ქართველმა არტილერისტებმა ივარჯიშონ, ოღონდ ყარაბაღის მესამე ომის ნიუანსების გათვალისწინებით... - კვირის პალიტრა

ქართველმა არტილერისტებმა ივარჯიშონ, ოღონდ ყარაბაღის მესამე ომის ნიუანსების გათვალისწინებით...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 28 ნოემბერს გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია:

“ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის ერთი 152 მმ (2A65) „მსტის“ ბატარეა საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტებით და 152 მმ (2A36) “გიაცინტის“ ოცეული საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტებით მონაწილეობდნენ.

დასკვნით საველე წვრთნაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის ერთი 152 მმ 2A65 “მსტის“ ბატარეამ და 152 მმ 2A36 “გიაცინტის“ ოცეულმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელეს და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს.

სწავლება ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა ითვალისწინებდა სამხედრო მოსამსახურეების დისლოკაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, საველე პირობებში მომზადებას. მეორე ეტაპზე ინდივიდუალურ დონეზე შეფასდა პირადი შემადგენლობა, რაც მესამე, დასკვნითი ფაზით, საბრძოლო სროლებით დასრულდა. წვრთნებს მე-5 საარტილერიო ბრიგადის შტაბის შემფასებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ. დასკვნით ფაზას ბრიგადის მეთაური, ვიცეპოლკოვნიკი გიორგი ჩიხლაძე დაესწრო.

წვრთნების მიზანს ქვედანაყოფში ოცეულის დონის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და უზრუნველყოფა,  ოპერატიული გარემოში დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა".

რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო, მთლიანად ქვეყანაში შექმნილი რთული სიტუაციის მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის ძალები აგრძელებენ საბრძოლო წვრთნებსა და სწავლებებს, მით უმეტეს - "ომის ღმერთის", არტილერიის დანაყოფები.

ჰაუბიცა "მსტას" 43,5 კგ-იანი მსხვრევად-ფუგასური ჭურვი მაქსიმალურ, 24,7 კმ-მდე აღწევს, ხოლო "გიაცინტის" ქვემეხის 46 კგ-იანი მსხვრევად-ფუგასური ჭურვი კი 28,5 კმ-მდე მიფრინავს.

ეს საარტილერიო დანადგარები - სამი "გიაცინტი" და 11 "მსტა", ქართულმა არმიამ ჯერ კიდევ 1997 წელს, ვარდიკო ნადიბაიძის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში მიიღო რუსული არმიისგან და მათი საბრძოლო ნათლობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შედგა.

152 მმ-იანი კალიბრის "მსტაც" და "გიაცინტიც" თავიანთი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებით მნიშვნელოვნად აღემატებიან ქართული არმიის ძირითად საარტილერიო შეირაღებას - 122 მმ-იან "დ-30" ტიპის ჰაუბიცებს, მაგრამ მათ ერთი საერთო ნაკლი აერთიანებთ - ისინი ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარებია, რომელთა საცეცხლე პოზიციაზე დაყენებასა და პოზიციიდან მოხსნას გარკვეული დრო სჭირდება, მართალია სულ რამდენიმე წუთით, მაგრამ ეს დროც საკმარისია იმისთვის, რომ მოწინააღმდეგემ მოასწროს ზუსტი კონტრსაბატარეო ცეცხლის გახსნა...

იმავე აგვისტოს ომის დროს ერთი "მსტა" მოწინააღმდეგის ცეცხლის შედეგად დაგვიზიანდა, ხოლო მე-4 ქვეითი ბრიგადის ბუქსირებადი ჰაუბიცების დივიზიონი კი საერთოდ დავკარგეთ...

ყარაბაღის მესამე ომის ვიდეოკადრებში ყველაზე ხშირად ჩანს, თუ როგორ უნადგურებენ აზერბაიჯანული დრონები  სომხებს ბუქსირებად საარტილერიო დანადგარებს უშუალოდ საცეცხლე პოზიციებზე...

გამოსავალი ბუქსირებადი არტილერიის თვითმავალი საარტილერიო დანადგარებით ჩანაცვლებაა, რომელსაც ბევრად უფრო სწრაფად შეუძლია საცეცხლე პოზიციის შეცვლა, თუმცა სრული პანაცეა არც ეს არის - აზერბაიჯანული დრონების მიერ სომხური თვითმავალი საარტილერიო "გვოზდიკებისა" და "აკაციების" წერტილოვანი განადგურების არაერთი ვიდეოც დაიდო.

ყარაბაღის მესამე ომმა თვალნათლივ აჩვენა, რომ ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის, ადგილზე სათანადო შენიღბვისა და მულაჟების ფართოდ გამოყენების გარეშე, საარტილერიო დანაყოფების სიცოცხლისუნარიანობა უშუალოდ საცეცხლე პოზიციებზე, ნულამდე ეცემა, თუკი მოწინააღმდეგე აქტიურად იყენებს სადაზვერვო, დამრტყმელ და კამიკაძე დრონებს.

აზერბიჯანული არმიის წარმატებული მოქმედებების გაანალიზება უკვე დაიწყო უკრაინის არმიამ და დამრტყმელი უპილოტოების გამოყენებით საარტილერიო დანადგარებით პირობითად განადგურების სცენარით ჩაატარა წვრთნები.

ჩვენს სავარაუდო და რეალურ მოწინააღმდეგეს, რუსეთს, ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში დისლოცირებული სამხედრო ბაზების შეიარაღებაში მხოლოდ სადაზვერვო დრონები გააჩნია და არ აქვს დამრტყმელი და ბარაჟირებადი კამიკაძე უპილოტოები, მაგრამ მალე რუსეთის არმიის არსენალში ასეთი თანამედოვე, საჰაერო თავდასხმის საშუალებებიც გამოჩნდება, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, როგორც ჩვენი არტილერისტებისთვის, ისე - ქართული არმიის სარდლობისთვის.