიხმარს, რასაც M4 ტიპის ავტომატური კარაბინი. ეს კი მნიშვნელოვნად აადვილებს ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას საბრძოლო სიტუაციაში, რადგან მეტყვიამფრქვევეს შეუძლია უწილადოს ვაზნები ავტომატებიდან მსროლელ თანამებრძოლებს ან პირიქით - მათგან "ითხოვოს" M4-ის 30-ვაზნიანი მჭიდები, რომელიც ამ ტყვიამფრქვევს უყენდება.

ქართული არმიის არსენალში გამოჩენილი M249 ტიპის ხელის ტყვიამფრქვევები, რეალურად, კარგად ცნობილი ბელგიური "მინიმის" ტიპის ტყვიამფრქვევების ამერიკულ ვარიანტს წარმოადგენს, რომლის სერიული წარმოება ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან მიმდინარეობს.

M249 ტიპის ხელის ტყვიამფრქვევის რამდენიმე მოდიფიკაცია არსებობს, სტანდარტული ვარიანტის მასა 6,85 კგ-ია, საერთო სიგრძე - 1 040 მმ (ლულის სიგრძე 465 მმ), სროლის ტემპი - 600-900 გასროლა/წთ-ში, სროლის ეფექტური მანძილი - 600-800 მ, ხოლო სროლის მაქსიმალური სიშორე - 3,6 კმ.

ხელის ტყვიამფრქვევი M249, ნატოს გარდა, კიდევ ბევრი ქვეყნის არმიის შეიარაღებაშია და მათი გამოჩენა ქართული არმიის არსენალში მისასალმებელია.

სტატიის ავტორს თავის დროზე ზემოთ ჩამოთვლილი ყველა იარაღიდან არაერთხელ განუხორციელებია სროლები და შეუძლია თამამად თქვას, რომ M249 ერგონომიკულად ძალზე მოსახერხებელია გრძელი ავტომატური ჯერების გაშვებისას, როდესაც გასაშლელ ფეხებზე დგას, თუმცა ხელიდან, ავტომატურ რეჟიმში სროლისასაც შეიძლება კარგი შედეგის ჩვენება M4 ტიპის ავტომატურ კარაბინთან შედარებით, რადგან 5,56 მმ კალიბრის ვაზნის ტყვია მცირე იმპულსიანია, ხოლო თავად ტყვიამფრქვევის მასა სამი კგ-ით აღემატება M4-ისას, შესაბამისად, უკუცემის ძალა ნაკლებად იგრძნობა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს