ყარაბაღის მთავარი აეროპორტიც რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ გადადის... - კვირის პალიტრა

ყარაბაღის მთავარი აეროპორტიც რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ გადადის...

სამხრეთ კავკასიაში რუსეთის არმიის განკარგულებაში უკვე სამი აეროდრომი იქნება: ოკუპირებულ აფხაზეთში -   გუდაუთის, სომხეთში - ერებუნის, ხოლო აზერბაიჯანში - ჰანკენდის...

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში რუსული სამხედრო კონტინგენტის ოპერატიულად გადასროლისთვის მოსკოვმა საჰაერო გზა გამოიყენა - ულიანოვსკიდან აფრენილი რუსული სამხედრო-სატრანსპორტო "ილები" ერევანთან, ერებუნის სამხედრო აეროდრომებზე ეშვებოდნენ.

რამდენიმე ასეთ რუსულ სატრანსპორტო "ილს" ოფიციალურმა თბილისმა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების ნება მისცა, რაც ერევნისა და ბაქოს თხოვნით ახსნა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით მფრენ საჰაერო ობიექტებს საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლის ნებას არ აძლევდა, ამიტომ ზემოხსენებულმა ფაქტმა ჩვენი საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

როგორც აღმოჩნდა, ეს ნებართვა მხოლოდ რამდენიმე დღით იყო გაცემული, რადგან ახლა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები რუსეთიდან აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გავლით (ქალაქ განჯაზე გადაფრენით) ეშვებიან ერევანში, რაც ერთი თვის წინ წარმოუდგენელი გახლდათ, მაგრამ... მალე შეიძლება, ყარაბაღში დაფუძნებული თავისი სამხედრო პლაცდარმის ლოჯისტიკური მომარაგებისთვის რუსეთს აღარ დასჭირდეს ჯერ ერევანში ჩაფრენა, საიდანაც ყარაბაღამდე მისაღწევად სამასკილომეტრიანი რთული რელიეფის სახმელეთო გზის გავლა უწევს. საქმე ის არის, რომ ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტიდან (ჰანკენდიდან) 7 კმ-ში მდებარეობს ჰოჯალის აეროპორტი, რომელიც სომხეთმა რვა წლის წინ აღადგინა, თუმცა მისი ამუშავება ვერ შეძლო, რადგან, ჯერ ერთი, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ამის უფლება არ მისცა (ისევე, როგორც არ იძლევა ოკუპირებული აფხაზეთის სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო რეისების განხორციელების უფლებას) და მეორე - აზერბაიჯანი დაიმუქრა, რომ ამ აეროპორტიდან აფრენილ პირველივე თვითმფრინავს ჩამოაგდებდა.

დღეს ამ აეროპორტს რუსული სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტი აკონტროლებს. იქ რუსმა სამხედროებმა 40 საწოლზე გაშალეს მობილური ჰოსპიტალი, რომელიც კონფლიქტის ზონაში შეყვანილ რუსულ სამხედრო კონტინგენტს უნდა მოემსახუროს.

ამ საველე ჰოსპიტლის გაშლა რუს გენერლებს უშუალოდ ჰანკენდშიც, თავინთი შტაბის სიახლოვესაც შეეძლოთ, რაც უფრო ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ აეროპორტის ტერიტორიის ამორჩევა შემთხვევითი არ ყოფილა - ჰოსპიტლის დაცვის მიზეზით, რუსები თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანენ მთლიანად ამ სამოქალაქო აეროპორტს და მას უკვე თავისი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებენ.

აეროპორტის ასფალტირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2 178 მ-ია, სიგანე - 45 მ. იგი სამგზავრო ლაინერების - "ბოინგ-737"- ისა და "ეარბას-320"-ის, ასევე, საშუალო სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღების შესაძლებლობას იძლევა, ეს კი რუსეთის გენერალიტეტს უადვილებს დამატებითი ძალებისა და შეიარაღების პირდაპირ ყარაბაღში (ერევნისა ან ბაქოს გავლის გარეშე) ოპერატიულად გადასროლას.

ჩვენ აფხაზეთის ომის მწარე გამოცდილებით ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს კონფლიქტის ზონაში აეროდრომის კონტროლს - გუდაუთის “ბომბორას“ სამხედრო აეროდრომი რუსეთმა შესანიშნავად გამოიყენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაშლელად.

ამის შემდეგ რუსეთის არმიას სამხრეთ კავკასიაში ოპერატიულად მოქმედებისთვის უკვე სამი აეროდრომი ექნება.

პირველი, ეს არის ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის “ბომბორას“ სამხედრომი აეროდრომი, რომლის 3 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი არმირებული ბეტონისგანაა დამზადებული და ყველა ტიპის თვითმფრინავის მიღება შეუძლია, მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო "რუსლანების" ჩათვლით.

მეორე აეროდრომი, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს ჩვენს რეგიონში, სომხეთში, ერევნის სამხრეთით განთავსებული, ერებუნის სამხედრო-საჰაერო ბაზაა, რომელიც ორმაგ, სომხურ-რუსულ დაქვემდებარებაშია.

საგულისხმოა, რომ ერებუნის აეროპორტი, რომელიც ერევნის პირველ მთავარ საჰაერო კარიბჭეს წარმოადგენდა, 1938 წელს გაიხსნა და იქიდან პირველი საჰაერო რეისი თბილისში შესრულდა.

დღეს ერებუნის საჰაერო ბაზაზე, სომხეთის არმიის კუთვნილ შვეულფრენებთან და სამხედრო-სატრანსპორტო "ილ-76"-ებთან ერთად, განთავსებულია რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების კუთვნილი 18 ერთეული "მიგ-29" ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი, ასევე - "მი-24" და "მი-8მტ" ტიპის შვეულმფრენების ესკადრილია. სხვათა შორის, ის რუსული "მი-24", რომელიც აზერბაიჯანელმა მეზენიტეებმა 9 ნოემბრის ღამეს, ცეცხლის შეყვეტის ხელშეკრულების მოწერის მომენტში, ნახიჩევანის საზღვართან შეცდომით ჩამოაგდეს, სწორედ ერებუნიდან იყო აფრენილი.

ერებუნის აეროდრომის ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2 784 მ-ია, სიგანე 40 მ და მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღების საშუალებას იძლევა.

კონტროლირებადი აეროდრომების ქსელის გაფართოება რუსეთის არმიას სამხრეთ კავკასიაში ოპერატიულად მოქმედების შესაძლებლობებს უფართოებს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს