რაკეტების "სტუმრობა" არ გეგონოთ ხუმრობა, ანუ ომების საოცრებები... - კვირის პალიტრა

რაკეტების "სტუმრობა" არ გეგონოთ ხუმრობა, ანუ ომების საოცრებები...

უცნაურობები და დაუჯერებელი ამბები ომებში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა, მაგრამ, ძირითადად, ბოლო ათწლეულებში, რაც ძალზე განვითარდა ფოტოვიდეოტექნიკა და მობილური ტელეფონები, თითქმის, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. უკვე ფიქსირდება საბრძოლო მოქმედებების ის დეტალები, რაც ერთი შეხედვით აბსოლუტურად დაუჯერებლად მოგეჩვენებოდათ...

ეს განსაკუთრებით დაკავშირებულია იმ რაკეტებთან, რომლებსაც საბრძოლო ქობინად კასეტური მუხტი ეყენათ და მიწაზე დაცემამდე ამ კასეტებს ჯერ კიდევ ჰაერში ფანტავდნენ, რის გამოც, მიწაზე დაცემისას ამ რაკეტების კორპუსები არ ფეთქდებოდა, ისინი მიწაში ერჭობოდნენ და პატარა ფრაგმენტებად არ იშლებოდნენ.

არცთუ იშვიათად ეს რაკეტები საბრძოლო ქობინის გარეშე ისეთი სიზუსტით ეცემოდნენ, რომ ასეთი "წერტილოვანი" დამიზნება, უბრალოდ, თეორიულადაც კი შეუძლებლად მოჩანდა, თუმცა დავიწყოთ თანმიმდევრობით:

1. რუსული "ტოჩკა" ქართული სამხედრო პოლიციის "ნივას" კაპოტზე დაეცა

ამ ფოტომ აგვისტოს ომის დროს მსოფლიოს მასმედიის ყურადღება მიიქცია და ზოგიერთი რუსული რაკეტების გასაოცარ სიზუსტეზე ალაპარაკდა.

სინამდვილეში კი, ოჩამჩირიდან ფოთის მიმართულებით გამოშვებული სამი ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა Точка-У -დან ერთ-ერთის ძრავის ნაწილი (მანამდე ამ რაკეტების კასეტური ნაწილები ფოთის სამხედრო და სავაჭრო პორტების თავზე გაიფანტა და მრავალი აფეთქებით ადამიანების სიცოცხლე შეიწირა) სრულიად შემთხვევით დაეცა ქართული არმიის სამხედრო პოლიციის "ნივას" და, ბუნებრივია, არ აფეთქებულა.

2. "სმერჩმა" კუნგი "ჩათალა" ეს ფოტო კი უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას არის გადაღებული, როდესაც პრორუსი სეპარატისტების მიერ გაშვებულმა "სმერჩის" უმართავი რაკეტის კორპუსმა (კასეტური ქობინის გაფანტვის შემდეგ) უკრაინის არმიის სატვირთო "ზილის" კუნგი "ჩათალა", ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით...

3. აზერბაიჯანულმა "სმერჩმა" სომხური "ზილი“ მიწას "მიაჭედა"

ეს ფოტო კი სულ ახალია, ყარაბაღის მესამე ომიდან, სადაც მოჩანს, რომ სომხური არმიის "ზილ-131"-ის კაპოტში აზერბაიჯანელების მიერ გაშვებული "სმერჩის" რაკეტის ნაწილი (საბრძოლო ქობინის გარეშე) ისეთი სიზუსტით მოხვდა, რომ 300 მმ დიამეტრის რაკეტა "ზილის" ძრავასა და რადიატორს შორის "გაძვრა" და მიწაში ჩაერჭო...

ხომ დაუჯერებელია? - მაგრამ ფაქტია...

4. სომხური "სმერჩი" აზერბაიჯანელს მაგიდაზე "ესტუმრა"

ეს კი დაუჯერებელზე დაუჯერებლად მოჩანს, მაგრამ ფოტოფაქტს ვერსად წაუხვალ - სომხების მიერ რამდენიმე ათეული კმ-იდან გაშვებული "სმერჩის" უმართავი რაკეტა აზერბაიჯანულ ტერტერში ადგილობრივ მოსახლეს ოჯახში, ზედ მაგიდაზე "ესტუმრა" და "წარუშლელი" კვალი დაუტოვა...

"სმერჩის" რაკეტა იმიტომ არ აფეთქდა, რომ, როგორც ზემოთ ხსენებულ შემთხვევებში, მისი კასეტური ქობინი მიწაზე დაცემამდე რამდენიმე წამით ადრე რაკეტის კორპუსს უკვე მოცილებული იყო.

5. გორში, ჭერიდან ჩამოვარდნილი რუსული "ისკანდერი"

აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ქართული ქალაქების მიმართულებით ორ ათეულზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გამოუშვა. მათ შორის, "ტოჩკასა" და "ტოჩკა-უ"-ს გარდა, ორი უახლესი "ისკანდერიც" იყო. ერთ-ერთმა "ისკანდერმა" გორის ცენტრის თავზე გაფანტა კასეტური ქობინის საბრძოლო ელემენტები (რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - ნიდერლანდელი ჟურნალისტიც), ხოლო თავად საცხოვრებელი კორპუსის სახურავს დაეცა, ჩაამტვრია და საძინებელ ოთახში საწოლთან "დაეშვა"...

ასე აღმოჩნდა იმ დროისთვის ზესაიდუმლო რუსული კვაზიბალისტიკური რაკეტის (რომელზეც ამერიკული სპეცსამსახურები მრავალი წელი "ნადირობდნენ") ფრაგმენტები ქართული ოჯახის დაუპატიჟებელი "სტუმარი".

6. ყარაბაღის ომში "სმერჩების" უცნაური "დამიწების" სხვა ფაქტებიც...

სომხების მიერ გაშვებული "სმერჩის" რაკეტა (ქობინის გარეშე) აზერბაიჯანის მინგეჩაურის ელექტროსადგურის წინ ჩაერჭო

7. ყარაბაღში, სომხურ სასაფლაოზე დაცემული აზერბაიჯანული "სმერჩი"

8. სტეფანაკერტში (ჰანკენდში) აზერბაიჯანული "სმერჩის" "სტუმრობა" აივანზე

9. აზერბაიჯანელ სოფლელს დილით სახლის წინ "ამოსული" "სმერჩის" "ხე" დახვდა...

10. ჯავშანტექნიკის ტარანი

ტარანი, როდესაც საბრძოლო ტექნიკას ერთმანეთს შეგნებულად აჯახებენ, თურმე, მარტო ჰაერში, ავიაციაში არ ხდება. ეს ფოტო ერთი თვის წინაა გადაღებული, ყარაბაღის მესამე ომის დროს და მასზე მოჩანს, რომ БТР-82А ტიპის ჯავშანტრანსპორტიორით აზერბაიჯანელმა მძღოლ-მექანიკოსმა შუბლა ტარანი განახორციელა სომხური БМП-2 ტიპის საბრძოლო მანქანაზე...

შეიძლება ეს მისი ბოლო გამოსავალი გახლდათ, რადგან ახლო ბრძოლაში სომხების ქვეითთა საბრძოლო მანქანა აშკარად დაჯაბნიდა აზერბაიჯანულ ჯავშანტრანსპორტიორს (მიუხედავად იმისა, რომ ორივე 30 მმ-იანი კალიბრის ავტომატური ქვემეხებით იყო შეირაღებული), რადგან ჯავშანტრანსპორტიორის შუბლა ჯავშანი მხოლოდ 10 მმ-ია, ხოლო ბმპ-ესი კი - 15-30 მმ. თანაც ამ უკანასკნელს დიზელის ძრავა კორპუსის წინა ნაწილში უყენია, რაც პასიური დაცვის კიდევ ერთი კარგი საშუალებაა.

როგორც შემდეგ გაირკვა, ამ სასოწარკვეთილი ტარანით აზერბაიჯანელმა მძღოლ-მექანიკოსმა თავისი თავიც გადაირჩინა და ჯავშანტრანსპორტიორის ეკიპაჟიც დაღუპვას გადაარჩინა.

11. მობილურმა ტელეფონმა ტყვია "დაიჭირა" და სიცოცხლე აჩუქა...

27 წლის აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ასიფ მურადლი ამ უბრალო მობილურ ტელეფონს სიცოცხლეს უნდა უმადლოდეს, რადგან მოწინაღმდეგის მიერ ნასროლმა ტყვიამ ის ჯერ ხელში დაჭრა და შემდეგ გულს "უმიზნებდა" "გზაში" ეს ტელეფონი, რომ არ გადაყროდა, რომელიც აზერბაიჯანელ ჯარისკაცს გულის ჯიბეში ედო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს